Accessibility links

site logo site logo

დაკავებულები რიონის ხეობაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აპრილს


ცოცხალი ჯაჭვი და ხმაურიანი პროტესტი გუმათში

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში ვითარება ღამის 11 საათისთვის დაიძაბა. კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ქუთაისი-ალპანა-ცაგერის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ გუმათთან ათამდე აქტივისტის დაკავების შესახებ იუწყება „რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი. როგორც ის ამბობს, აქტივისტები ხელებაწეულები ცდილობდნენ, არ გაეტარებინათ კომპანია „ენკას" ავტომანქანები, პოლიცია კი „პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა".

გუშინ იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ თუკი გზას არ გაათავისუფლებდნენ, პოლიცია მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებდა.

აქციის მონაწილეები კი ითხოვდნენ დამატებით განმარტებას, რატომ იყო მათი პროტესტის ეს ფორმა უკანონო და რომელი კანონით აიხსნება ის, რომ მათ დღეების განმავლობაში შეზღუდული გადაადგილების პირობებში უწევთ ცხოვრება.

„რიონის ხეობის მცველები“ მესამე დღეა, სოფელ გუმათში მართავენ აქციას. მათ პროტესტის ტერიტორია მას მერე შეიცვალეს, რაც კვირას, 11 აპრილს პოლიციამ დაშალა ნამოხვანში მდებარე კარვები, სადაც პროტესტის მონაწილეები 169 დღის განმავლობაში მორიგეობით რჩებოდნენ.

ამ ეტაპზე, ნამახვანჰესის გარშემო გაერთიანებულ მოქალაქეებს არ სურთ რიონის ხეობის დატოვება - ისინი მიიჩნევენ, რომ იქ ყოფნით ფიზიკურად აჩერებენ ჰესის სამშენებლო სამუშაოებს და იქიდან უფრო კარგად აჩვენებენ ხელისუფლების მანკიერ ბუნებას.

რა ფორმით გაგრძელდება "რიონის ხეობის მცველების" პროტესტი? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულისა და თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მედიაციის #3 რაუნდის მოლოდინში - კრიზისი გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გუშინ პატიმრობაში დატოვა. მან არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის წინასწარ პატიმრობაში დატოვება ოპოზიციამ ხელისუფლებისგან წამოსულ წინააღმდეგობის სიგნალად აღიქვა.

„ამით მივიღეთ ხელისუფლების გზავნილი. მან გვითხრა - არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯის გადადგმას იქით, რომ მოხდეს ვითარების განმუხტვა და დავიწყოთ საუბარი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავებას განაგრძობს და მედიაციის ორი რაუნდიც უშედეგო აღმოჩნდა, დასავლეთი მაინც არ წყვეტს მცდელობას, შეხების წერტილები მონახოს ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის.

საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და, დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისს შესაძლოა მისი სხვა ევროპელი კოლეგებიც ესტუმრონ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებს ბოლო პერიოდში აქტიური კონსულტაციები აქვთ პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ არა ყველასთან. ევროკავშირიდან და აშშ-დან წამოსული მკაცრი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გაემგზავრა და იქიდან ბრიუსელში აპირებს ჩასვლას.

ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური დასტური, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მესამედ დაბრუნდეს.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გუშინ საქართველოში 19 იანვრის შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩატარებული 37 524 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1374 შემთხვევა. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო ქვეყანა მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ინტერპრესნიუსთან კომენტარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს მესამე ტალღის შეჩერებას.

"დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან. ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია, შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე", - თქვა ზახაშვილმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სატელეფონო საუბარში ბაიდენმა პუტინს მოსთხოვა უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაცია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ზომები მიიღოს უკრაინასთან დაძაბულობის განსამუხტად და გამოვიდა წინადადებით, ორ ლიდერს შორის სამიტი გაიმართოს.

13 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში ბაიდენმა გამოხატა „ჩვენი შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების სწრაფი კონცენტრაციის შესახებ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და რუსეთს მოუწოდა, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს. სულ უფრო მეტად გაისმის რუსეთისადმი მოწოდება, ახსნას, რას ემსახურება მისი სამხედრო მანევრები.

წაიკითხე მეტი.

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ?

„იმის თქმა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია და სამართლებრივად აღარაფერია შესაძლებელი, არასწორია“, - ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თამარ დეკანოსიძე, საერთაშორისო ორგანიზაციის „თანასწორობა ახლა“ ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც ქალი ამბობს, რომ 11 წლის წინ, ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა. ქალის თქმით, ქმარი სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო.

თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ აუცილებელია გამოძიებამ დაიწყოს იმ გარემოებების შესწავლა, თუ რა ტიპის ძალადობა ხდებოდა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა ან საერთოდ არ აქვთ, ან ეს ვადა 25 წელს მოიცავს.

რუსთაველის თეატრი დასის წევრის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ერთი წინადადებით ეხმაურება და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“

წაიკითხე მეტი.

საქართველოში შეიქმნება სათადარიგო სიები პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან იმ შემთხვევაში, თუ დარჩება გამოუყენებელი ვაქცინა. ამ დროს შეერთებულ შტატებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა. როგორ მიმდინარეობს აცრა ამერიკაში და როგორ განაწილდა იქ ვაქცინაციის პროცესი? ამ კითხვაზე ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი, გვიპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG