საფრანგეთი აღმოჩნდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სირიის ახალი ოპოზიციური კოალიცია ცნო. სირიის ოპოზიციის ჯგუფები კატარში შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ფართო კოალიციას პრეზიდენტ ბასარ ალ ასადის წინააღმდეგ. ოპოზიციური კოალიციის შექმნას მიესალმა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა ოპოზიციის საბოლო ცნობისა და შეიარაღების მიწოდებისაგან ვაშინგტონი თავს იკავებს. ავსტრალიაში მყოფმა ჰილარი კლინტონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „აშშ დამატებით კიდევ 30 მილიონ აშშ-ის დოლარს გამოყოფს სირიაში ჰუმანიტარული პროგრამების დასაფინანსებლად, რითაც სამოქალაქო ომში მყოფი სირიელი ხალხისათვის გაწეული დახმარება, ჯამში, 200 მილიონ დოლარამდე იზრდება“.