Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიმუნის ყვავილი (Mpox) - რა უნდა ვიცოდეთ


ექიმი მეთვალყურეობს მაიმუნის ყვავილით (Mpox) დაავადებულ პაციენტს, სამკურნალო ცენტრში მუნიგიში, აღმოსავლეთ კონგოში, 16 აგვისტო, 2024 წ.
ექიმი მეთვალყურეობს მაიმუნის ყვავილით (Mpox) დაავადებულ პაციენტს, სამკურნალო ცენტრში მუნიგიში, აღმოსავლეთ კონგოში, 16 აგვისტო, 2024 წ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახლო კონტაქტით გადამდები ვირუსული ინფექციის, „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემიამ წელს უკვე მეორედ შექმნა საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში. აი, რას ნიშნავს ეს: 

რა არის გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა?

“საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში“ არის ჯანმოს განგაშის უმაღლესი ფორმა. მას აცხადებენ იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ახალი ან უცნობი გზებით ვრცელდება. განგაშის გამოცხადების მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებისა და დაფინანსების მობილიზება აფეთქებასთან საბრძოლველად.

რატომ გახდა "მაიმუნის ყვავილი" კვლავ საგანგაშო?

"მაიმუნის ყვავილის" აფეთქების გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორი წლის წინაც. მაშინ დაავადების ერთ-ერთი ფორმა სწრაფად გავრცელდა იმ მამაკაცებს შორის, რომელთაც სექსუალური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. თუმცა საერთაშორისო ძალისხმევით, მათ შორის ვაქცინაციით, ეს აფეთქება კონტროლის ქვეშ მოექცა.

ამჟამინდელი აფეთქება კონგოს ისტორიაში ყველაზე მძიმეა. 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული, დაფიქსირდა დაავადების 27 000 შემთხვევა და 1 100-ზე მეტი სიკვდილი, ძირითადად - ბავშვებში.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის NIAID მიერ გავრცელებულ სურათზე ჩანს მაიმუნის ყვავილის ნაწილაკები (წითელი) ინფიცირებულ უჯრედში (ლურჯი)
ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის NIAID მიერ გავრცელებულ სურათზე ჩანს მაიმუნის ყვავილის ნაწილაკები (წითელი) ინფიცირებულ უჯრედში (ლურჯი)

დაავადება მიმდინარეობს გრიპის მსგავსი სიმპტომებითა და ჩირქიანი წყლულებით. როგორც წესი, ის მსუბუქი ფორმით ვლინდება, მაგრამ სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია. გართულებების რისკი მაღალია ბავშვები, ორსულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, მაგალითად, აივ ინფიცირებულებში.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ორი შტამი ვრცელდება: ვირუსის ენდემური ფორმა და მისი ახალი განშტოება.

ვირუსის ამ ახალმა ფორმამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია, რადგან, როგორც ჩანს, სწრაფად ვრცელდება და მასზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. ის ვრცელდება როგორც სქესობრივი კონტაქტით, ასევე სხვა სახის ახლო კონტაქტებით. მაგალითად, კონგოს ცალკეულ რეგიონებში დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვებს შორის. ის აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში გავრცელდა, შემდეგ კი - უგანდაში, ბურუნდიში და კენიაში.

რა ვითარებაა ახლა?

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საგანგაშო მდგომარეობა დააჩქარებს მედიკამენტებისა და დაფინანსების მიწოდებას კონგოში, რათა დაეხმარონ ადგილობრივ ხელისუფლებას აფეთქებასთან გამკლავებაში. საჭიროა ასევე ვირუსის უკეთ შესწავლა, რათა ამანაც შეაჩეროს გავრცელება.

2022 წელს ჯანმოს მოწოდებას 34 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების საჭიროებაზე დონორები სკეპტიკურად შეხვდნენ, რის გამოც, ვაქცინაზე წვდომის თვალსაზრისით, უთანასწორობა შეიქმნა. სიტუაცია არ შეცვლილა ორი წლის შემდეგაც, თუმცა ჯანმო და აფრიკის CDC აცხადებენ, რომ დოზების მოსაპოვებლად არსებობს გეგმა, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

მედდა ამზადებს შპრიცს მაიმუნის ყვავილის (Mpox) საწინააღმდეგო ვაქცინით პაციენტის აცრისთვის ვაქცინაციის ადგილზე ნიუ-იორკში, 2022 წლის 30 აგვისტო.
მედდა ამზადებს შპრიცს მაიმუნის ყვავილის (Mpox) საწინააღმდეგო ვაქცინით პაციენტის აცრისთვის ვაქცინაციის ადგილზე ნიუ-იორკში, 2022 წლის 30 აგვისტო.

მე თუ მაქვს სანერვიულო?

"მაიმუნის ყვავილი" ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემაა. მან მსოფლიოში იმსხვერპლა ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მისი ერთ-ერთი ფორმა კი შესაძლებელია ახალი გზებით ვრცელდებოდეს აფრიკის სხვადასხვა ნაწილში.

მაგრამ ის არ არის COVID-19. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ჰაერში ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც კოვიდი. არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც დადასტურებულად მუშაობენ და შეძლებენ გავრცელების შეჩერებას და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დახმარებას.

ახლა გამოწვევა ის არის, რომ ამ ზომებმა უფრო ეფექტურად და სწრაფად მიაღწიოს მათთან, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდება კონგოსა და მეზობელ ქვეყნებში.

თარგმანი: ანასტასია კურდღელია

ფორუმი

XS
SM
MD
LG