Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა პლებისციტი გამოსავალი? - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 მარტს


სააკაშვილი პლებისციტის წინააღმდეგია - რას ფიქრობს ოპოზიცია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავის მიმართვაში თქვა, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. ის მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხის პლებისციტის გზით გადაჭრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.

„მას უნდა, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად (ჯერ ერთი, ეს რამდენიმე თვის შემდეგ არის, სადაც ის დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ძალიან ბევრს მოისყიდის) ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება რამდენიმე თვე კიდევ (და ის აუცილებლად წააგებს ამ პლებისციტს), იმისათვის რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და, რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს კიდევ ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. და ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო, და ჩვენ არა გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი მართლა“, - თქვა სააკაშვილმა.

მალევე აღმოჩნდა, რომ ამ მოსაზრებას თბილისში ოპოზიცია არ ეთანხმება.

სააკაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვის დრო ახლა არ არის. მისი თქმით, ეს „საქმეს არაფერში გამოადგება“.

მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა“, - ასე გამოეხმაურა სააკაშვილს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ სააკაშვილის განცხადებას ასე უპასუხა: „ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს. გამოუშვას პოლიტპატიმრები, მიიღოს ეს ცვლილებები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და მერე არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი და მე გამიხარდება“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვის დაურეკა, ვის მისწერა მთავრობამ, პარლამენტმა, პრეზიდენტმა COVID-ვაქცინის თხოვნით?

რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ორმა კონკრეტულმა უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად შემოსულიყო? - სწორედ ამ შინაარსის კითხვა გაუგზავნა 9 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

პირველი პასუხი პარლამენტიდან მოვიდა. როგორც ანა ნაცვლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ წერილის თანახმად ირკვევა, რომ პარლამენტმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს ფუნქცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომიტეტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადააბარა და პროცესიდან გამორიცხა როგორც საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რაც ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ პარლამენტი მის მთავარ, საზედამხედველო ფუნქციას ძალიან ვიწრო ჭრილში აღიქვამს.

მთავრობის ადმინისტრაციამ კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა პარტია „ლელოს“ წევრი. საბოლოოდ, რომელმა უწყებამ რა პასუხი გასცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვაქცინასთან დაკავშირებული კითხვებზე, წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

"საშიში მომენტი" ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - ჯორჯ კენტის შეფასებები და დისკუსია საქართველოზე

აშშ-ის დედაქალაქში საჯარო დისკუსიები გრძელდება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. წარმომადგენლობითი იყო „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ონლაინშეხვედრა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის თაობაზე წარმართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ანალიტიკოსები როგორც საქართველოდან, ასევე თავად ვაშინგტონიდან.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მეგობრებისთვის როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში ნათელი გახდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის „საშიში მომენტი“ იყო.

დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა კი თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ „თითქმის ხელოვნურადაა“ შექმნილი.

წაიკითხე ვრცლად „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის მთავარი აქცენტები „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ქართლოს შარაშენიძის სტატიაში.

დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

დღეს, 5 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

გომელაური სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრებს. რეგლამენტის მიხედვით, „მინისტრის საათის“ ფარგლებში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე იქნება დეპუტატების საპასუხო გამოსვლები.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ნიკოლ ფაშინიანმა და ედმონ მარუკიანმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ვადამდელი არჩევნების საკითხზე

ცოტა ხნის წინ ერევანში დასრულდა მოლაპარაკება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერს, ედმონ მარუკიანს შორს, რომელზეც განიხილეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან და ნიკოლ ფაშინიანმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მარუკიანი ერთმანეთს უკავშირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა ჩატარებისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება.

წაიკითხე მეტი.

სამყაროს მოწყვეტილები - როგორია ცხოვრება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში?

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მდგომარეობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ იქ მყოფი პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. მონიტორინგი 2020 წლის 15-16 სექტემბერს, კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე განხორციელდა.

მონიტორინგის ჯგუფი თავად შეესწრო შემთხვევებს, როცა პერსონალი უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და პასუხობდა პაციენტებს.

პაციენტები ამბობენ, რომ მათ სცემენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. დაფხვნილ მედიკამენტებს ძალით უყრიან პირში, ძალას იყენებენ ნემსის გაკეთებისას - არის შემთხვევები, როცა ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში, კაცი პაციენტები მონაწილეობენ.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

საბჭოთა ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი, რომელიც 2 მარტს 90 წლის გახდა, საბჭოთა ბლოკის დაშლას და ცივი ომის დასრულებას ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG