Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისუნთქო? არ ვისუნთქო?


საქართველოში რესპირატორული დაავადებებისა და სიმსივნეების რაოდენობა გაიზარდა. ერთ-ერთ მიზეზად ჰაერის დაბინძურება სახელდება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ამ დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორების ნუსხაში ჰაერის დაბინძურებას მე-5 ადგილი უჭირავს, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების, თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის შემდეგ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით კი, 2016 წელს 6 845 ადამიანი ჰაერის დაბინძურების შედეგად გარდაიცვალა.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა ანგარიში, სადაც ჰაერის დაბინძურების მიზეზებსა და შედეგებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არსებული ჰაერის მონიტორინგის სისტემა არასრულფასოვანია. მას არ შეუძლია გაზომოს ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს.

დაბიძნურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება ტრანსპორტი. მანქანების 45 %-ზე მეტი 20 წელზე ძველია. ამასთან, ტექდათვალიერება არ ითვალისწინებს გამონაბოლქვში ძირითადი დამაბინძურებლების - აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების - კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა.

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

„ანგარიშში ნათქვამი იყო იმ ფაქტებზეც, რომ ბევრი მძღოლი გარკვეული მინარევებით ახერხებს ერჯერადად დააკმაყოფილოს დიზელის ნორმა, გაიაროს ტექდათვალიერება, შემდეგ კი კვლავ აბინძურებს ჰაერს“, - აღნიშნა საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტმა ეკა ლალიაშვილმა.

დიზელის საწვავს მოიხმარენ ავტობუსებიც. საწვავის ხარისხი კი ევროკავშირის სტანდარტს არ შეესაბამება. თუმცა საქმე მხოლოდ დიზელში არ არის:

„ხარვეზიანი აღმოჩნდა შედარებით ახალი, ლურჯი „MAN“-ის, 143 ავტობუსიდან 4 ერთეული. მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი ავტობუსების ექსპლუატაცია საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, სატრანსპორტო კომპანია მაინც უშვებდა ხაზზე გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც კანონის დარღვევაა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

„ველით, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტი დაიწყებს იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომლის მიზანია გამკაცრდეს სამშენებლო მასალების გამოყენების წესები...
თამარ გვარამაძე

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ.

„ველით, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტი დაიწყებს იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომლის მიზანია გამკაცრდეს სამშენებლო მასალების გამოყენების წესები“, - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა სახელმწიფო სტრუქტურებს ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG