Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეაჩერებს დელტა შტამს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 აგვისტოს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 10 %. ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დელტა შტამის გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა, რომ მოსახლეობის 30 % მაინც აიცრას.

„იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30 %-ის აცრა აუცილებელია. 30 %-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, ხოლო 40 %-ის შემთხვევაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სერიოზულად იკლებს. აგვისტოში გავდივართ 650 000 აცრაზე და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ, ეს არ არის მილიონი ადამიანი, არამედ მილიონი აცრა, რადგან იცით, რომ ვაქცინა ორჯერადად კეთდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული, სწავლა როგორი ფორმით განახლდება. გამყრელიძის თქმით, თუ პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ასევე, ადგილზე მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80 % სრულად ვაქცინირებული იქნება, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.

წაიკითხე მეტი.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთაშორისო მისწრაფებები იყო.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

დღეს ცნობილი გახდება, ვის დაასახელებს პარტია „ლელო“ თბილისში მერობის კანდიდატად. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ დაასახელებს როგორც მერობის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. მოგვიანებით კი პარტია სრულ გუნდს წარუდგენს საზოგადოებას.

ერთი კვირის წინ პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, შესრულებულია დიდი სამუშაო და ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია ყველა კანდიდატი. მაგრამ ჯერჯერობით პასუხგაუცემელია შეკითხვა - ყველგან წარადგენს თუ არა პარტია საკუთარ კანდიდატებს.

გუშინ საღამოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასრულა კანდიდატების წარდგენა დანარჩენ ქალაქებში.

პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა პარტიების წარმომადგენლებს:

  • ლაგოდეხში - ზურაბ ჯაფარიძეს
  • თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძეს
  • ჭიათურაში - ნოდარ ჩაჩანიძეს
  • ლანჩხუთში - ლია მუხაშავრიას
  • ხონში - ზურაბ ჯიბუხაიას
  • მესტიაში - გეგი გულედანს

ვინ წარადგინა, ვინ აპირებს წარდგენას და ვინ იკავებს თავს კანდიდატების წარდგენისგან? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მერკელი „გამოსამშვიდობებელ მოგზაურობას“ უკრაინაში აგრძელებს, დღის წესრიგშია გაზსადენები და ყირიმი

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 22 აგვისტოს კიევს ესტუმრა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მანამდე მერკელი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა.

კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელის 16-წლიანი მუშაობა შემდეგ თვეში დასრულდება. ამგვარად, მისი მიმდინარე ვიზიტები ერთგვარი „გამოსამშვიდობებელი მოგზაურობაა“.

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კანცლერმა განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზი არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი, და მხარი დაუჭირა უკრაინასთან ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმების გახანგრძლივებას.

ანგელა მერკელი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს, კიევის მთავარი მხარდამჭერი იყო.

წაიკითხე მეტი.

პანდემიის დასასრული გადაიდო - ვიცით როდემდე?

უკვე თითქმის ორი წელი გავიდა, რაც მსოფლიოში პანდემიას დასასრული არ უჩანს. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა, ოპტიმისტურად ნათქვამი „აი, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება” სულ უფრო და უფრო იშვიათად ისმის. პანდემია თითქოს დასრულებას არ აპირებს და ვირუსი მუდმივად ვითარდება, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.

კოვიდის მთლიანად ამოძირკვის შანსი თითქმის არარეალურია - ბოლომდე გამქრალი ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ორი დაავადებაა, ყვავილი და საქონლის ჭირი; ორივე მათგანი ვაქცინაციის წყალობით გადაშენდა, მაგრამ ვაქცინის არასაკმარისად ხელმისაწვდომობისა და ანტივაქსერული მოძრაობების გამო, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელა მიმდინარეობს. ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრება.

დაავადებების უმეტესობა, რომლებმაც ოდესღაც პანდემია გამოიწვიეს და უამრავი სიცოცხლე შეიწირეს, ახლა უმნიშვნელო, ანუ ენდემურ დონემდე დავიდა. მაგალითად, ასე მოხდა გრიპის შემთხვევაში: 1918 წელს გრიპი, დიდი ალბათობით, სასიკვდილო განაჩენი იყო - მაშინდელმა ვარიანტმა 50 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. დღეს გავრცელებული გრიპის სეზონური ვირუსები 1918 წლის “შთამომავლებია”, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია.

პანდემიის დაწყებიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ მსგავსი ბედი ელის კორონავირუსსაც, და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მის მოგერიებას ისწავლის. პანდემიის ამ გზით დამთავრებას 2020 წელს რამდენიმე ქვეყანა ფიქრობდა - მაგალითად შვედეთი. ჩანაფიქრის მიხედვით, რისკ-ჯგუფები სახლში დარჩებოდნენ, დანარჩენები კი შემსუბუქებული შეზღუდვების პირობებში დაავადებას გადაიტანდნენ და მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნიტეტს შეიძენდა. სამწუხაროდ, ამ გეგმას ორი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - კოვიდით სიკვდილიანობა საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთოს; გარდა ამისა, ჩნდება ახალი შტამები და კოვიდგადატანილი ადამიანი შესაძლოა, ისევ დაავადდეს.

წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

„ვისაც პირბადეში გცხელათ, დამიჯერეთ, ჟანგბადის ნიღაბი უარესია“, - ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი, რომელმაც მხოლოდ ერთი აცრა მოასწრო, რის გამოც მისი ორგანიზმი კოვიდს მხოლოდ ნაწილობრივ გაუმკლავდა. გიორგიმ კლინიკიდან მიმართა საზოგადოებას და სთხოვა, აუცილებლად დაეცვათ პანდემიით გამოწვეული ყველა შეზღუდვა.

XS
SM
MD
LG