რადიო თავისუფლება აქტიურად აკვირდება იმ შეკითხვებს, რომელთაც კორონავირუსის გავრცელება და მის გამო ცხოვრების შეცვლილი წესი აჩენს და ვეძებთ მათზე პასუხებს. თუ გაქვთ კითხვა, მოგვწერეთ. ჩვენ გიპასუხებთ, კომპეტენტურ, გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით.
[სტატია განახლებადია]
- როდის, სად და როგორ შემიძლია გავასაჩივრო ჯარიმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამომიწერეს?
- როგორ წავიდე ქალაქგარეთ მანქანით?
- ჩატარდება თუ არა ეროვნული გამოცდები?
- ამ სემესტრში წავლენ ბავშვები სკოლაში?
- შეიძლება თუ არა პარკებში სეირნობა ?
- შეიძლება თუ არა, კორონავირუსი იყოს საფრთხე ალერგიული ადამიანებისთვის?
- როდის მოიხსნება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები?
- დადგება თუ უკვე დადგა პანდემიის პიკი საქართველოში?
- ვმუშაობდი და კორონავირუსის გამო დავრჩი შემოსავლის გარეშე მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
- როდემდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა?
- საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?
- რას გულისხმობს 31 მარტიდან ამოქმედებული კარანტინი?
- ტრანსპორტი გაჩერდა. როგორ მივიდეთ სამსახურამდე?
- რას აკეთებს ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად?
- გვიცავს თუ არა შავი პირბადე?
- რა ვქნა, თუკი შევამჩნიე საკარანტინო წესების დარღვევა?
- გავრეცხოთ თუ არა ხილ-ბოსტნეული სახლში მიტანისას საპნით?
- რატომ უნდა დავრჩეთ შინ?
- საგანგებო მდგომარეობის გამო საქალაქთაშორისო მოძრაობის აკრძალვა პირად ავტომობილებსაც ეხება?
- ზოომაღაზიებიც დაიკეტა?
- მუშაობს თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები?
- დაიხურება თუ არა სავალუტო ჯიხურები?
- შეიძლება თუ არა, ვირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოს?
- როგორ დავეხმარო მოხუცებს?
- როგორ არ ჩავვარდეთ დეპრესიაში იზოლაციისას?
- მეც მეხება “სწრაფი ტესტირება?”
- რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?
- როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს, თუკი წამალი მის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს?
ჯარიმა შეგიძლიათ გაასაჩივროთ როგორც საგანგებო მდგომარეობისას, ასევე საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ან ზემდგომ
ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან პირდაპირ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
ზემდგომ ორგანოდ ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელმაც დაგაჯარიმათ. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლება ყველა პოლიციელის ზემდგომ თანამდებობის პირად, ამიტომ გასაჩივრების პროცესის თქვენთვის გამარტივების მიზნით, საჩივარი უშუალოდ მინისტრის სახელზე შეგიძლიათ წარადგინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი თანამდებობის პირი არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, შეგიძლიათ მიმართოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს და შემდეგ მისი გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში.
გასაჩივრებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხს სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ.
საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ რადიო თავისუფლების მასალებს:
- 9 მილიონზე მეტის ჯარიმები - ვის და როგორ აჯარიმებენ?
- საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები
- არღვევენ თუ არა სამართალდამცველები ადამიანის უფლებებს კომენდანტის საათის დროს?
გახსოვდეთ, რომ პანდემიისას საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების დაცვა. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ან უფლებების შელახვის ფაქტებზე მიმართეთ შსს-ს გენერალურ ინსპექციას ნომერზე: - 126
რას გულისხმობს 31 მარტიდან ამოქმედებული კარანტინი?
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მთავრობის გადაწყვეტილებით კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტიდან ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს, რომ:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადააადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
- დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათგან ორი კი უკანა სავარძელზე. ამ რეკომენდაციის არგათვალისწინების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ განსაზღვრული არ არის.
- მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
- იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
- მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.
- აიკრძალა 70 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
- 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს უნდა დაეხმარონ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, აგრეთვე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. დახმარებისთვის რა უნდა გააკეთოს მოხუცმა ან რა ტიპის დახმარებას მიიღებს, ჯერ ცნობილი არ არის.
- გამკაცრდება გადაადგილება და ჯანმრთელობის კონტროლი. პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი დაევალა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს.
- ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქუჩასი გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრანსპორტი გაჩერდა. როგორ მივიდეთ სამსახურამდე?
საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ, 31 აპრილიდან სრულად შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი მანქანით. გარეთ გასვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პირად ავტომობილში ან ტაქსიში არ უნდა ისხდეს 3 პირზე მეტი.
მთავრობის ახსნით, გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ყველა სტრატეგიულ დარგში, რომელსაც მუშაობის უფლება აქვს, ორგანიზებულად უნდა გადაიყვანოს დამსაქმებელმა. თუ ეს არ ხერხდება, შესაძლებელია პირადი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილება.
რას აკეთებს ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად?
მთავრობა ამბობს, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. სანამ გეგმა საჯარო გახდება, მთავრობის ანტიკრიზისული ქმედებების შესახებ ვიცით 13 მარტის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებიდან, სადაც ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა გააცნო საზოგადოებას, რომლის თანახმად:
- ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. შედეგად, მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი;
- მოქალაქეებს ბანკები მისცემენ სესხის გადახდის გადავადების შესაძლებლობას;
- ტურიზმის სექტორის კომპანიებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადაუვადდებათ (1 ნოემბრამდე) - ეს შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში;
- კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
- 4-დან 50-მდე ნომრის მქონე სასტუმროები მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას - ეს შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო დაზარალდნენ;
- ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ნებისმიერი ნიღბის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, თუკი ჯანმრთელი ხართ. ნიღაბი უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ რესპირაციული სიმპტომები (ცხელება, სურდო ან ხველა) ან იმყოფებით გამოჯანმრთელების პერიოდში.
ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გაიკეთოს მხოლოდ მაშინ, თუ უვლის დაავადებულ ადამიანს. ნიღბის ტარება ეფექტიანია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით.
პირბადეების გამოყენებისას კი უნდა გახსოვდეთ, რომ მას თავისი წესები აქვს: უნდა მოიხსნათ ისე, რომ ხელი არ მოხვდეს შიდა მხარეს, თუკი მრავალჯერადი გამოყენებისაა, გაასტერილოთ შემდეგ ხმარებამდე და გეკეთოთ ისე, რომ დაფაროს ცხვირისა და პირის არეალი - გაუმართლებელია მისი „აწევ-ჩაწევა“ იმ დროის განმავლობაში, რაც გიკეთიათ.
რა ვქნა, თუკი შევამჩნიე საკარანტინო წესების დარღვევა?
უნდა დარეკოთ 112-ზე და ოპერატორს მიაწოდოთ ინფორმაცია.
გავრეცხოთ თუ არა ხილ-ბოსტნეული სახლში მიტანისას საპნით?
ხილისა და ბოსტნეულის ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი საპნით გარეცხვის საჭიროება კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭირო არ არის, თუმცა ხილი და ბოსტნეული კარგად და გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს, ისევე როგორც უნდა გვერეცხა ახალი ინფექციური დაავადების გამოჩენამდე.
საჭირო არ არის არც სამომხმარებლო პროდუქტის შეფუთვისთვის დეზინფექციის გაკეთება. თუკი არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება პროდუქტის ზედაპირი იყოს ვირუსის გავრცელების წყარო, ასეთ დროს შეფუთვის მოცილების შემდეგ, საკვების შეხებამდე, საკმარისია ხელების დაბანა.
გახსოვდეთ, რომ მაღაზიებში სიარულისას უნდა დაიცვათ დისტანცია სხვა მომხმარებლებს შორის, ხელები კი ხშირად იბანოთ.
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ხელის შემშლელი ფაქტორი ადამიანების იზოლაცია, სოციალური კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა და გარე სამყაროსთან ფიზიკური კონტაქტების შემცირებაა: ამ გზით ამცირებთ რისკს, შეხვდეთ ვირუსის მატარებელს, შეეხოთ იმ ნივთებს, რომლებზეც შეიძლება ვირუსი ცხოვრობდეს, ან გადასდოთ სხვას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვირუსის მატარებელი უსიმპტომოდ ხართ.
ვირუსის სწრაფად გავრცელების რისკის შემცირება მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო:
- ამ ეტაპზე უშუალოდ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს, არც ვაქცინა მის წინააღმდეგ. მეცნიერებს დრო სჭირდებათ მათ შესაქმნელად და თუ ამ დროის განმავლობაში ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება, ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის წინაშე არ აღმოჩნდებიან;
- არც ერთ ქვეყანას - მათ შორის, განვითარებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს - არ შეუძლია ყველა, ვინც კორონავირუსით დაავადდება, საავადმყოფოში გადაიყვანოს სამკურნალოდ. ეს ჯანდაცვის სისტემების კოლაფსს გამოიწვევს. ქვეყნებში, სადაც ინფიცირებულთა მაღალი რიცხვია, დაავადებულთა ნაწილი სახლებში გადის მკურნალობას (მაგალითად, იტალიაში).
საგანგებო მდგომარეობის გამო საქალაქთაშორისო მოძრაობის აკრძალვა პირად ავტომობილებსაც ეხება?
პირად ავტომობილებს ეს აკრძალვა არ ეხება. საქალაქთაშორისო მოძრაობის დროებით შეჩერება, რისი გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ეხება ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და სამგზავრო მატარებლებს.
პირადი ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ, გარდა კარანტინის ზონებად გამოცხადებული ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისა, სადაც მხოლოდ იქ მცხოვრებ პირებს შეუძლიათ შესვლა იმ პირობით, რომ კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე ვერ გამოვლენ.
გახსოვდეთ, რომ კორონავირუსის დამარცხების ერთ-ერთი რეკომენდაცია შინ დარჩენაა და თუ სხვა ქალაქში გამგზავრება უკიდურესად საჭირო არ არის, თავი შეიკავეთ მგზავრობისგან.
ზოომაღაზიებიც იხურება?
საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს, მუშაობა უნდა შეაჩეროს ყველა სავაჭრო ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და საბანკო განყოფილებებისა. ეს შეზღუდვა არ გავრცელდა ზოომაღაზიებზე, რომელთა ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში, ნაწილი კი შეცვლილი გრაფიკით, თუმცა მაინც აგრძელებს მუშაობას. არსებობს ონლაინ ზოომაღაზიებიც, რომელთა სერვისიც იმ პირებს გამოადგებათ, ვინც გარეთ გასვლას შინ დარჩენას ამჯობინებს და შინაური ცხოველის საკვები უთავდება.
რამდენიმე ზოომაღაზია, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ აგრძელებს მუშაობას:
მუშაობს თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები?
20 მარტის მონაცემებით, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი მუშაობას აგრძელებს, ნაწილი მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პაციენტებს იღებს, ნაწილი დაიკეტა და ნაწილი ფიქრობს, გააგრძელოს თუ არა მუშაობა.
19 მარტს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს, მუშაობა უნდა შეაჩეროს ყველა სავაჭრო ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და საბანკო განყოფილებებისა.
სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, ამბობს, რომ ფიქრობენ, რა ვადამდე შეძლებენ ფუნქციონირებას. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ექიმის მოვალეობაა ნებისმიერ დროს გასწიოს სამედიცინო დახმარება და თუკი პირდაპირი ბრძანება არ იქნება ხელისუფლების მხრიდან, მუშობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.
თუკი სტომატოლოგთან ვიზიტს გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ იზრუნოთ როგორც თქვენს, ასევე თქვენი ექიმის ჯანმრთელობაზე. იკითხეთ, ტარდება თუ არა სადეზინფექციო სამუშაოები, მიდით ზუსტად იმ დროს, როცა ჩაეწერებით, რომ თავიდან აიცილოთ კონტაქტი სხვა პირებთან მოსაცდელში და გახსოვდეთ, გრიპის სიმპტომებისას სჯობს სახლში დარჩეთ.
აგრძელებს სავალუტო ჯიხურები მუშაობას?
მთავრობის გადაწყვეტილება, სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, სავალუტო ჯიხურებს არ ეხება.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სავალუტო ჯიხურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას
შეიძლება თუ არა, ვირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოს?
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩინეთში ცხოველებიდან გავრცელდა, ამ დრომდე არ დასტურდება შინაური ცხოველების დაინფიცირება.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ მიუღია ინფორმაცია შინაური ცხოველების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ. არ არსებობს ასევე არანაირი მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები კორონავირუსის გადამცემები არიან.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცხოველებს სხვა დაავადების გადაცემა შეუძლიათ ადამიანებისთვის, ყოველთვის კარგი აზრია ხელების დაბანა მათთან თამაშის ან კონტაქტის შემდეგ.
როგორ დავეხმაროთ მოხუცებს?
კორონავირუსის შესახებ არსებული ცოდნის მიხედვით, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები რისკჯგუფს წარმოადგენენ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახლში ყოფნის რეკომენდაცია მათ გულმოდგინეთ დაიცვან.
მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ან სხვა საჭიროების მქონე მოხუცების დასახმარებლად სამმა ქალმა 13 მარტს ფეისბუკზე ჯგუფი შექმნა “დავეხმაროთ მოხუცებს” და ერთ დღეში 55 500 ლარზე მეტი მოაგროვა. თანხას მოხუცების საკვებით, მედიკამენტებით, ჰიგიენის ნივთებით, გასათბობი საშუალებებით და კომუნალური გადასახადის გადასახდელად იყენებენ - იმის მიხედვით, ვის რა საჭიროება აქვს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, ყველაზე მარტივი გზა ამ ჯგუფში გაწევრიანებაა - იქ ნახავთ, რა მატერიალური ან ფიზიკური საჭიროება არსებობს მოცემულ მომენტში.
პარალელურად, თბილისის მერია გამოვიდა ინიციატივით, რომ ის პირები, ვინც აქამდე მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ, საკვებს სახლში მიიღებენ. ამ საქმისთვის მერიას მოხალისეები სჭირდება, რომელსაც წითელ ჯვართან ერთად გადაამზადებს.
- თუ გსურთ დარეგისტრირდეთ მოხალისედ, დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 722222. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ დაგიკავშირდებიან და გაივლით შესაბამის ტრენინგს;
- თუ თქვენ თვითონ გჭირდებათ ან იცნობთ ადამიანს, რომელსაც სჭირდება მერიისგან სახლში სურსათის მიტანის სერვისი, ასევე მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222) უნდა დარეკოთ და განაცხადოთ, რომ გსურთ ისარგებლოთ ქალაქის შემოთავაზებით.
გახსოვდეთ რომ სერვისი მოქმედებს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოხუცების დახმარება კეთილი საქმეა, მაგრამ პანდემიისას მათთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - მათთან მისვლისას დარწმუნებული იყავით, რომ სრულიად ჯანმრთელი ხართ და დაიცავით ჰიგიენის ნორმები.
როგორ არ ჩავვარდეთ დეპრესიაში იზოლაციისას?
პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა, შფოთვა და შიშები ასეთ დროს ნორმალურია. თუ მიხვდით, რომ დახმარება გჭირდებათ, მოითხოვეთ. თუ მიხვდით, რომ ემოციებს ვერ უმკლავდებით, ილაპარაკეთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ სპეციალისტები სიმშვიდისთვის ალკოჰოლისგან თავშეკავებას, ინფორმაციის ზომიერ მიღებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების შეძლებისდაგვარად დაცვას გვირჩევენ..
აი, რამდენიმე რჩევა იმ ფსიქოლოგისგან, რომელსაც რადიო თავისუფლება კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სხვადასხვა დროს ელაპარაკა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებულები ვიყოთ. ეს სტრესს ძალიან აქვეითებს და თან უნდა ვიცოდეთ რისკებიც და დადებითი ინფორმაციაც - ის, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევები სჭარბობს ლეტალურ შემთხვევებს და თან ორიენტირები მოგვცეს ინფორმაციამ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ თავი უკეთესად“, - გვითხრა ჯანა ჯავახიშვილმა.
„ვიზრუნოთ საკუთარ თავზე: ვისეირნოთ, ვიკითხოთ და ვისწავლოთ ცხოვრება „აქ და ახლა“ პრინციპით. დავურეკოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც, დიდი ხანია, არ მოგვიკითხავს; გავმართოთ ონლაინშეხვედრები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს“, - გვირჩევს ნათია კუჭუხიძე..
„ეს ბრძოლა ბნელ ოთახში ხმლის ქნევას ჰგავს, მაგრამ როცა სხვა საშუალება დღეს არ გვაქვს და მჯერა, რომ მალე გვექნება, ის უნდა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს, რასაც გვეუბნებიან, გვასწავლიან: დავრჩეთ სახლში, გავუადვილოთ ერთმანეთს სახლში დარჩენის თანმხლები სირთულეები - იქნება ეს თბილი და გამამხნევებელი სიტყვები, ერთობლივი საქმიანობა, თამაში, ურთიერთობა და სხვა“, - ამბობს ქეთევან თავართქილაძე.
„გვიწევს თვითიზოლაციაში ცხოვრება, რაც დამატებითი ფაქტორია სტრესული ფონის მომატებისა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. ზოგადად, შფოთვა ყოველთვის უკავშირდება მომავალს. თუკი იწყებ ფიქრს, რომ ასეთი მდგომარეობა გასტანს დიდხანს, მაშინ მდგომარეობა რთულდება. იმისათვის, რომ შევამციროთ შფოთვის დონე, კარგი იქნება, ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და არა იმაზე, თუ რა იქნება ორი თვის შემდეგ“, - ეს ქეთი ფილაურის რჩევაა.
მეც მეხება “სწრაფი ტესტირება?”
იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსი რიგ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რამდენიმე ქვეყანამ მასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდად “სწრაფი ტესტირება” აირჩია, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ სიმპტომების მქონე ან მათთან კონტაქტში მყოფ პირებს, არამედ საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს უტარებენ ტესტს და ამცირებენ რისკს, რომ დაავადება სწრაფად და უკონტროლოდ გავრცელდეს.
სწრაფი ტესტირების შემოტანის საკითხი საქართველოშიც დგას. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირების მასობრივად ჩატარდება მაშინ, როცა ქვეყანაში ადამიანები უკონტროლოდ დაინფიცირდებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გეგმა, რომლის მიხედვითაც მასობრივი ტესტირებები განხორციელდება, ჯერ არ არსებობს, მაგრამ მასზე მუშაობენ.
შესაბამისად, პასუხი იმაზე, როდის დაიწყება სწრაფი ტესტირება, ვის ან სად ჩაუტარდება და ჯამში მოსახლეობის რა ნაწილს დაფარავს, ჯერ არ არსებობს.
როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს, თუკი წამალი მის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს?
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ ჯერჯერობით არ დამტკიცებულა ერთი კონკრეტული პრეპარატი, ექიმები და მეცნიერები მსოფლიოში რამდენიმე პრეპარატზე შეჯერდნენ, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც 24 მარტამდე ე.წ. მარსელის პროტოკოლით მკურნალობდა კორონავირუსით ინფიცირებულებს, 24 მარტს კი საკუთარი პროტოკოლი დაამტკიცა.
37-გვერდიან პროტოკოლში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში შესწავლის სტადიაშია, დაახლოებით, 11-12 მედიკამენტი. ზოგიერთი მკვლევრისა და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ქართული პროტოკოლი ამბობს, რომ, მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).
უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობას არ საჭიროებენ. ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის 22 დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
ჰიდროქსიქლოროქინის ხელმისაწვდომობის არარსებობის შემთხვევაში, მისი ალტერნატივა შეიძლება იყოს ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი). ქართული პროტოკოლი ამ ორი პრეპარატის გარდა კიდევ 10-მდე პრეპარატს ცნობს, მათ შორის, რემდესივირსაც და აღნიშნავს, რომ ერთდროულად მხოლოდ ორი პრეპარატის გამოყენებაა რეკომენდებული.
ჩატარდება თუ არა ეროვნული გამოცდები?
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, არ იგეგმება გამოცდების გაუქმება და ამ ეტაპზე, არც გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.
“საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები....ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის”,- ნათქვამია ეროვნული გამოცდების ცენტრის განცხადებაში.
შეიძლება თუ არა პარკებში სეირნობა ?
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მარტის ბოლოდან დაიკეტა ლისის და კუს ტბა, იპოდრომის ძველ ტერიტორიასა და ყველა მუნიციპალურ პარკში: მზიური, ვაკის პარკი, მუშტაიდი და ა.შ გადაადგილება შეიძლება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 3 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება არ შეიძლება და სეირნობისას თქვენსა და სხვა მოქალაქეებს შორის უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 ლარით დაჯარიმდებით.
ნახეთ რას ამბობს ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი:
შეიძლება თუ არა, კორონავირუსი იყოს საფრთხე ალერგიული ადამიანებისთვის
ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ალერგიული ადამიანები რისკჯგუფში არ არიან. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღებით ყოფნა სჭირდება ალერგიულ ასთმიანებს.
ალერგიის გამწვავების პერიოდში მათ დამატებითი ძალისხმევა უნდა დახარჯონ იმაზე, რომ თავი შეიკავონ სახეზე ხელის შეხებისგან. გასათვალისწინებელია ინფექციისგან თავდაცვის ყველა რეკომენდაცია - სპირტის შემცველი ხსნარით დამუშავება, ხელების ხშირი ბანა, ხელთათმანების გაკეთება და ა.შ.
როდის მოიხსნება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები?საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა, რომელიც 2-2 კვირიან შუალედებს მოიცავს:
პირველი ეტაპი - 27 აპრილიდან დაშვებულია ონლაინვაჭრობა, ავტომანქანებით გადაადგილება, სანიტარული ნორმების დაცვის შემთხვევაში კი ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მეორე ეტაპზე - დაშვებული იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების სრულად ამუშავება, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპზე - გარდა დიდი სავაჭრო მოლებისა, იხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა: „ეს ნიშნავს, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვხსნით ვაჭრობას“.
მეოთხე ეტაპზე - იხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპზე - იხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
მეექვსე ეტაპზე - დაშვებულია გასართობი, სპორტული, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშების, სასტუმროების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ყველა სხვა სახის საქმიანობა.
თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს როგორც უკვე გაუქმებული შეზღუდვების აღდგენა, ისე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.
დადგება თუ უკვე დადგა პანდემიის პიკი საქართველოში?
ამასთან დაკავშირებით პირველი აპრილიდან მოყოლებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არაერთგვაროვან პასუხს სცემდნენ.
თუმცა, სხვა ქვეყნების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ავადობის პიკური მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში ფიქსირდება, მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ ავადობის პიკი დგება ქვეყანაში პირველი შიდა გადაცემის ფაქტის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში. Პირველის ვარიანტის მიხედვით საქართველოში ავადობის პიკი 29 აპრილს უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით პიკმა 16 მაისისთვის უნდა გადაიაროს.
COVID 19-ის პიკის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, 26 აპრილს თქვა, რომ „ამჟამად, ჩვენ, წესით, COVID19-ით ავადობის პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“.
ვმუშაობდი და კორონავირუსის გამო დავრჩი შემოსავლის გარეშე მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
თუ თქვენ 2020 წლის პირველ 3 თვეში - იანვარში, თებერვალში, მარტში ერთხელ მაინც გაქვთ აღებული დამსაქმებელი კომპანიისგან ხელფასი მაშინ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს ჩაგირიცხავთ.
ამ კატეგორიაში, ანუ დაქირავებით დასაქმებულების კატეგორიაში, გადიან პირები, ვინც ან სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ან უხელფასო შვებულებაში არიან, ან დამქირავებელი უბრალოდ ვეღარ უხდის ხელფასს.
300-ლარიანი დახმარების მისაღებად არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მუშაობდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში. ამ ეტაპისთვის მათ ორი გზა აქვთ: ცნობა ან იმ იურიდიული პირისგან უნდა მიიღონ, რომელთანაც მუშაობდნენ, ანდა თავად დაადასტურონ - ვთქვათ, საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. მათ ვერაფრით დაეხმარებიან კერძო პირები და ოჯახები.
ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებიც თუნდაც საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობით დაადასტურებენ საქმიანობასა და შემოსავლებს - განაცხადა 29 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. ტრანზაქციები 2020 წლის პირველ სამ თვეში უნდა იყოს განხორციელებული.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კერძო პირებთან, ოჯახებში მომუშავე თვითდასაქმებულები, მაგალითად - ძიძები, მძღოლები, დამლაგებლები, ხელოსნები ან მუშები, ასე შეძლებენ სტატუსის დასაბუთებას. ანაზღაურება არ მოხდება კერძო პირების (ანუ კონკრეტული ოჯახის წევრების) მიერ გაცემული ცნობებით.
როდემდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა?
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი. Შესაბამისად, ბოლო გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?როგორც მინიმუმ, 22 მაისამდე მოგზაურობა შეუძლებელია, რადგან ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, საქართველომ კი თავისი საჰაერო სივრცე ყველა ავიაკომპანიისთვის დახურა 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, თუ რომელ ქვეყანაში გინდათ მოგზაურობა, რადგან პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვრები ისევ ჩაკეტილია.
“დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს, იმიტომ რომ ტურიზმი ჩვენთვის არის განმსაზღვრელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს.
როგორ წავიდე ქალაქგარეთ მანქანით?
მართალია მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსით მოძრაობა აკრძალული არ არის, მაგრამ 22 მაისამდე ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“. საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე, გადაადგილება როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვისაც ისევ იკრძალება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ მათ, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.
რაც შეეხება ქალაქგარეთ გასვლას მანქანით, ამ შემთხვევაში საშვი გჭირდებთ.საშვები გაიცემა თბილისში, ბათუმში, რუსთავში და ქუთაისში მცხოვრებ იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც სჭირდებათ ქალაქიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით. ქალაქიდან გასვლის და შემოსვლის საათებია - დილით - 06:00-08:00 სთ-მდე, და საღამოს 06:00-07:00 სთ-მდე. თბილისელებმა საშვის ასაღებად უნდა შეავსოთ ელექტორნული განაცხადი ამ მისამართზე www.mepa.gov.ge და დაელოდოთ ელექტრონულ პასუხს.
იგივე მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მიმართეთ რეგიონულ შტაბებს.
ამ სემესტრში წავლენ ბავშვები სკოლაში?
სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთ თვით გახანგრძლივების გამო, წელს ბავშვები საკლასო ოთახებს ვეღარ დაუბრუნდებიან. სემესტრი დასრულდება ტელესკოლისა და დისტანციურის წავლების დახმარებით.