Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიისაკუთრა მოსკოვმა ბულგარეთის სანაპიროს ნაწილი


კამჩიას კომპლექსი
კამჩიას კომპლექსი

ბულგარეთში შავი ზღვის სანაპიროს ნაწილი მოსკოვის მთავრობის საკუთრებაშია. აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსებმა მიწა ხელში უკანონოდ ჩაიგდეს და სოფიამ ის უკან უნდა დაიბრუნოს. მას შემდეგ, რაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა, ეს თემა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა.

ბულგარეთის შავი ზღვის იზოლირებულ სანაპიროზე, ხეებს შორის კამჩიის სანატორიუმი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობს.

კერძო სანაპიროზე, მდინარე კამჩიას სათავესთან განთავსებულ კომპლექსში რა აღარ არის: სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სკოლა, საკონფერენციო ცენტრები, ობსერვატორიაც კი.

ამ ადგილს ისეთი რაღაცებით შეუძლია იამაყოს, ბულგარეთის ბევრი ქალაქი რომ ვერც იოცნებებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ბულგარეთის არ არის. ამ შენობებს და მათ ქვეშ მიწას მოსკოვის მუნიციპალიტეტი ფლობს.

სოფელ ბლიზნაცის მიწა საკურორტო ქალაქ ვარნადან 25 კილომეტრში მდებარეობს. მიწა მოსკოვის მთავრობამ 2008 წელს შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბულგარეთის კანონმდებლობით, უცხოელებისთვის და უცხოური კომპანიებისთვის ეს შეუძლებელი იყო. მოსკოვმა არათუ კერძო სანაპირო ჩაიგდო ხელში, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებიც გადაიხადა. თან სოფიამ კიდევ მილიონები დახარჯა, რომ ამ კომპლექსისთვის წყალსადენი გაეყვანა.

კორონავირუსის პანდემიის გამო კომპლექსი დაიხურა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი გაჩნდა კითხვა, რამდენად სწორია, ეს მიწა ეკუთვნოდეს რუსეთს, რომელიც ბულგარეთს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს, მით უფრო ახლა, როცა რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს ფლობდნენ.

„კომპლექსში შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს, რაც ბულგარეთის მთავრობამ არ იცის“, - ამბობს იურისტი ვასილ ტანკოვი. ის პროდასავლელ აქტივისტებთან ერთად ბულგარეთის სახელმწიფოს მიწის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

2019 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კამჩიას კრემლის რბილი ძალის ინსტრუმენტი უწოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამყარომ რუსეთი იზოლაციაში მოაქცია, ეს შეიძლება გაზვიადებულად ჩანდეს, მაგრამ ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი ამბობს, რომ კრემლი კომპლექს თავის ბნელი საქმეებისთვის შესაძლოა ახლაც იყენებდეს.

„ეს კომუფლაჟია. იარაღის გამოჩენის წინაპირობა“, - უთხრა პასიმ რადიო თავისუფლებას.

მსგავსი გაფრთხილებები ბულგარეთის ხელისუფლებისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

ამ საკითხზე მინისტრთა საბჭომ, რომელიც ბულგარეთის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანია, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალჩინოსნებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, არ გვაქვს რამე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპლექსიდან ბულგარეთს საფრთხე ემუქრებაო.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ქონების უკან დაბრუნება რომც უნდოდეს, ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - თუ დაამტკიცებს, რომ ის თაღლითობით არის შეძენილი. მსგავსი რამის დამტკიცება კი გაჭირდება.

ეს შენაძენიც და ამ თემაზე პოლემიკაც ცხადყოფს, რომ ბულგარეთს რუსეთთან ორმაგი დამოკიდებულება აქვს. კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, რუსეთი ბულგარეთის ტრადიციული მოკავშირე იყო. ბულგარეთი ჯერაც რუსეთის ნავთობზეა დამოკიდებული, თუმცა, მოახერხა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება მოიხნა, ისევე როგორც ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, რომელმაც რუსეთთან ეკონომიკური კავშირი გაწყვიტა.

მეორე მხრივ, ხალხის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ პრორუსული სენტიმენტები მოსახლეობისთვის უცხო არ არის. მართალია, ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა, მაგრამ ფეხს ითრევდა, კიევისთვის სამხედრო დახმარება ღიად მიეწოდებინა. კულისებში გაცილებით აქტიური იყო.

სამხედრო დახმარების (ძირითადად იარაღი) ორგანიზება მაშინდელი პრემიერ მინისტრის კირილ პეტკოვის ხელმძღვანელობით მოხდა. ის ჰარვარდში ნასწავლი იურისტია, მთავრობა, რომელსაც პეტკოვი ხელმძღვანელობდა, ბულგარეთის მთავრობებს შორის ყველაზე მეტად იყო ორიენტირებული დასავლეთზე. პეტკოვის მეოხებით ბულგარეთმა 2022 წლის ივნისში 70 რუს დიპლომატს ოჯახებიანად დაატოვებინა ქვეყანა. ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სოფიამ ევროკავშირს შეუთანხმა.

ბოიკო ბორისოვი და კირილ პეტკოვი
ბოიკო ბორისოვი და კირილ პეტკოვი

თუმცა, პესკოვის ხელისუფლება განწირული იყო, მხოლოდ ექვს თვეს გასტანა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვმა მის ჩამოსაგდებად ჰიბრიდული ომის ტაქტიკა გამოიყენა.

მიწა იაფად

კამჩიის კომპლექსის შესყიდვის ისტორია 1990-იან წლებში იწყება. კომპანია „ბალკანტურისტი“ თავის ქონებას ჰყიდდა. ეს კომპანია 1989 წლამდე, კომუნისტური რეჟიმის დროს ტურიზმით იყო დაკავებული. 2003 წელს მოსკოვის მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე ნაკვეთების მიტაცება დაიწყო. ყველაზე ნიშანდობლივი შენაძენი 2008 წელს გაკეთდა - ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფელ ბლიზნაცში თითქმის 8 ჰექტარი დაარეგისტრირა, კვადრატული მეტრი 9.7 ლევად, რაც მაშინდელი კურსით 7.25 დოლარი იყო. საბოლოო ფასი საჯაროდ არ გაცხადებულა, მაგრამ ამ გაანგარიშებით, ის დაახლოებით 580 000 დოლარი უნდა ყოფილიყო.

იმის გამო, რომ მოსკოვის მთავრობამ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადაიხადა, ახალი ამბების დამოუკიდებელმა ვებ-გვერდმა „დნევნიკმა“ , 2020 წელს, ეს შეთანხმება დაასახელა როგორც ყველაზე სკანდალური ბულგარეთის პოსტკომუნისტურ ისტორიაში.

საიტ own website-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპლექსი მრავალ რამეს გვთავაზობს: 450-ნომრიანი სასტუმრო „ლონგოზი“, რამდენიმე საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზები, გამაჯანსაღებელი ბანაკები ბავშვებისთვის, აგარაკები სოფელ პირინში, სადაც სასტუმრო და 11 ორსართულიანი დასახლებაა, ზდავეცის სამედიცინო ცენტრი, იური გაგარინის სახელობის საწვრთნელ-საგანმანათლებლო ცენტრი, კამჩიის სპორტული კომპლექსი, რომელიც ოლიმპიურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ორიათასადგილიანი ამფითეატრი.

შუაში: იანკა ტაკევა
შუაში: იანკა ტაკევა

კომპლექსის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი 2008 წელს სოციალური პოლიტიკის მაშინდელმა მინისტრმა ემილია მასლაროვამ მოაწერა. ამ ხელშეკრულების პირობები დღემდე ბუნდოვანია. ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი სტანიშევის მთავრობამ 7.7 მილიონი ლევი (4.2 მილიონი დოლარი) გამოყო იმისთვის, რომ კომპლექსისთვის 10.5 კილომეტრიანი წყალსადენი გაეკეთებინათ.

იმ დროისათვის ბულგარეთის კანონმდებლობა უცხოელებს და უცხოურ კომპანიებს ბულგარეთის მიწის შესყიდვას უკრძალავდა. კანონს გვერდი იმით აუარეს, რომ კომპანია ბულგარეთში იყო დარეგისტრირებული, მაგრამ კამჩიას კომპლექსისა და მიწის საბოლოო მფლობელი მოსკოვის მუნიციპალიტეტის მთავრობა გახდა.

უფრო მჭიდრო კავშირებისკენ

2010 წელს კამჩიას კომპლექსი დიდი პომპეზურობით გაიხსნა. ლენტი გადაჭრეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბოუკო ბორისოვმა და მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა.

ამის შემდეგ მას კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსები, მაგალითად, ბორისოვი და სხვა მაღალი რანგის სტუმარიც ეწვივნენ, მათ შორის იანკა ტაკევა, ბულგარელი მასწავლებელთა კავშირის პრეზიდენტი. ის აღფრთოვანებული იყო იმით, რომ კამჩია „უამრავ, პოზიტიურ, სამუშაო პირობას“ გთავაზობდა.

მიუხედავად იმის, რომ თავად შავ სიაში არ მოხვედრილა, ტაკაევა ბულგარეთის იმ ლობისტური ჯგუფის წევრია, რომელიც რუსოფილიის ეროვნულ მოძრაობად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელი თებერვალში ვაშინგტონის სანქციებში მოჰყვა, მაშინ როცა აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ბულგარელი კორუმპირებული პირების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყეს.

კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ კომპლექს უკავშირდება, პრინცი კირილია, ბულგარეთის ბოლო მეფის სიმონ მეორის ვაჟი. პრინცი კირილი კომპლექსის საბავშვო ცენტრში „მენტორულ“ სამუშაოებს ასრულებდა.

აქ ბულგარელი ათლეტებიც ვარჯიშობდნენ. ასევე პატრიოტიზმთან დაკავშირებულ თემებზე სემინარებს აწყობდნენ ბულგარეთის უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფები. 2018 წელს კი იქ 500 იურისტი შეიკრიბა და სისხლის სამართლოს კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

აღმავლობა და დაცემა

საბოლოოდ „კამჩიას“ პოპულარობამ ადგილობრივებს მხოლოდ გადასახადები დაუტოვა.

„ტურისტების უმრავლესობა ბავშვი, მარტოხელა დედა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. ეს არ იყო ტურიზმის სტანდარტული სახე. წლების განმავლობაში მხოლოდ ამ სამი კატეგორიის ხალხი მოდიოდა“, - ამბობს ემანუილ მანოლოვი, მერი ავრენის მუნიციპალიტეტისა, სადაც კამჩია მდებარეობს.

მაგრამ, როდესაც 2019 წელს ტურისტების ნაკადი შემცირდა, აღმოჩნდა, რომ კამჩიას 550 ათასი დოლარის გადასახადი აქვს გადასახდელი. ამ დროს ბორისოვი რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოებაზე ალაპარაკდა, სპორტის, განათლებისა და პროფესიული შეხვედრების კუთხით. ამ საკითხს ის, 2019 წელს, რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დმიტრი მედვედევთან განიხილავდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ლავროვმა გამოცხადა, რომ რუსეთის ეროვნული თავდაცვის საბჭო განიხილავს „კამჩიას“ ქონება მოსკოვს ჩამოართვას და რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცეს. მან გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა, თქვა, რომ ეს მხარე ევროპაში რუსული ინტერესების გასატარებელი მთავარი პლატფორმა გახდებოდა.

„თუ რა იგულისხმება რბილ ძალაში ეს იმისდა მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, თუ ვინ ამბობს ამას“, - თქვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პასიმ. - „თუ რბილ ძალაზე ლავროვი და პუტინი ლაპარაკობენ, ესე იგი რაღაც დამღუპველი ხდება“.

კოვიდმა რუსულ გეგმას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. 2020 წელს კომპლექსი ყველა ღონისძიებისთვის დაიხურა. თუმცა, სული არ განუტევებია. „კამჩიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნედკოვმა 2021 წელს გამოაცხადა, რომ იქაურობის „უნიკალურ ეკოსისტემად, ჭკვიან ქალაქად“ გადაქცევა სურს. ტრაბახობდა, რომ გახსნიდა: „ბიზნეს ინკუბატორს, ბიზნეს-ამაჩქარებელს, სტარტაპ-სტუდიოს, სტარტაპ-სკოლას, ასევე ბლოგერების, ვლოგერებისა და ინფლუენსერების აკადემიას“.

ბულგარეთის სანაპირო
ბულგარეთის სანაპირო

ორი წლის შემდეგაც ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმად რჩება. „კამჩია“ არ მუშაობს. მისი სალონები, საკონფერენციო დარბაზები, სპორტული მოედნები დახურულია და კერძო დაცვა ყარაულობს. კომპლექსის მენეჯერებმა რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხეს.

2022 წელს, მოსკოვის მთავრობამ განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეებიდან გამომდინარე - იგულისხმება ომი, რომელიც კრემლმა უკრაინაში წამოიწყო და სანქციები, რომელიც ამ ომს მოჰყვა - გადაწყდა „კამჩიაში“ სამუშაოები შეჩერებულიყო და იქ შესვლის შესაძლებლობაც შეეზღუდათ.

2023 წელს, ბულგარეთში პოლიტიკურმა აქტივისტებმა, მათ შორის ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ხელისუფლებას მოუწოდეს კომპლექსი რუსებისგან დაეხსნა.

იურისტები აცხადებენ, რომ კომპლექს ფუნქციონირების უფლება არ აქვს, რადგან ის იმ საქმიანობაშია ჩართული, რომელიც ბულგარეთის კანონს არღვევს. ისინი მიუთითებენ, რომ რუსებმა ეს მიწა მაშინ შეისყიდეს, როცა შესყიდვის უფლება არ ჰქონდათ, ბულგარული კომპანია კი სწორედ ამ კანონისთვის გვერდით ასავლელად შეიქმნა.

„ვერ ვაკონტროლებთ იქ რა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბულგარეთის სახელმწიფოს არა აქვს საშუალება იქაურობას თვალი ადევნოს. დარწმუნებულები ვართ, რომ „კამჩიას“ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ“, - წუხს ბოჟინოვი.

პასი ამბობს, რომ ბულგარეთის მთავრობისთვის საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ რუსეთი საელჩოებს ხშირად იყენებდა ჯაშუშობისთვის.

წლის დასაწყისში გამოძიებამ ევროპაში რუსეთის საელჩოების სახურავებზე დაყენებული 182 სატელიტური თეფში აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ეს შპიონაჟისა და ინფორმაციის მოკრების მიზნით კეთდებოდა.

„საზღვარგარეთ რუსეთის ყველა ინსტიტუცია შპიონაჟისთვის გამოიყენება“, - ამბობს პასი.

დაწერილია ტონი ვესოლოვსკის მიერ, რადიო თავისუფლების ბულგარეთის ოფისის ჟურნალისტის გენკა შიკეროვას სტატიის მიხედვით.

XS
SM
MD
LG