Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციები საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს


ოპოზიციამ საქართველოს ქალაქებში აქციების სერია დაიწყო

ბათუმის შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციით დღეს უკვე ზუგდიდში ინაცვლებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნების შედეგები მიიტაცა, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს, რაც მათ გარდაუვალ გამარჯვებამდე მიიყვანს:

„არ ჩათვალო მუქარად, ბიძინა ივანიშვილო. უბრალოდ, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში. მშვიდობიანად და ხელებაწეულები. სიმრავლით დაგამარცხებთ. თქვენ ხართ დიქტატორი, ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, ისეთ სიურპრიზებს მოგიმზადებთ, რომლებიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის და სახელმწიფოს ბევრ ქომაგს. გამარჯვება არის გარდაუვალი. უკან დახევა არ იქნება, ხალხო“, - თქვა ნიკა მელიამ, 2 ნოემბერს.

ოპოზიციას მიმდინარე კვირაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქვს აქციები დაგეგმილი. 6 ნოემბერს კი, მათი თქმით, მასშტაბური პროტესტი იგეგმება თბილისში.

წაიკითხე და ნახე მეტი.

საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება: არსებობს თუ არა ის?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია „უკომპრომისო ბრძოლისთვის“ ემზადება. ამ ბრძოლის ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა უკვე განაცხადა მანდატების დათმობის შესახებ, თუმცა არის საკითხი, რომელმაც შესაძლოა ისინი პარლამენტში შეაყოვნოს. ესაა საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო ბარიერის დაწევასა და მანდატების პროპორციულ განაწილებაზე, რაც „შარლ მიშელის შეთანხმების“ ერთ-ერთი პუნქტი იყო. პროცესი პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა გაჩერებული.

2 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მოუწოდა, დროულად გაკეთდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე.

ამ კანონპროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი.
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

ოპოზიციის დეპუტატებს მანდატების დათმობისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან გუშინ ციხიდან ოპოზიციას შემოუთვალა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი „ეგზისტენციალური საკითხია“, თუმცა „მიმდინარე პერიპეტიების ფონზე და საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე“ საქმის გადადება სჯობს. მიუხედავად ბოიკოტისა, ცვლილებებს მხარს დაუჭერს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.

მმართველი პარტია კი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება არ არსებობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით: „პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო“.

წაიკითხე მეტი.

ელჩები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნას აკრიტიკებენ

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები გუშინ გამოეხმაურნენ საქართველოს იუსტიციის საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევას, რომელიც 31 ოქტომბერს მოხდა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდებს.

„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადებაც. საელჩო ამ პროცესს აფასებს როგორც გაუმჭვირვალესა და ნაჩქარევს უწოდებს.

„...როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.

წაიკითხე მეტი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 34-ე დღეს

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს. ის 2 ნოემბერს საღამოს მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი წინა დღესთან შედარებით უფრო სუსტად იყო.

„დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ექიმებს, რომ თუ შეიძლება კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ, არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში”, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გუშინ ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით პერმანენტული საპროტესტო აქცია დაიწყო.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ბაიდენმა ტყეების შენარჩუნების მსოფლიოში პირველი გეგმა გამოაცხადა

აშშ წარმოადგენს ტყეების შენარჩუნების მსოფლიოში პირველ გეგმას. მისი რეალიზაციისთვის ცხრა მილიარდ დოლარამდე გამოიყოფა. ამის შესახებ გლაზგოში, კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, გეგმა გააერთიანებს აშშ-ის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ტყეების გაუჩინარების თავიდან ასაცილებლად და მიწათმოწყობის გასაუმჯობესებლად. აშშ-ის ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდება 2030 წლისთვის მინიმუმ ორ მილიონამდე ჰექტარი ტყის აღდგენა.

მანამდე სამიტის ფარგლებში ასზე მეტი სახელმწიფო შეთანხმდა, უახლოესი ოცი წლის განმავლობაში ბოლო მოუღოს ტყეების გაქრობას.

წაიკითხე მეტი.

შვეიცარიის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდება წაუყენა ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის

შვეიცარიის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდება წაუყენა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ.

ბლატერსა და პლატინის ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებასა (ორ მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი) და საბუთების გაყალბებაში. გამოძიების ვერსიის თანახმად, ბლატერმა მოიწონა პლატინისთვის FIFA-ს სახსრებიდან უკანა რიცხვით უკანონო თანხის გადახდა ორგანიზაციაში მისი მუშაობისთვის. როგორც ამტკიცებენ, ამან დააზარალა საერთაშორისო ფედერაცია.

თანხის გადახდის საქმემ ბლატერისა და პლატინის გადადგომა გამოიწვია, შესაბამისად, 2015 და 2016 წლებში. ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი - კიდევ ექვსი წლით.

წაიკითხე მეტი.

რა ხდება დონბასში და რატომ ადანაშაულებს კიევი დასავლურ მედიას „შეგნებული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში?

რუსეთსა და უკრაინას შორის ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თურქული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დრონის „ბაირაქთარის“ (Bayraktar TB2) გამოყენებამ მშფოთვარე აღმოსავლეთ უკრაინაში.

26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დონბასის რეგიონში პირველად გამოიყენა უპილოტო აპარატი მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარის გასანადგურებლად.

მაგრამ უკრაინის ამ განმარტებამ ვერ დააკმაყოფილა გერმანია და საფრანგეთი, რომლებმაც „შეშფოთება გამოხატეს“ კონფლიქტის ზონაში დრონის გამოყენების გამო.

„პარტნიორების ადგილზე მე პირველ რიგში იმით აღვშფოთდებოდი, რომ ჰაუბიცა, რომელიც მინსკის შეთანხმებით აკრძალულია, იქ იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად.

კიევის კრიტიკა ასევე დაიმსახურა რამდენიმე წამყვანმა დასავლურმა გამოცემამ, რომლებმაც წინა კვირაში გაავრცელეს ცნობა და შესაბამისი სატელიტური ფოტოსურათები უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ, რასაც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, „შეგნებული დეზინფორმაცია“ უწოდა.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში კიევის მოულოდნელი რეაქციის შესახებ ჰიბრიდული ძალების გააქტიურების კვალდაკვალ.

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გვიამბობს პრობლემებზე, რომლებიც ყველას შეიძლება შეგვექმნას ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში კოვიდსაბუთის წარდგენისას. მისი თქმით, საფრანგეთში კოდს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აცრის შესახებ, „ევროპის წამკითხველი“ არ კითხულობს, რაც, თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, არა მარტო უხერხულობას ქმნის, არამედ უაღრესად დამამცირებელია.

XS
SM
MD
LG