Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში კატალონიელების „საუკუნის სასამართლო“ გაიმართა


კატალონიის დამოუკიდებლობის მარში ბარსელონაში. 2019 წლის 11 სექტემბერი
კატალონიის დამოუკიდებლობის მარში ბარსელონაში. 2019 წლის 11 სექტემბერი

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს კატალონიის ცხრა სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე ვადით მიუსაჯა პატიმრობა იმ როლისთვის, რომელიც მათ რეგიონის დამოუკიდებლობის წარუმატებელ კამპანიაში შეასრულეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა კატალონიაში.ბუნდოვანია კონფლიქტის სამომავლო პერსპექტივა.

ვერდიქტები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, ნაკლებია პროკურორების მიერ მოთხოვნილ სასჯელებზე (კატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ორიოლ ჟუნკერასისთვის, მაგალითად, 25 წლით სურდათ პატიმრობის მისჯა, ამბოხების ბრალდებით).

უმძიმესი ბრალდება - ამბოხება - ყველა განსასჯელს მოეხსნა. ის განმარტებულია, როგორც „ძალადობრივი ან საჯარო ამბოხება“, მათ შორის „[ესპანეთის] ტერიტორიის ნაწილის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის“.

განსასჯელთა შორის ჟუნკერასს ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 13 წლით, შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ მას და კიდევ რვა ლიდერს დაუმტკიცა „ამბოხებაზე“ შედარებით ნაკლები დანაშაული: შფოთისა და არეულობის გამოწვევა, ანუ დამკვიდრებული წესრიგის წინააღმდეგ მასობრივად გამოსვლა და კანონის ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების განხორციელებისთვის ძალით ან უკანონოდ ხელის შეშლა.

კიდევ სამი განსასჯელი მხოლოდ დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ და მათთვის პატიმრობა არ მიუსჯიათ.

შეფასებები და პროტესტი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის, თქმით, ლიდერთა დაპატიმრება ნიშნავს დამოუკიდებლობის მოძრაობის მარცხს. ამ კამპანიას ესპანეთში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ოთხი ათწლეულის წინ.

მაგრამ როგორც კი მადრიდში სასამართლომ განაჩენები გამოაცხადა, ბარსელონის აეროპორტისკენ დაიძრა დემონსტრანტების ტალღა, რომელმაც გადაკეტა გზები და ამ ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის რამდენიმე ადგილას მოძრაობა გააჩერა.

დემონსტრანტები ბარსელონის ქუჩებში აპროტესტებენ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენს.
დემონსტრანტები ბარსელონის ქუჩებში აპროტესტებენ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენს.


საპროტესტო აქციების ძალა შესაძლოა იყოს პირველი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ გამოიყურება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მომავალი. ეს ბრძოლა ბოლო დრომდე დიდწილად მშვიდობიანი იყო. კვლავ გადაუჭრელად რჩება საკითხი, რა უნდა მოუხერხოს ესპანეთმა სეპარატისტულ მოძრაობას, რომელსაც კატალონიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უჭერს მხარს.

„ეს განაჩენი არის თავდასხმა დემოკრატიასა და ყველა მოქალაქის უფლებებზე“, - განაცხადა კატალონიის პარლამენტის პრეზიდენტმა, როჟერ ტორენმა, და დასძინა: „დღეს ყველა ჩვენგანს გამოუტანეს განაჩენი, არა მხოლოდ 12 ადამიანს“.

ბრალდებების შინაარსი

განსასჯელთა ბრალდებები უკავშირდებოდა კატალონიის რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2017 წლის 1 ოქტომბერს გამართა, მიუხედავად ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებისა, რომ რეფერნდუმი უკანონო იყო.

ბარსელონის მომცველი ესპანეთის ამ მდიდარი ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის სეპარატისტმა კანონმდებლებმა რეფერენდუმიდან 26 დღის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თუმცა საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვეს. რამდენიმე საათში ესპანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, დაშალა კატალონიის პარლამენტი, დაითხოვა რეგიონის პრეზიდენტი და მთავრობა და მათი უფლებამოსილება მადრიდში გადაიტანა.

რეგიონის მაშინდელმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა, ესპანეთი რამდენიმე ოფიციალურ პირთან ერთად დატოვა და 31 ოქტომბერს ბრიუსელში ჩავიდა. ის გერმანიაში დააკავეს, თუმცა ექსტრადიცია ასცდა, რადგან გერმანიის სასამართლომ უარი თქვა გადაეცა ის ესპანეთისთვის, სადაც მას ამბოხების ბრალდება ემუქრებოდა.

სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას პუჩდემონმა „აღმაშფოთებელი“ უწოდა. „ახლა, როგორც არასდროს, არის რეაგირების დრო“, - წერს ის ტვიტერით.

რამდენიმე კვირაში ესპანეთში არჩევნებია დანიშნული, რაც კატალონიის საკითხს კიდევ ერთხელ აქცევს პოლიტიკური დებატების ცენტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG