Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?


„ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია - ის "ევროკავშირის გირაოს" იმ შემთხვევაში დაეთანხმება,  თუკი პარლამენტი აღარ განიხილავს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას.

თუკი სადავო ამნისტიასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ ვითარებას გადავხედავთ, მელიას რუსთავის ციხეში კიდევ რამდენიმე კვირის გატარება მოუწევს და მინიმუმ ამდენივე ხნით გადაიდება „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო შესვლა პარლამენტში. სიახლეს მელიას ადვოკატები არც 29 აპრილს დანიშნულ სასამართლო პროცესზე მოელიან. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში სულ უფრო ძლიერდება მოსაზრება, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმით უნდა დატოვოს და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში უნდა გააგრძელოს.

გირაო იმ შემთხვევაში, თუ...

„გამართლდა მისი შიშები, რომ „ოცნების“ მიერ ინიცირებულია ამნისტიის იმდაგვარი კანონპროექტი, რომლითაც ფაქტობრივად ინდულგენციას მიიღებენ მოძალადეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები“ - თქვა 28 აპრილს ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია რუსთავის ციხეში მოინახულა.

ადვოკატმა ხაზგასმით და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უცვლელია ნიკა მელიას მიერ 26 აპრილს გახმოვანებული პოზიცია გირაოს თანხის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მექანიზმით გადახდასთან დაკავშირებით, რაც "შარლ მიშელის შეთანხმების" ფარგლებში ზეპირად განხილულ პირობას წარმოადგენდა.

„ნიკა მელია მხოლოდ იმ შემთხვევაშია თანახმა ევროკავშირის გირაოს თანხის ჩარიცხვაზე, თუკი უარი იქნება ნათქვამი (პარლამენტში) ამნისტიის კანონის მიღებაზე “ - განაცხადა კონდახიშვილმა, რომელსაც არა აქვს იმედი, რომ 29 აპრილს დანიშნულ სხდომაზე, მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლის.

გირაოს საკითხი არ უხსენებია, მაგრამ პატიმრობის სწრაფად დასრულების „სხვა გზებზე“ სასაუბროდ, 28 აპრილს ნიკა მელიას საპატიმროში ადვოკატზე ადრე შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც ამჟამად პარტიისგან დისტანცირებულია. სამადაშვილმა, სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას და შესაბამისად, 27 აპრილს პარლამენტშიც შევიდა.

ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ მსჯელობა მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს შეეხებოდა და მას „ძალიან დიდი იმედი“ აქვს, რომ გიორგი რურუას შემდეგ, ნიკა მელიაც სწრაფად გათავისუფლდება - ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა და დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ“.

ამასობაში პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა, ერთი - „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, ხოლო მეორე - ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. უკვე ყველასათვის გასაგებია, რომ, მომხრე დეპუტატების რიცხვის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ვერსიის დამტკიცების მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • ამნისტიის კანონპროექტებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, 4 მაისს განიხილავენ და ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვებიც.
  • ამნისტიის დამტკიცებამდე საჭირო პროცედურებს (3 საკომიტეტო მოსმენა და 3 მოსმენა პლენარულ სხდომაზე) დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

თუკი ამნისტიის კანონი დამტკიცდება, ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება მაინც მოუწევს და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებას 30-ზე მეტი დეპუტატის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, „ენმ-ი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს (ხელისუფლებასთან) შეთანხმების ხელმოწერას“ და მართალია, პოლიტსაბჭოს წევრები საუბრობენ სამომავლო გეგმებზე, მაგრამ „საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ იქნება მიღებული“.

პარლამენტში შესვლის საკითხს თავად ნიკა მელია ისევ და ისევ მისთვის მიუღებელ ამნისტიას უკავშირებს.

როგორც საერთო კანდიდატი?

„რაც უფრო მალე გამოვა ნიკა მელია ციხიდან, მით უკეთესი იქნება ეს მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომლის აზრითაც მელიამ „ევროკავშირის გირაოს“ მექანიზმი აუცილებლად უნდა გამოიყენოს და საპატიმრო სწრაფად უნდა დატოვოს.

„ახლა მთავარი პოლიტიკური ამოცანაა რიგგარეშე არჩევნებამდე პროცესის მიყვანა და მანამდე მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც გარკვეულწილად გამაერთიანებელი ფიგურის. მე ვფიქრობ, რომ ის პარლამენტშიც უნდა შევიდეს. ახლა გარეთ დარჩენა წამგებიანი იქნება“ - ამბობს ხუხაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად აპირებს მონაწილეობას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და არაერთხელ ითქვა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე მათი კანდიდატი სწორედ ნიკა მელია უნდა იყოს.

ამ პოსტზე მელიას ხილვა სურთ ასევე არაერთ პარტიასა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ენმ-ის მიღმაც. ისინი ფიქრობენ, რომ მელია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს.

  • მელია თბილისის მერობისთვის ენმ-ის სახელით იბრძოდა 2014 წელსაც, როდესაც ის 27.97%-იანი მაჩვენებლით მეორე ტურშიც გავიდა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ნარმანიას დაუპირისპირდა;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის სიის მესამე ნომერი იყო და ასევე, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში მან 44%-ზე მეტი მიიღო და „ქართული ოცნების" წარმომადგენელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებულ მოსაზრებას არ იზიარებს, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ვაშაძე. როგორც მან 28 აპრილს განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება „ქართული ოცნების“ გამარჯვების წინაპირობა უფრო იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევქმნათ ის მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გასაღებია ქვეყნის განვითარების. თუ ერთი-ერთზე დავტოვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს და რა პარტიებმაც არ უნდა დაუჭირონ მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა“ - განაცხადა ვაშაძემ.

ასეთი პოზიციები არც უკვირთ და არც აღიზიანებთ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„დინამიურია ახლა პოლიტიკური პროცესი და ვნახოთ, რა იქნება... ყველა პარტიას უნდა, რომ მისი კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ სხვა პოლიტიკური ძალები. მაგრამ ლეგიტიმურიც არის და მოსალოდნელიც, რომ სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ... რა იქნება, ზუსტად რომ ვთქვათ, ნათელმხილველები უნდა ვიყოთ“ - გვითხრა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ზღვრის გადალახვის საშუალება არ მისცეს და ამით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს, ამისათვის მაინცდამაინც ოპოზიციის გაერთიანება არ არის აუცილებელი.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ოპოზიციამ მისთვის სასურველ მიზანს რამდენიმე კანდიდატურის წამოყენებითა და ცალ-ცალკე მოქმედებით უფრო მიაღწიოს.

ამნისტიის გზა

28 აპრილს „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტიის მიღებამდე, 20 ივნისის მოვლენები საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს. თუმცა ამ ეტაპზე ოპოზიციას პარლამენტში ამ საკითხის გატანისთვის საკმარისი მანდატები არა აქვს და ჩანს, რომ ისევ ამნისტიის პროექტების განხილვის გზით მოუწევს სიარული.

მომავალი კვირიდან პარლამენტმა, ორი პროექტი პარალელურად უნდა განხილოს. ამ ორ პროექტს შორის პრინციპული განსხვავებებია.

  • „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტი გულისხმობს 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დარღვევისა და დაკავების ფაქტების ამნისტირებას - „წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გარდა“;
  • ოპოზიციის მის მიერ ინიცირებულ ვარიანტში ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ბრალდებებს, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების ჭრილში წაყენებული აქვთ, როგორც დემონსტრანტებს, ასევე პოლიციელებს.
  • "ქართული ოცნების" პროექტი არ ითვალისწინებს დაზარალებულების თანხმობას ამა თუ იმ ბრალდებულის შეწყალების დროს;
  • ოპოზიციის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, დაზარალებულების თანხმობა მხოლოდ პოლიციელების ამნისტირების შემთხვევაში იქნება საჭირო.

გენერალური პროკურატურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასამართლებულ 3 პოლიციელს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და „სამივეს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას “ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“.

  • ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ვარიანტში სწორედ „333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტია“ მოხსენიებული და როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, ამნისტია არ შეეხება გადაწყვეტილების მიმღებსა და დავალების გამცემ თანამდებობის პირებს.
  • თუმცა ოპონენტები მიუთითებენ, რომ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი აპელირებს ამავე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებზე, სადაც „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე“ პირებიც არიან მოხსენიებული.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ზუსტად ასრულებს "შარლ მიშელის შეთანხმებას" და მისი კანონპროექტით, ამნისტია, სხვა მრავალ მუხლთან ერთად, მთლიანად შეეხება 333-ე მუხლსაც.

პოლიტიკური ორგანიზაცია „ტრიბუნას“ წარმომადგენელი იურისტი ლია მუხაშავრია გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ამნისტია "სამუდამოდ დაასამარებს" 20 ივნისის მოვლენების გარშემო სიმართლის დადგენის შესაძლებლობებს, რადგან პოლიციელებისა და სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ საქმე, როგორც წესი, თავდაპირველად სწორედ 333-ე მუხლით აღიძვრება.

„სასამართლომდე არცკი მივა საქმე. პროკურატურაშივე შეწყდება... პროკურატურას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, რომ კონკრეტული საქმე სწორედ იმ მუხლით დაიწყოს, რომელიც ამნისტიაშია ჩამოთვლილი. ამ კონვენციასთან შესაბამისი მუხლების ჩამოთვლა ამ მხრივ სრულიად არასაიმედო პირობაა“ - გვეუბნება მუხაშავრია, რომელიც ასევე ხანგრძლივი საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ადვოკატია.

მას თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ, სტრასბურგის სასამართლოს გავლითაც კი, საქართველოში 20 ივნისის საქმეზე მოხერხდეს დამნაშავეების გასამართლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG