ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, კრემლმა „არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება“, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 დეკემბერსავე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში არ მიუტანია. არსებული მტკიცებულებები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე უკრაინული დრონების იერიში დეზინფორმაციაა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეიკი უწოდა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან ამის შესახებ აცნობა მომლაპარაკებელთა ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებთანაც კიევი უკრაინაში ომის დასრულების პირობებს განიხილავს.
„ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობები იმის შესამოწმებლად, რომ ეს ნამდვილად ტყუილი იყო“, - თქვა ზელენსკიმ. მისი აზრით, ვალდაის რეზიდენციაზე იერიშის შესახებ რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები შესაძლოა უკავშირდებოდეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის წარმატებულ მოლაპარაკებას, რომელიც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.
რუსეთის განცხადებები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე 91 დრონით მიიტანეს იერიში. ლავროვის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი ჩამოაგდო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საპასუხოდ, მოსკოვი გადახედავს მოლაპარაკებაში თავის პოზიციას „მოლაპარაკებებიდან საბოლოო გასვლის გარეშე“ და, რომ განახორციელებს საპასუხო დარტყმას, „რომლის დრო და სამიზნეები უკვე განსაზღვრულია“.
29 დეკემბერს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ჩამოაგდო 89 დრონი, რომელთაგან 18 ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონების ნახევარი მეზობელ რეგიონებში ჩამოაგდეს, რის გამოც მოსკოვმა მათ შესახებ 29 დეკემბრის დილით არანაირი განცხადება არ გააკეთა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით დილის 7-დან 9 საათამდე რეგიონში კიდევ 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
გამოცემა RBC-ის თანახმად, პუტინის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე უკრაინული დრონების თავდასხმა ფაქტობრივად აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულებისთანავე მოხდა.
„ვლადიმირ პუტინმა თავისი კოლეგის, დონალდ ტრამპის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის მხარემ მარ-ა-ლაგოში გამართული მოლაპარაკების რაუნდი წარმატებულად გამოაცხადა, კიევის რეჟიმმა თითქმის მაშინვე განახორციელა ტერორისტული თავდასხმა“, - განაცხადა უშაკოვმა 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ კიევმა შორი მოქმედების დრონები გამოიყენა.
29 დეკემბრის საღამოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმაზე რუსეთის პასუხი დიპლომატიური არ იქნება“.
უკრაინისა და აშშ-ის რეაქცია
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინმა მას მიაწოდა ინფორმაცია ვალდაიში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ: „პუტინმა ამის შესახებ დღეს დილით ადრე მითხრა. მან თქვა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. ეს კარგი არ არის. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე [“ტომაჰავკის”] რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა. ერთია იყო აგრესიული და მეორე - მის სახლზე თავდასხმა. ახლა ამგვარი ქმედებების დრო არ არის“, - თქვა დონალდ ტრამპმა. კითხვაზე, მიიღო თუ არა მან იერიშის მტკიცებულებები აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებისგან, ტრამპმა დასძინა, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას „კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდა. მისი თქმით, რუსეთი ასე ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას და ასევე ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე იერიშის მისატანად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია
31 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ ალექსანდრ რომანენკოვის ანგარიში უკრაინული დრონების მიერ პუტინის რეზიდენციაზე მიტანილი იერიშის შესახებ.
„2025 წლის 28-29 დეკემბერს, კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. 2025 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 19:20 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების რადიოტექნიკური ჯარების ქვედანაყოფებმა დააფიქსირეს უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან გამოშვებული უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე მოძრავი უპილოტო საფრენი აპარატების იერიში, რომელიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. საუბარია ბრიანსკის, სმოლენსკის, ტვერისა და ნოვგოროდის ოლქების თავზე მოძრავ 91 დრონზე. საჰაერო ბრძოლის დროს, ყველა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებული იქნა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ბრიფინგზე წარადგინა რუკები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავენ უკრაინული დრონების მოძრაობის მიმართულებასა და განადგურების ადგილებს:
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოგდებული იქნა 49 დრონი:
- 28 დეკემბერს, საღამოს 20:27 საათიდან საღამოს 21:16 საათამდე - ორი დრონი;
- 28 დეკემბერს, ღამის 23:15 საათიდან 29 დეკემბერს, ღამის 00:07 საათამდე - 17 დრონი;
- 29 დეკემბერს, ღამის 00:51 საათიდან ღამის 01:07 საათამდე - სამი დრონი;
- 29 დეკემბერს, ღამის 02:05 საათიდან ღამის 03:56 საათამდე - 27 დრონი;
- 29 დეკემბერს, ღამის 01:50 საათზე, სმოლენსკის ოლქის თავზე - ერთი დრონი;
რუსეთის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ნოვგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 41 უკრაინული დრონი:
- 29 დეკემბერს, დილის 15:18 საათიდან დილის 17:01 საათამდე - 11 დრონი;
- 29 დეკემბერს, დილის 6:20 საათიდან დილის 7:13 საათამდე - 12 დრონი;
- 29 დეკემბერს, დილის 7:46 საათიდან დილის 8:30 საათამდე - 18 დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიანსკის, სმოლენსკის და ნოვგოროდის რეგიონებზე მასობრივი შეტევის მოსაგერიებლად გამოყენებული იქნა საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო სისტემები.
„იერიშის ფორმა, საჰაერო თავდასხმის საშუალებების რაოდენობა და მათი მოქმედებები სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით ნათლად ადასტურებს, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმა იყო მიზანმიმართული, საგულდაგულოდ დაგეგმილი და მრავალშრიანი“, - განაცხადა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ რომანენკოვმა, რომლის თქმითაც, კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მოგერიების შედეგად, რუსეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა მსხვერპლი ან ზარალი, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია არ დაზიანებულა.
დამოუკიდებელი გამომძიებლების მონაცემები
„ამ სავარაუდო დარტყმის გარემოებები არ შეესაბამება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ობიექტებზე სხვა შემთხვევებში ნამდვილად მიტანილი იერიშის დროს შექმნილ სურათს“, - ნათქვამია ISW-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში:
„რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები, როგორც წესი, ტოვებს კვალს, რომლის პოვნაც ღია წყაროებშია შესაძლებელი. ეს კვალი მოიცავს საჰაერო თავდაცვის ოპერაციების, აფეთქებების, ხანძრების ან სამიზნე ადგილებთან ახლოს კვამლის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ხშირად გეოლოკაციით არის განსაზღვრული; რუსეთის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების განცხადებებს, რომლებიც, როგორც წესი, აკნინებენ უკრაინის წარმატებულ დარტყმებს და მათ ჩამოგდებული დრონების „ნამსხვრევებს“ უწოდებენ; და ადგილობრივი წყაროებისა და მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს ასეთი ადგილების ხანძრის ან ობიექტების დაზიანების შესახებ“.
ISW-მ ვერ მიაკვლია ვერცერთ ასეთ ვიდეოჩანაწერს. მსგავსი არაფერი გავრცელებულა ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცება, ნოვგოროდის ოლქში 89 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ, ეწინააღმდეგება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 28-29 დეკემბრის ღამეს რეგიონში 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
“სხვა დროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაერთი სამიზნე აქვთ განადგურებული ნოვგოროდის ოლქში, რაც ყველა შემთხვევაში დასტურდებოდა უამრავი მტკიცებულებით. ამჯერად კრემლმა არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინამ 29 დეკემბერს პუტინის რეზიდენცია დაბომბა“, - ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ტექსტში ასევე მოყვანილია მედია საშუალება “სოტას” პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც, ვალდაის მცხოვრებლებს 28-29 დეკემბერს არ გაუგიათ საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის (სროლის, აფეთქებების) ხმა, არა და, თავდასხმის შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმაური შეუმჩნეველი არ დარჩებოდა რეგიონის ათასობით მცხოვრებს.
“სოტას” მიხედვით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან გაშვებულ დრონებს მოუწევდათ მკაცრად დაცული რუსეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთა, მათ შორის მრავალი სტრატეგიული სარაკეტო ძალების ობიექტისა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებისა, სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა ობიექტებისა, რომლებიც ან გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის ქვეშ იქნებოდნენ, ან თავად იმოქმედებდნენ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო ქოლგის მსგავსად.
ISW-ის ანალიტიკური სტატიის დასკვნის თანახმად, უკრაინა ვალდაიში პუტინის რეზიდენციაზე დარტყმას შეძლებდა მხოლოდ „სასწაულის“ შემთხვევაში ან რუსეთის განზრახ სამხედრო დაუდევრობის შედეგად.
პუტინის რეზიდენცია დაცულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით
2024 წლის ივლისში გამოქვეყნებულ რადიო თავისუფლების გამოძიებაში ნათქვამი იყო, რომ პუტინის ვალდაის რეზიდენციის გარშემო განლაგებულია "Панцырь-С1" ტიპის რამდენიმე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
გამოძიება ეფუძნებოდა თანამგზავრულ სურათს და სხვა მტკიცებულებებს, რომლებსაც ჟურნალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში აანალიზებდნენ. იდენტიფიცირებული იქნა 19 საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყოს. სხვა სიტყვებით, პუტინის რეზიდენცია კარგად არის დაცული საჰაერო იერიშებისგან, ყოველ შემთხვევაში იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე რუსეთში მდებარე ნებისმიერი სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი.
მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემა "Панцирь-С1" - არ არის ყველაზე ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ექსპერტთა შეფასებით, პუტინის რეზიდენცია მართლაც რომ ყოფილიყო დრონების მასობრივი თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, ის გადაიტვირთებოდა და ზოგიერთი დრონი შესაძლოა მიზანსაც მიაღწევდა. თუმცა, როდესაც რუსეთის რეგიონებში დრონების მასობრივი იერიში ხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, პირველი აკეთებს განცხადებას, რასაც მოჰყვება ხოლმე ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების და მერების განცხადებები. ასევე სოციალურ ქსელებში იდება ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებული ფოტოები, ვიდეოები ან ვითარების ტექსტური აღწერები.
დრონები რუსეთის სხვა რეგიონებში
როგორც ქალაქი ვალდაი, ასევე მთლიანად ნოვგოროდის ოლქი, მეჩხრად დასახლებული ადგილებია. თუმცა, დრონების მასობრივი თავდასხმა რომ მართლა განხორციელებულიყო, პუტინის რეზიდენციის მახლობლად მდებარე ქალაქში ადგილობრივი მაცხოვრებლები, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის (გასროლების, აფეთქებების) ხმას. საგულისხმოა, რომ არც ვალდაის ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია დრონების იერიშთან დაკავშირებული არანაირი ცნობა.
29 დეკემბრის დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც არაფერი უთქვამს დრონების მასშტაბური თავდასხმის შესახებ, თუმცა იმ საღამოს ლავროვმა, უშაკოვმა და პუტინმა, სავარაუდოდ, ტრამპთან საუბრისას ახსენეს 91 უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შემდეგ განაცხადა, რომ ამ რიცხვში შედიოდა ბრიანსკის ოლქში (სამხრეთით ასობით კილომეტრის დაშორებით) ჩამოგდებული დრონები, რომლებიც ვითომ პუტინის რეზიდენციისკენ მიემართებოდნენ. 29 დეკემბერს ნოვგოროდის მოსაზღვრე ტვერის ოლქიდანაც გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული დრონების ჩამოგდების შესახებ. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ტვერის ოლქში ჩამოგდებული ეს დრონები არ შეეტანა ზემოხსენებულ რიცხვში.
ISW ვარაუდობს, რომ კრემლი პუტინის რეზიდენციაზე გამოგონილ თავდასხმას გამოიყენებს საბაბად, გაამართლოს თავისი უარი ნებისმიერ სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც შესაძლოა უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მოლაპარაკებების შედეგი იყოს.
„2025 წლის იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი ძალისხმევა მიმართა ომის დასრულებისკენ, კრემლი ყველანაირად ცდილობს მოლაპარაკებების გადადებას და გახანგრძლივებას, რათა განაგრძოს ომი შეფერხების გარეშე, თავიდან აიცილოს აშშ-ს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლას“, - ასკვნის ISW, ომის შესწავლის ინსტიტუტი.
ფორუმი