Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიზალიბერალიზაციის“ ერთი წელი


ერთი წელი გავიდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 192,5 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით და 258,6-მა ათასჯერ იმოგზაურა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. უარი საზღვრის გადაკვეთაზე ეთქვა მხოლოდ 1001 ადამიანს.

უვიზო რეჟიმის გამოწვევები

  • 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 35 %-ით გაიზარდა.
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული.
  • საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, 10 ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით სარგებლობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, ამ პერიოდში თავი იჩინა ასევე გარკვეულმა გამოწვევებმა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა და ქართული წარმომავლობის კრიმინალების მაღალი რაოდენობაა.

„ამ საკითხებზე წუხილის ღიად გამოთქმის მიუხედავად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს. ეს საკითხები არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში და არც კავშირის წევრ სახელმწიფოებში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

აღსანიშნავია ის, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეები მოტივებად ყველაზე ხშირად ოჯახის გამთლიანებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

„ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხშირად თავშესაფრის მიღების სურვილი ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული, ანუ მოქალაქე აღნიშნავს, რომ თუ ის დაბრუნდება სამშობლოში, ვერ მიიღებს შესაბამის მკურნალობას. ევროპელ პარტნიორებს მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ჯანდაცვის სისტემასა და იმ პროგრამებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს“, - განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, რომლის ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული ჰყავს ევროკავშირის თორმეტ ქვეყანას (ასევე ლიხტენშტეინს, ისლანდიას და შვეიცარიას).

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 35 %-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ავსტრიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 100 %-ით გაიზარდა.

„თავშესაფრების მაძიებელთა რაოდენობის ამგვარი ზრდა შეიძლება ჩაითვალოს პირველი ტალღის ეფექტად, ანალოგიური ვითარება იყო სხვა ქვეყნებშიც, რომელთა მოქალაქეებმაც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება მიიღეს. ეს ტენდენცია ნელ-ნელა დაიკლებს“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

„ევროპაში საქართველოს იმიჯის სერიოზული პრობლემა აქვს", - ამბობს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეების პასუხად “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი:

სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

“საქართველოს მანამდე ექნება პრობლემები, ვიდრე ქუჩაში თავისუფლად იმოქმედებენ ექსტრემისტული ჯგუფები და ამაზე ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური რეაგირება. მაინტერესებს, ე. წ. “ქართული მარშისა“ და სხვა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები რამდენად აისახება თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მდგომარეობის განხილვისას. ამ ქვეყანას აქვს იმიჯის სერიოზული პრობლემა ევროპაში. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმის პრობლემა უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ევროპაში არ არის ადეკვატური და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხარჯავს მილიონ-ნახევარ დოლარს, რომ გასწიოს რეკლამა ერთ-ერთ რუსულ არხზე. ეს ხდება იმ ფონზე, როცა არარუსულ საინფორმაციო წყაროებში გასულ რეკლამაზე სულ დახარჯულია 3 მლნ დოლარი“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძის თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, რომ დანაშაულის მაჩვენებელი არ გაზრდილა.

იმდენად ეფექტიანია პოლიციის ატაშეების მუშაობა, რომ გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოოთ. უახლოეს ხანში საქართველოს შს სამინისტროს ატაშე დაინიშნება ბელგიასა და ჩეხეთში...
ნინო ჯავახაძე

„გერმანიაში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. ამასთან, გერმანიაში ქართველი დამნაშავეები უცხოელი დამნაშავეების მხოლოდ 0,8 %-ს შეადგენენ, ავსტრიაში ქართველი კრიმინალების წილი კი 0.9 %-ია“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, 10 ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ხელშეკრულების გასაფორმებლად. ნინო ჯავახაძის თქმით, ეფექტიანი გამოდგა პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. საქართველოს ევროკავშირის რვა ქვეყანაში ჰყავს პოლიციის ატაშე. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

„იმდენად ეფექტიანია პოლიციის ატაშეების მუშაობა, რომ გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოოთ. უახლოეს ხანში საქართველოს შს სამინისტროს ატაშე დაინიშნება ბელგიასა და ჩეხეთში. ჩეხეთის ატაშე გადაფარავს უნგრეთსა და სლოვაკეთს, შვედეთისა - დანიას, ნორვეგიასა და ფინეთს. ესპანეთიდან მოხდება პორტუგალიის, ხოლო საბერძნეთიდან კვიპროსის, ბულგარეთის, ალბანეთისა და სერბეთის დაფარვა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG