2011 წლიდან, ანუ ამერიკული შატლების გაშვების შეწყვეტის შემდეგ, რუსული ხომალდები „სოიუზი“ და „პროგრესი“ ნამდვილ მუშა ცხენებად იქცნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის (ISS). მას, ერთი მხრივ, საჭირო ტვირთით ამარაგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ ამ ხომალდების საშუალებით ხდება სადგურიდან დედამიწაზე კოსმონავტების დაბრუნება. გარდა ამისა, ასევე „სოიუზი“ და „პროგრესი“ ანიჭებს სადგურს გაქანების ენერგიას, რომელიც ISS-ის ორბიტაზე დარჩენისა და ორიენტირებისათვის სჭირდება.
თუმცა ბოლო წლებში რუსეთის კოსმოსურმა პროგრამამ არაერთი დარტყმა განიცადა: მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა კორუფციული სკანდალებით, დაფინანსების შემცირებით, არაერთი ავარიითა და პროგრამის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკის მეცნიერებაზე მაღლა დაყენებით.
2025 წლის 27 ნოემბერს, როდესაც „სოიუზი“ (რომელშიც ორი რუსი კოსმონავტი და ერთი ამერიკელი ასტრონავტი იმყოფებოდა) ბაიკონურის ისტორიული კომპლექსიდან აფრინდა, გამშვები მოედნის ძირითადი კომპონენტი, ე.წ. ტექნიკური მომსახურების კაბინა რაკეტის საქშენიდან გამოსულ ცეცხლოვან რეაქტიულ ჭავლში მოყვა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, ადამიანური შეცდომა იყო ეს თუ ტექნიკური წუნი, თუმცა რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ „როსკოსმოსმა“ განაცხადა, რომ საჭირო იქნება მოედნის საფუძვლიანი შეკეთება.
პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს მოედანი - გამშვები პუნქტი 31/6 - ერთადერთია ბაიკონურში, რომელსაც შეუძლია „სოიუზის“ პილოტირებული ხომალდების გაშვება. ექსპერტების თქმით, უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვეში შეაკეთებენ; თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ რემონტს წლები დასჭირდეს.
„თუ ეს რაღაცა განადგურებულია, მაშინ რუსებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა კვლავ შეძლონ რაკეტების გაშვება“, - თქვა ტერი ვირტსმა, NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მეთაურმა, რომელიც ბაიკონურიდან გაშვებული „სოიუზით“ არის ნაფრენი, - „და რადგან მთელი მათი ძალისხმევა მიმართულია ომის მანქანაზე, არ ვარ დარწმუნებული, რომ კოსმოსური ხომალდების მალე გაშვებას შეძლებენ“.
„თუმცა ისინი რუსები არიან და, როგორც წესი, ახერხებენ ფონს გასვლას იმით, რაც ხელთ აქვთ“, - დასძინა მან.
ამერიკულ კერძო კომპანიებს, SpaceX-სა და Blue Origin-ს, ასევე შეუძლიათ ადამიანების (მათ შორის, რუსი კოსმონავტების) და მცირე ტვირთების ორბიტალურ სადგურზე (და უკან) ტრანსპორტირება, თუმცა მათ არ შეუძლიათ რუსული „პროგრესის“ მსგავსად სადგურის სწორი ორიენტაციის უზრუნველყოფა.
„ამ განსხვავების გარკვეული კომპენსირება შეუძლიათ სხვა არარუსულ ხომალდებს - Northrop Grumman-ის Cygnus-ს; იაპონურ HTV-X-ს; Boeing-ის Starliner-ს", - განაცხადა სკოტ პეისმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ ვითარება გართულდება, თუ „პროგრესის“ მისიებს შორის დიდი წყვეტები იქნება", - თქვა მან, - "მოვისმინე სხვადასხვა შეფასება ამ ობიექტის შეკეთების ვადის შესახებ: ოპტიმისტურია ექვსი თვიდან, პესიმისტური ორ წლამდე“.
„ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს კოსმოდრომები და გამშვები კომპლექსები, რომლებსაც შეუძლიათ პილოტირებული ფრენების განხორციელება“, - თქვა ვადიმ ლუკაშევიჩმა, კოსმოსური ინდუსტრიის ექსპერტმა და მსხვილი რუსული საკონსტრუქტორო ბიუროს, „სუხოის“ ყოფილმა კონსტრუქტორმა.
„რუსეთი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა ყველაზე სუსტი რგოლი წყდება და ყველაფერი გაფუჭებულია“, - უთხრა მან რუსულ საინფორმაციო პორტალ BFM.ru-ს.
უკეთესი დროება
ბაიკონური თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა და რუსული კოსმოსური პროგრამების სინონიმი იყო.
სამხრეთ ყაზახეთის სტეპებში გაშლილი კომპლექსიდან ასობით ხომალდი და ბალისტიკური რაკეტაა გაშვებული, რითაც ბაიკონურმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოსმოსის სფეროს დიდებულ მიღწევებში. აქედან გაუშვეს „სპუტნიკი“ - დედამიწის პირველი თანამგზავრი; იური გაგარინი - პირველი ადამიანი კოსმოსში.
კომპლექსმა გაუძლო საბჭოთა კავშირის დაშლას; ამჟამად რუსეთი ამ ობიექტს ყაზახეთისგან ქირაობს იჯარით.
ვიდრე კერძო კოსმოსური კომპანიები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენებს დაიწყებდნენ, ბაიკონური ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც ადამიანებისა და ტვირთის ორბიტაზე გაყვანა შეიძლებოდა. ეს ობიექტი უზრუნველყოფდა კომერციული თანამგზავრების საიმედო და შედარებით იაფ გაშვებას, რამაც, ერთ-ერთი შეფასებით, რუსეთს ბოლო 25 წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რუსული კომპანიებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სანქციები დააწესეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, NASA და „როსკოსმოსი“ განაგრძობდნენ თანამშრომლობას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციაში.
„როსკოსმოსის“ რეპუტაცია არაერთი ინციდენტის გამო შეილახა, მათ შორის: დღემდე აუხსნელი ხელოვნური ხვრელით, რომელიც აღმოაჩინეს სადგურზე რუსეთში დამზადებული მოდულის კორპუსში; ორბიტიდან დედამიწაზე დაბრუნებული ეკიპაჟის ავარიული დაშვებით; სკანდალით, რომელიც პატივცემული კოსმონავტის წოდებრივ დაქვეითებას ეხებოდა.
წლების განმავლობაში რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს („როსკოსმოს“) ხელმძღვანელობდა დმიტრი როგოზინი, გაბღენძილი ნაციონალისტი და დუმის ყოფილი დეპუტატი. მისი ხელმძღვანელობით „როსკოსმოსმა“ ბაიკონურის ნაცვლად ახალი ობიექტი ააშენა: კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში, ამურის ოლქში მდებარეობს.
თუმცა ამ პროექტის ღირსება მნიშვნელოვნად გააფერმკრთალა ხარჯების მასშტაბურმა გადახარჯვამ და კორუფციულმა სისხლისსამართლებრივმა საქმეებმა. 2017 წელს კოსმოდრომის მშენებლებმა შეწყვიტეს მუშაობა, ზოგიერთმა მათგანმა კი ხელფასების გადაუხდელობის გამო შიმშილობა დაიწყო. ცოტა ხნის წინ „ვოსტოჩნის“ ნაწილი დაზიანდა ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით.
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას როგოზინმა რამდენიმე გამაოგნებელი კომენტარი გააკეთა, მათ შორის, ივარაუდა, რომ რუსულ კაფსულში ნაპოვნი ხელოვნური ხვრელი განზრახ იყო გაკეთებული ამერიკელი ასტრონავტის მიერ. გარდა ამისა, როგოზინმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ სამ კოსმონავტს დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების დროშებით პოზირების ნება დართო, რამაც NASA-ს მხრიდან უჩვეულო საჯარო გაკიცხვა გამოიწვია.
მალე როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი ადგილი ტექნოკრატმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა დაიკავა.
დმიტრი როგოზინის გენდირექტორობისას განიცადა კატასტროფა (2018 წლის 11 ოქტომბერი) რუსულმა რაკეტა-მატარებელმა, რომელმაც ვერ გაიყვანა ორბიტაზე ხომალდი Союз МС-10, რომლის კოსმონავტები კატაპულტირდნენ მაშველი კაფსულის დახმარებით. დმიტრი როგოზინის დირექტორობის დროს დაკარგა „როსკოსმოსმა“ ლიდერობა ორბიტაზე გაყვანილი სამოქალაქო დანიშნულების კოსმოსური ხომალდების რაოდენობის მიხედვით: 2011-2016 წლებში „როსკოსმოსზე“ მოდიოდა კოსმოსური სტარტების 35-40%, 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 22%-მდე ჩამოვიდა, 2018-ში კი 18%-მდე დაეცა. რუსეთმა პირველობა დაუთმო ჩინეთსა და ამერიკას.
27 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობაში NASA-მ განაცხადა, რომ უწყება მომხდარის საქმის კურსშია და, რომ ობიექტის ინსპექტირებას „როსკოსმოსი“ ახდენს. NASA-მ მედიას ურჩია დამატებითი განმარტებებისთვის რუსეთის კოსმოსური სააგენტოსთვის მიემართათ.
„NASA მჭიდროდ თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის „როსკოსმოსთან“, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და მისი ეკიპაჟის წევრების მუშაობის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
„ძნელი სათქმელია, რამდენად რეალისტურია ეს“
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა შეზღუდა „როსკოსმოსის“ შესაძლებლობა, შეეძინა ტექნოლოგიები და აღჭურვილობა მოძველებული ინფრასტრუქტურის გასაახლებლად.
ტექნოლოგიები, რომლებზეც „სოიუზი“ და „პროგრესი“ არიან შექმნილი, დიდწილად რუსულია, რაც მნიშვნელოვნად იცავს რუსეთის კოსმოსურ პროგრამას გლობალური ბაზრებიდან მოსკოვის მოკვეთის გამო შექმნილი შეფერხებებისგან.
ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება სცადოს სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის მოპოვება ბაიკონურის სხვა ობიექტებიდან ან სხვა მოედნებიდან: მაგალითად, „ვოსტოჩნიდან“ ან რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე „პლესეცკიდან“, საიდანაც ასევე ხდება თანამგზავრებისა და რაკეტების გაშვება.
თავად „როსკოსმოსში“ აცხადებენ, რომ რემონტი აპრილისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ამ ვადას ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს.
თუ სამუშაოები სწრაფად წარიმართება, კიდევ შეიძლება ამ ვადაში ჩატევა, განაცხადა ნურლან ასელკანმა, ყაზახური ჟურნალის „კოსმოსური კვლევისა და ტექნოლოგიების“ მთავარმა რედაქტორმა და გამომცემელმა.
„ძნელი სათქმელია, რამდენად რეალისტურია ეს“, - თქვა მან, თუმცა, მისივე განცხადებით, ინჟინრებმა შესაძლოა უკვე იპოვეს დაზიანებული კაბინის შემცვლელი ტამბოვის ოლქში მდებარე სამხედრო-კოსმოსურ ბაზაზე და ახლა ჩქარობენ მის ყაზახეთში ჩატანას.
ასელკანის თქმით, ინციდენტმა ასევე განგაშის სიგნალის როლი ითამაშა სირთულეების წინაშე მდგომი „როსკოსმოსისთვის“, რომელიც იძულებული გახდა შეემცირებინა თავისი გეგმები.
„მჯერა, რომ გარკვეულწილად, ამ ავარიამ „როსკოსმოსს“ რეალიზმისკენ უბიძგა, რადგან შეიქმნა ვითარება, როცა ეს ამბიციები - კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის, ახალი რაკეტებისა და ახალი ხომალდების შექმნისა - შესაძლებლობებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - თქვა მან.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი თქმით, „ბაიკონური უახლოეს მომავალში კვლავაც „როსკოსმოსის“ მთავარ კოსმოდრომად დარჩება“.
9 დეკემბერს, „სოიუზის“ კაფსული, რომელმაც ორი რუსი და ერთი ამერიკელი დააბრუნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, უსაფრთხოდ დაეშვა ყაზახეთის სტეპებში, როგორც ეს გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა.
ფორუმი