Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 მაისს


ეპიდმდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 713

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 475

კარანტინში - 3519

სტაციონარში - 351

მსოფლიოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 5 018 657 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მუდმიავად ახლდება.

ინფიცირების კუთხით პირველ ადგილზეა აშშ (1 573 777), მეორეზე - რუსეთი (308 705), შემდეგ ადგილებზე კი მოდიან: ესპანეთი (278 885) და ბრაზილია (271 885). რაც შეეხება გარდაცვლილებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი შემთხვევა (93 699) აშშ-შია.

საქართველოში კი კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 713-ია. აქედან 475 გამოჯანმრთელებუული პაციენტია. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე კი პარლამენტი ცვლილებების მისაღებად ემზადება.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. მას მიაჩნია, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.

წაიკითხე მეტი.

კელი დეგნანი კონგრესმენების წერილებზე - "მათ სურთ საქართველომ აისრულოს ოცნება - ჰქონდეს უფრო თავისუფალი, მძლავრი დემოკრატიული საზოგადოება"

აშშ-ის ელჩმა საქართველოში უარი განაცხადა შეეფასებინა ამერიკელი კონგრესმენების ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები და წერილები, რომლებიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა. 20 მაისს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე მან ასეთი განმარტება გააკეთა:

„ყოველთვის ვყოყმანობ აშშ-ის ხელისუფლების სხვა შტოს მოქმედებებზე კომენტირების საკითხზე, რადგან კონგრესი არის ძალიან დამოუკიდებელი და ძალიან ამაყიც ასეთი დამოუკიდებლობით აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. რაშიც შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, არის ის, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც აშშ-დან მოდის, მოდის ადამიანებისგან, ჯგუფებისგან, რომლებსაც გულწრფელად სურთ საქართველოს წარმატება. მათ სურთ, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ სურთ, რომ საქართველომ აისრულოს მისივე ოცნება - ჰქონდეს უფრო თავისუფალი, მძლავრი დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც იქნება აგრეთვე ეკონომიკურად განვითარებული და თავის ხალხს შესთავაზებს მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის იმსახურებს. ვფიქრობ და იმედს ვიქონიებდი, რომ ნებისმიერი სახის გამოხმაურება, რომელსაც საქართველო იღებს, სწორედ ამ სულისკვეთებით და საქართველოს წარმატების ხელშეწყობის სურვილით არის გამსჭვალული“.

აშშ-ის ელჩმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესი დააყენა პირად მოსაზრებებზე წინ.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში დღეს განიხილავს

პარლამენტში 12:00 საათზე საგანგებო სესიის პლენარული სხდომაა დანიშნული. მასზე განიხილება ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში. ცვლილებების მიხედვით, თუკი მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ასე სჭირდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეგვეზღუდოს თავისუფლად გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.

ცვლილებები პარლამენტმა 23 მაისამდე უნდა განიხილოს და შემდეგ მხარი დაუჭიროს მას. 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჩერდება. პირველი განხილვა 19 მაისს უკვე შედგა, რამაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მთავრობისთვის ამხელა უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხის შემცველად თვლიან.

კიდევ ერთი დაღუპული ახალგორიდან

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.

63 წლის ჯუმბერ მილაძე ახალგორის რაიონის სოფელ ალევში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ინსულტის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. მისმა მეუღლემ ახალგორის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვა ავადმყოფის თბილისში გადაყვანის ნებართვა, მაგრამ ჩაკეტილი ე. წ. საზღვრის გამოუარს ეუბნებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი,როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 5 დღის განმავლობაში მას ცხინვალის კლინიკაში მკურნალობდნენ, ამ დროს ოჯახი პაციენტის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ 19 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, პაციენტი წითელი ჯვრის მეშვეობით საქართველოს კლინიკაში გადაეყვანათ სამკურნალოდ. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა ერგნეთ-კარალეთის გზის მონაკვეთზე. გარდაცვლილის შვილი, ნინო მილაძე, აცხადებს, რომ მათი არაერთი მცდელობა, დე ფაქტო ხელისუფლებისგან ჯუმბერ მილაძის გადმოყვანის ნებართვა მიეღოთ, უშედეგო აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი.

ბოლო ზარი

2020 წლის 20 მაისს სკოლა 2002 წელს დაბადებულებმა დაამთავრეს. რიცხვების ეს განსაკუთრებული განლაგება არაფერ შუაშია, ყველაფერი პანდემიის ბრალია. თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, არ ყოფილა არც ბოლო ზარი, არც თეთრი პერანგები, არც ფერადი ფლომასტერებით გაკეთებული წარწერები, არც სკოლის ჰიმნები, არც ბანკეტები და, მოკლედ, არაფერი ის, რაც, როგორც წესი, სკოლის დამთავრებას მოჰყვება ხოლმე. COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა, მეთორმეტეკლასელების გეგმები რადიკალურად შეცვალა.

როგორია ბოლო ზარი პანდემიის დროს - წაიკითხე მოსწავლეებისა და მასწავლებლების ემოციები და მილოცვები ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

  • მადონას არ უნდა თავის მოკვლა. მაგრამ მან მაინც იშოვა ბენზინი, თბილისის მერიასთან მივიდა, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მას სურდა ისე ხმამაღლა ეყვირა, რომ მისი ამბავი ფეისბუკზე გულგრილად კი არ „ჩაესქროლათ“, ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი პროტესტი იმ ტკივილის გამო, რა ტკივილით და სირთულეებითაც ცხოვრობენ დღეს საქართველოში ტრანსგენდერი ქალები.
  • მადონა საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ხარისხის დამწვრობით, სადაც 17 გრძელი დღე გაატარა. და ამ 17 დღის შემდეგ ის რადიო თავისუფლებას უყვება იმაზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რას ფიქრობს დღეს, როგორ დარჩა 14 წლის ასაკში ქუჩაში, როგორ ჩაერთო იძულებით სექსსამუშაოში ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, როგორ უნდა, ამ საქმეს შეეშვას, ისწავლოს და უბრალოდ, იყოს ბედნიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG