Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის შედეგად მესამე პაციენტი გარდაიცვალა - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 აპრილს


კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 208

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 46

კარანტინში - 4674

სტაციონარში - 362

საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაიცვალა 86 წლის ქალი.

„პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი... პრაქტიკულად, არ ჰქონდა ფილტვში ჯანმრთელი ქსოვილი“, - თქვა მან.

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ქვეყანა თავიდან აიცილებს ვირუსის მასშტაბურ გავრცელებას და, მისი პროგნოზით, შემთხვევების ჯამური რაოდენობა 1000-ს არ გაცდება. მას ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი დამცავი საშუალებები. მისი თქმით, ამ მხრივ შესაძლოა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება გახდეს საჭირო.

გუშინ ფეისბუკლაივით გასცა კითხვებს პასუხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით ლიტურგიებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ხალხს.

წაიკითხე მეტი.

არის კი ღმერთი დიდი და ვირუსი პატარა?

ბრძოლა ტესტისთვის

ტესტების პასუხები დღეს გახდება ცნობილი

კახეთში, კორონავირუსზე 14 მოქალაქის ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 ადამიანი რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ თქვა, რომ მომდევნო დღეებში ახალი გამოვლენილი შემთხვევები იმატებს. მისი პროგნოზით, კვირის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა 350-400-ს მიაღწევს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა ვრცელდება

გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პაციენტს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირება გამოვლინდა. ინფორმაცია კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიულ შტაბთან დაახლოებული წყაროებისგან გავრცელდა.

აქამდე იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსზე გამოკვლევა 86 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

3 აპრილის მონაცემებით, ოკუპირებული გალიდან სამეგრელოში, ჯამში, 7 მოქალაქე გადმოვიდა, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. აქედან COVID-19 მხოლოდ ერთს, სოფელ საბერიოს მკვიდრს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ჩავიდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ინტერვიუ ქართველ მეცნიერ ქალებთან, რომლებმაც ახალი კორონავირუსის გენოტიპი გაშიფრეს

მალევე მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ორმა ქართველმა მეცნიერმა ქალმა დაიწყო მუშაობა ახალი კორონავირუსის გენოტიპის გაშიფვრაზე.

NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის თანამშრომლებმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა მარი მურცხვალაძემ, და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნატო კოტარიამ, ნიმუშებად ის ვირუსები შეარჩიეს, რომლებმაც საქართველოში დაიწყო ცირკულირება.

მათი მეშვეობით საქართველო ჩაერთო უნიკალურ პროექტში, რომლის მიზანიცაა SARS-CoV-2-ის გაშიფრული გენოტიპის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მონაცემები მთელი მსოფლიოდან თავს იყრის ონლაინ, ღია და განახლებად გრიპის ბაზაში (GISAID).

ინფორმაციას გენოტიპის სექვენსის ანუ თანმიმდევრობის შესახებ თან ახლავს კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და გეოგრაფიული მონაცემები, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ფილოგენეტიკური ხე, რომელიც წარმოაჩენს კავშირებს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულ ვირუსებსა და მათ გავრცელებას შორის.

ვირუსის გენოტიპის ცოდნა გადამწყვეტია ტესტებისა და ვაქცინების შესაქმნელად, ასევე, იმის დასადგენად, თუ როგორ ვითარდებიან და ვრცელდებიან ვირუსები, როგორ შეუძლიათ მათ პოტენციური პანდემიების გამოწვევა.

გრიპის ბაზაში, 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიიდან ახალი კორონავირუსის 3000-ზე მეტი გენოტიპია ატვირთული, მათ შორის, 13 ნიმუში საქართველოდან.

ნინო ჯაფიაშვილი ესაუბრა ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც პირველებმა გაშიფრეს საქართველოში შემოსული ახალი კორონავირუსის გენომი და ეს ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოში კარანტინის პერიოდში, აქტივისტების ჯგუფი მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს. ხალხის დახმარებით შეგროვებული ფულით, ცხოველების საჭმელს თბილისსა და რეგიონებში ანაწილებენ.

XS
SM
MD
LG