ბორის ჯონსონი მიდის. რატომ და რა იქნება ახლა?
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი პოსტსა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მას საკუთარმა გუნდმა ორი რამ არ აპატია:
- 2020 წელს პანდემიის დროს წვეულების გამართვა, როცა კარანტინი ამ ქმედებას კრძალავდა.
- მისი ადმინისტრაციის თანამშრომლის კრის პინჩერის მხარდაჭერა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში (2022 წლის 4 ივლისს). აღმოჩნდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და ბორის ჯონსონმა ეს იცოდა, როდესაც პინჩერს თანამდებობაზე ნიშნავდა.
თვის დასაწყისში გადადგნენ ბორის ჯონსონის თანაპარტიელები, კონსერვატორი ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. ორივემ თქვა, რომ ჯონსონთან ვეღარ ითანამშრომლებენ. მათ განცხადებებს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და მთავრობა 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა 6 ივლისს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 7 ივლისს ბრიფინგი მოიწვია და თქვა, რომ დაემორჩილება თავისი პარტიის ნებას.
ბორის ჯონსონის თანამდებობიდან წასვლა კითხვებს ბადებს, თუ რა ბედი ეწევა დიდი ბრიტანეთის მოწინავე პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის პროცესში.
„უკრაინის ხალხს ვეტყვი - ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, - თქვა ჯონსონმა, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებდა.
ასევე ნახეთ
ზელენსკიმ ბორის ჯონსონს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდაივანიშვილის იურისტები აცხადებენ, რომ Credit Suisse-ი ბიზნესმენს მორიგ შეზღუდვებს უწესებს
წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ საუბარია ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის, MKD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის წერილი კლიენტმა 2022 წლის 5 ივლისს მიიღო.
"საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიციირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება", - წერია ივანიშვილის დაქირავებული იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ კითხვა დაუსვეს გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლის სანქცირება შეაფერხებს მის მიერ დაწყებულ საქველმოქმედო პროექტებს, რაც საქართველოზე პრობლემების ირიბად შექმნის მცდელობა იქნება.
ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას.
"Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ულტიმატუმი, აბსურდი, გაშიფრული ფოკუსი“ - ოპოზიციამ საარჩევნო ბარიერის შესახებ კობახიძის ინიციატივა შეაფასა
ოპოზიციურ პარტიებს არ მოსწონთ საარჩევნო ბარიერის შესახებ კობახიძის ინიციატივა. მმართველი პარტია მზადაა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და 2024 წლის (და ყველა მომდევნო) საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ, პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს.
„ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. „ირაკლი კობახიძემ თავისი დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა სისწორე ჩვენი მიდგომის, რადგან „ქართული ოცნება“ არის თაღლითი და გადამგდები. ვიდრე ახალ ურთიერთობასა და ახალ ნდობაში შევალთ „ქართულ ოცნებასთან“, უნდა ვაიძულოთ, რომ დავაბრუნებინოთ ის, რაც აქვს შესასრულებელი. 19 აპრილის შეთანხმების პირობები ვალად აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს აქვს შესასრულებელი“, - თქვა მან.
როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები მმართველი პარტიის ინიციატივას? წაიკითხე აქ.
ომი უკრაინაში: ხარკოვზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ ხარკოვზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საშუალებით მიიტანა.
მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო დარტყმას დონეცკის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე. გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოს თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, სარაკეტო იერიშით ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის მიყენებული მასშტაბური ნგრევის გათვალისწინებით.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
რეგულირების სააგენტო კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მკურნალობის ხარვეზებზე საუბრობს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
21 ივნისით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს მიერ ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით „გამოვლინდა ტენდენციები, რაც სრულ თანხვედრაში არ არის „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის“ გაიდლაინით“, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი შვიდი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნას ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და ადვოკატები ერთი თვის შემდეგ ელოდებიან.
20 წლის ფეხბურთელი გასული წლის 10 სექტემბერს, მკურნალობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდსასტუმროდან შეიყვანა. ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებლად შეფასდა. თუმცა, ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას „საყურადღებო“ სტატუსი მიენიჭა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ამბობს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.
რა წერია დასკვნაში და რას ამბობენ საავადმყოფოში? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ღობურის აგების საშუალებას იძლევა
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ბარიერების დამონტაჟებასა და "გამონაკლის შემთხვევაში" თავშესაფრის მაძიებლებისგან 1,300 კმ საზღვრის დახურვის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ინიციატივა ფინეთის პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ კანონი დაჩქარებული პროცედურით მიიღეს. ფინეთის ხელისუფლება საზღვარზე ბარიერის აგებას ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის რეგულირების სურვილს ხსნის.
ღობურის მშენებლობისთვის საზღვრის დაცვის სამსახურს დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა.
გერმანიაში სასამართლო მოგებულია - სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები ბრძოლას განაგრძობენ
გერმანიაში სეზონურად დასაქმების მიზნით შარშან წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანულ სასამართლოში საქმე მოიგეს. 10 ივნისს, ქალაქ ულმის შრომის სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულებს ათასიდან ორი ათასამდე ევროს გადაუხდიან.
გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებულები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. ისინი საქართველოს დასაქმების სააგენტოსაც უჩივიან, პროცესი ნოემბერში უკვე ჩანიშნულია. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც გერმანიაში სასამართლო მოიგეს, ამბობენ, რომ მათი შემთხვევა გამონაკლისი არ არის, და მათსავით ბევრი სხვა დაბრუნდა იმედგაცრუებული და მოტყუებული.
2021 წლის 9 მაისს სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში, მარწყვის საკრეფად საქართველოდან 24 ადამიანი წავიდა. ადგილზე ჩასულებს კი სამჯერ ნაკლები ანაზღაურება და მძიმე საცხოვრებელი პირობები დახვდათ.
წაიკითხე მეტი ანი ბურდულის სტატიაში.
"მიხაილოვის" საავადმყოფო არტცენტრი ხდება - რუსი ბიზნესმენის, შალვა ბრეუსის გეგმები საქართველოში
მიხეილის („მიხაილოვის”) საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა, რუსეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მედია, არქიტექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ყოფილი ჰოსპიტლის ეზოში შეკრიბა იმაზე სამსჯელოდ, როგორი იქნება აქ განთავსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
„ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენ ვართ კულტურის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე დღევანდელი დღიდან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალობას, მოქალაქეობას, განათლებას, სქესს და პოლიტიკურ ინტერესებს და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ კულტურის ტერიტორიად და ამ ტერიტორიაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ კულტურაზე”, - უპასუხა ჟურნალისტებს მილიონერმა შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მიხეილის საავადმყოფოს ეზოში. მედიას აინტერესებდა, რა მიზანი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ ხელოვნების მოყვარულ ბიზნესმენს, როცა თბილისის ცენტრში ისტორიულ შენობას ყიდულობდა - ხომ არ გადმოიტანა მან ამ გზით თავისი რუსული ფულის ნაწილი საქართველოში.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის იდეის პრეზენტაციაზე, რომელზეც ბიზნესმენი ქართულ-ინგლისურად საუბრობდა, მან თქვა, რომ შეეძლო მუზეუმი ვენეციაში ან ბრიუსელში გაეკეთებინა, მაგრამ როგორც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, თბილისი არჩია. ის ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტიკური შეფასებებისთვის, მხოლოდ ის თქვა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობს კულტურის მინისტრს და რომ არც იმის შესახებ იცის რამე, რა ხდება ეროვნულ მუზეუმში.
ვინ არის წარმოშობით ქართველი რუსი ბიზნესმენი და როგორ იყიდა მან მიხეილის საავადმყოფო? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.