Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის 50-ე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აპრილს


რუსეთი კიევზე იერიშით იმუქრება

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 50 დღე გავიდა. ინტენსიური ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას გუშინ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესტუმრნენ. ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკრაინის მიმართ. ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა გააჟღერა იდეა, რომ უკრაინის აღდგენისთვის შემუშავდეს „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა.

პარალელურად რუსეთი კიევზე იერიშით იმუქრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ქმედებების დაგეგმვაში სდებს ბრალს. „თუ ეს გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრს, მათ შორის კიევს, რისგანაც რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა“.

13 აპრილს კიდევ რამდენიმე ასეული ცხედარი იპოვეს რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ამჯერად სუმის ოლქში. ამის შესახებ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

რაც შეეხება მარიუპოლს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლის ალყაში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა შეძლეს ალყის გარღვევა და პოლკ „აზოვთან“ შეერთება. ეს ინფორმაცია ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი არესტოვიჩმა დაადასტურა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რაში (არ) გამოადგა მედვედჩუკი კრემლს უკრაინაში

კრემლი ჯერჯერობით უარს ამბობს პუტინის ნათლიმამის, პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვლის იდეაზე. ამგვარი ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი 12 აპრილს, მედვედჩუკის დაკავების შემდეგ გამოვიდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებმაც უნდა იმსჯელონ.

რუსეთში დაბადებული 67 წლის ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პოლიტიკური საქმიანობა, წლებია, უკრაინაში რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას ემსახურება. ის უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

2021 წლის მაისის შემდეგ, მედვედჩუკი არაერთხელ გახანგრძლივებულ შინაპატიმრობაში იყო, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. მისი გაქცევის შესახებ ცნობა 27 თებერვალს გავრცელდა, 3 დღეში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

თუკი პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის 13 მარტის კომენტარით ვიმსჯელებთ, მოსკოვი მედვედჩუკის მიღებას არ გეგმავს.

მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე და არა აქვს არავითარი კავშირი სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან [ომთან]. ის უცხოელი პოლიტიკოსია“, - თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ ჯერ მათთვის ისიც კი უცნობია, თავად მედვედჩუკი რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჯერ უცნობია, გაცვლასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პუტინი მას შემდეგ, რაც მას, დახმარების თხოვნით, მედვედჩუკის მეუღლემ - ოქსანა მარჩენკომ მიმართა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ახლო მომავალში უკრაინაში, სავარაუდოდ, ორი დელეგაცია წავა საქართველოდან

ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ დათანხმდა ოპოზიციის წინადადებას უკრაინაში ვიზიტისთვის განკუთვნილი დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.

თავად პაპუაშვილი ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება.

დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, რომ ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წარმომადგენლები და ასევე თანაბარი რაოდენობით ოპოზიციიდანაც იყვნენ წარმოდგენილი - სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი იყოს ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემი შეთავაზება მქონდა, მთავარია, ეს დელეგაცია შედგეს“.

უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე საპარლამენტო ოპოზიციიდან შემდეგი განცხადებები გაკეთდა:

  • „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ უკრაინაში ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციები ცალ-ცალკე გაემგზავრებიან.
  • ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა, რომ ოპოზიციის დელეგაცია დამოუკიდებლად დაკომპლექტდება: „იყო გარკვეული შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები, ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად. ჩვენ წავალთ ერთად და, ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, - თქვა დეკანოიძემ.
  • „ლელო“ კი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციის დელეგაციაში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში. ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა.

სიახლეები ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

უკრაინა იმედგაცრუებას გამოხატავს მაკრონის ნათქვამით, რომ უკრაინელები და რუსები "ძმები" არიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ გამოეყენებინა და უკრაინელ და რუს ხალხებს „ძმები“ უწოდა.

„იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არ სურს, აღიაროს უკრაინელების გენოციდი რუსეთის ხელისუფლების ყველა გულწრფელი განცხადებისა და რუსეთის სამხედროთა დანაშაულებრივი მოქმედებების შემდეგ. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზის გამო, მაგრამ რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ მითმა ნგრევა დაიწყო 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში აგრესიის შემდეგ. მაშინ რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ. მაგრამ 8 წლის განმავლობაში მოკლეს 14 ათასი უკრაინელი. ეს მითი საბოლოოდ დაინგრა, როცა თებერვალში რუსეთის პირველი რაკეტები გაფრინდა უკრაინის ქალაქებისკენ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეჰ ნიკოლენკოს კომენტარში.

წაიკითხე მეტი.

ქუთაისელ ჩინოვნიკებს 358 ათასი ლარის სოციალური დახმარება აქვთ აღებული - კიდევ რა დარღვევები იპოვა აუდიტმა

სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების ხარჯები შეისწავლა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

  • ქუთაისში, სახელმწიფო მოხელეებს იმაზე 125-ით მეტი მანქანა ემსახურება, ვიდრე კანონით შეუძლიათ.
  • მანქანებს ჩინოვნიკები არასამსახურებრივი მიზნებისთვისაც იყენებენ, მათ შორის - შვებულების დროსაც.
  • სამსახურის მანქანებში ისინი იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე ავზის მოცულობაა.
  • საკრებულოში დასაქმებულები სოციალურ დახმარებას (ფული, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი) იღებენ მიუხედავად იმისა, რომ მერიის თანამშრომლებს სახელმწიფო მაღალ ხელფასს უხდის.
  • 2019-2020 წლებში, ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით 133-ჯერ ისარგებლა და 150 ათას ლარამდე დახარჯა ისე, რომ არ წარუდგენია ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა ან ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის შესახებ.

დასკვნის ძირითადი მიგნებების შესახებ ვრცლად წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

რა შეუძლია „სირიელ ყასაბს“?

რუსეთმა უკრაინაში თავისი შეიარაღებული ძალების სარდალი შეცვალა. მართალია, 61 წლის არმიის გენერლის, ალექსანდრ დვორნიკოვის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მოსკოვს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ საკადრო ცვლილების სინამდვილე დაადასტურეს როგორც დასავლეთის სპეცსამსახურებმა, ასევე რუსეთის პროპაგანდისტული მედიის საშუალებებმა. როგორც წესი, კრემლი არ ავრცელებს ხოლმე მსგავსი ტიპის ინფორმაციას. სწორედ ამის გამოა, რომ დღემდე უცნობია, თუ ვინ სარდლობდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ვერანაირ ღირებულ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

რუსეთმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა უკიდურესად რთულ ვითარებაში, როცა რუსეთის ჯარმა დასახული მიზნების მიუღწევლად დატოვა სამი მნიშვნელოვანი რეგიონი ჩრდილოეთ უკრაინაში: კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები და დაიძრა აღმოსავლეთისკენ, სადაც, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ბრძოლა გაიმართოს. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთი ახლა განკარგავს უკრაინაში შეჭრისას არსებული თავისი საბრძოლო სიმძლავრის დაახლოებით 80-85%-ს. პენტაგონი ამტკიცებს, რომ დაჯგუფებას შეიძლება დაემატოს კიდევ 60 ათასი ჯარისკაცი, შესაძლოა რეზერვისტი.

რატომ შეცვალა რუსეთმა შეიარაღებული ძალების სარდალი ახლა? რა იცვლება ამით? წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

„გავიმარჯვეთ! მოდი, გავიმეოროთ!" - ეს სიტყვები მესმოდა რუსეთში. რა უნდა გაიმეორონ? ტკივილი, სიკვდილი, ტრაგედია?!“ - ხარკოველი იულია ტალიჩუკი ორ შვილთან ერთად უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს რუსეთში იყო. „დავრბოდი ქუჩაში და ვეკითხებოდი ხალხს, ნუთუ, თქვენც მხარს უჭერთ პუტინს?!“ - იხსენებს იულია და ჰყვება, როგორ დაიწვა ერთ წამში ის წვრილი ძაფი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში მას რუსეთთან აკავშირებდა. უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში იხსენებენ და ხატავენ იმას, რაც სამშობლოში დარჩათ. რადიო თავისუფლების სპეციალური პროექტი - პირველი ეპიზოდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG