Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ქმნის რუსეთის უშიშროება „ნორჩ ტერორისტებს“


რუსეთში უსაფრთხოების სამსახურები არასრულწლოვანებს მასობრივად სდებენ ბრალს ტერორიზმსა და ექსტრემიზმში, ხშირად მტკიცებულებების გარეშე. ექსპერტები ამას ძალოვანთა პროვოკაციად მიიჩნევენ: მოზარდებს „უკერავენ“ საქმეებს, ზღუდავენ აქტივიზმს და ზრდიან რადიკალიზაციის რისკს.

რუსეთში არასრულწლოვანებს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. დაკავების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები ხშირად მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ "ნორჩი ბოროტმოქმედები" „სავარაუდოდ, უკრაინელი კურატორების მითითებით მოქმედებდნენ“, თუმცა როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა რედაქციამ გაარკვია, ხშირ შემთხვევაში მოზარდებს პროვოკაციებს უწყობენ და ტერორიზმის საქმეებს უთითხნიან სწორედ ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

ფსბ მოსწავლეების წინააღმდეგ

2025 წლის მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში არასრულწლოვანთა დანაშაული თითქმის მესამედით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სექტემბრის ბოლოს, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საგამოძიებო კომიტეტისა და გენერალური პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა მოხდა მოსკოვის სავაჭრო ცენტრში, გამოძიების თანახმად, დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა 16 წლის ჰუსეინ გაჯიევი: არასრულწლოვანმა ორჯერ დაარტყა დანა.

რუსეთის ფედერალური ტელეარხის РЕН ТВ-ის რეპორტაჟში დაკავებული „ჩამოსულად“ მოიხსენიეს, ხოლო კონფლიქტის მიზეზებზე საუბრისას ითქვა: „ახალგაზრდას სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ლოცვა სურდა, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა ამის გაკეთებაში ხელი შეუშალა“. სასამართლომ გაჯიევი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. არასრულწლოვანს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მკვლელობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სპეციალისტების განმარტებით, როგორც წესი, მოზარდების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში, არ არსებობს ვიდეო ან მათი დანაშაულის სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება.

2025 წლის ივლისში, ბუინაქსკში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალი წაუყენეს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაზე ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში. რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც სამალავიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს, თუმცა ამ ვერსიის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. დაკავებულის ასაკიც კი მხოლოდ ე.წ. ძალოვან უწყებებთან დაკავშირებულმა Telegram-არხმა გაავრცელა და არა თავად ოფიციალურმა უწყებამ.

2025 წლის სექტემბერში ასევე დაღესტანში და ასევე ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც, უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, „საეჭვო ონლაინშესყიდვებს ახორციელებდა“. კერძოდ, თითქოს მან შეიძინა: პნევმატიკური პისტოლეტი, ჭანჭიკები, ხრახნები, ლითონის გადასაჭრელი ხერხის პირი, რამდენიმე კილოგრამი ქიმიური ნივთიერება. გამოძიება ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანმა ყველა ეს ნივთი მეჩეთებსა და სინაგოგებზე თავდასხმების განსახორციელებლად შეიძინა. უსაფრთხოების ძალების მიერ მედიაში გავრცელებული ვერსიის გარდა, ამ საქმის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.

დაახლოებით ამავე პერიოდში, TikTok-შეტყობინებების საფუძველზე ტერორიზმისათვის ხელშეწყობის ბრალდებით, დაღესტნის ერთ-ერთი სოფელში დააკავეს მეთერთმეტეკლასელი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მოსწავლე დააკავეს პისტოლეტის მიღების მცდელობისას და, რომ მას პისტოლეტი, სავარაუდოდ, პოლიციელებზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა. თუმცა ამჯერადაც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

მიმდინარე წლის ზაფხულში ჩრდილოეთ ოსეთშიც 15 წლის მოზარდი დააკავეს ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით. ოფიციალური ვერსიით, ისინიც პოლიციელებზე თავდასხმას გეგმავდნენ, რისთვისაც მოზარდებმა, სავარაუდოდ, „გაიარეს ტრენინგი "მესენჯერის" დახურული არხით“ და შეიძინეს კომპონენტები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად. ახალგაზრდებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა.

მსგავსი ბრალდებით მოზარდები დააკავეს ყაბარდო-ბალყარეთსა და ინგუშეთშიც.

თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, „ნორჩი ტერორისტების“ წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ე.წ. ეროვნულ რესპუბლიკებში, არამედ სამხრეთ რუსეთის რეგიონებშიც. მაგალითად, 2025 წლის გაზაფხულზე, დონის როსტოვში დააკავეს 15 წლის სკოლის მოსწავლე, რომელსაც ბრალად ედება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება. გამომძიებლები ამ შემთხვევაშიც, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვარაუდობენ, რომ მოზარდი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მითითებით მოქმედებდა.

2025 წლის მარტის ბოლოს სამი არასრულწლოვანი დააკავეს სტავროპოლის სამხედრო კომისარიატის შენობისათვის ცეცხლის წაკიდების გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის. ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებების გარეშე ითქვა, რომ მოზარდები უცნობი „კურატორის“ დავალებით მოქმედებდნენ.

2025 წლის მაისში სტავროპოლის მხარეში დააკავეს არასრულწლოვანთა ჯგუფი, რომელიც “გამარჯვების დღის (9 მაისი) აღნიშვნის დროს პოლიციელებზე თავდასხმას გეგმავდა“. გამოძიების ოფიციალური ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული Telegram-ის საშუალებით გაწევრიანდა „საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში“, ხოლო მოგვიანებით, კრიმინალურ საქმიანობაში ჩააბარა თავისი ნათესავი და 14-დან 16 წლამდე ასაკის შვიდი თანატოლი. ამ საქმეშიც არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

სტავროპოლის მხარის კიდევ ერთ მკვიდრს, 17 წლის მოზარდს მიხაილოვსკიდან, 2025 წლის ზაფხულში ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში, რაც გამოიხატა სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი არხის მართვაში. გამოძიების ვერსიით, ამ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტები ტერორიზმის „წაქეზებას“ იწვევდა. როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ბრალდებას ასევე არ გაუვრცელებია იმ პოსტების შინაარსი, რომლების გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მხოლოდ ის ითქვა, რომ ბლოგი, რომელიც სავარაუდოდ გარკვეულ „აკრძალულ იდეოლოგიას“ უწევდა პროპაგანდას, ფსბ-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

2025 წლის ოქტომბერში სტავროპოლის სასამართლომ 14 წლის გოგონას მიუსაჯა 70-საათიანი საზოგადოებრივი შრომა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სახელის ავტობუსის გაჩერებაზე დაწერისთვის. ე.წ. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ბავშვის სახლი და „ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი“.

დეკემბერში ცნობილი გახდა ორი ახალი საქმის შესახებ: პირველ შემთხვევაში, ტერორიზმში ბრალდებულ 17 წლის სტავროპოლის მკვიდრს 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უცნობი შინაარსის ბროშურების გამოქვეყნების გამო. მეორე საქმეში - სახელმწიფო ღალატისთვის, ტერაქტის მომზადებისა და ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის - დამნაშავედ ცნეს 19 წლის ვიქტორ კრიმსკი, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება როსტოვში მდებარე სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ გამოიტანა.

ოფიციალური ვერსიით, 2024 წლის ივნისში კრიმსკიმ „დაამყარა კავშირი უკრაინულ გასამხედროებულ ორგანიზაციასთან და, რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში დახმარების მიზნით, მიაწოდა ინფორმაცია კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ“.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ახალგაზრდამ „სტავროპოლის მხარის საარჩევნო კომისიის შენობის დაწვის მიზნით, შეიძინა ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობის დასამზადებელი კომპონენტები და შეინახა ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში“. ამ საქმეშიც არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

კრასნოდარის მხარეში, ყუბანის სლავიანსკში მცხოვრებ 17 წლის მოსწავლესაც ბრალი ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, რაც გამოიხატა ნოვოროსიისკის ქუჩებში პროპაგანდისტული ფურცლების განთავსებაში. პროკლამაციების შინაარსი უცნობია, თუმცა გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათი გამავრცელებლები „ამართლებდნენ ტერორიზმის იდეოლოგიას და მოუწოდებდნენ ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისკენ“. გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ მოზარდმა ბროშურები „უცნობი პირის“ (სავარაუდოდ, უკრაინაში მცხოვრების) დავალებით გაავრცელა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთ საქმეებს ბოლო არ უჩანს: კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ 17 წლის გოგონას ტერორიზმში ადანაშაულებენ სოციალური ქსელებით გამოქვეყნებული პოსტის გამო; 18 წლის ყუბანელ ყმაწვილს კი ასევე ტერორიზმში ედება ბრალი უცნობ პირთან მიმოწერისა და სამხედრო კომისარიატის გადაწვის მცდელობის გამო. მსგავს საქმეს იძიებენ მეზობელ ადიღეში: სამ ახალგაზრდას (ორი მათგანი არასრულწლოვანია) ბრალად ედებათ მობილური კავშირგაბმულობის ანძებისათვის ცეცხლის წაკიდება. აქაც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქმეში ფიგურირებს უკრაინელი „კურატორი“.

"ხელისუფლება გაიჩალიჩებს“

რუსეთის ხელისუფლება და ე.წ. ძალოვანი უწყებები თავისებურად ებრძვიან ახალგაზრდების რადიკალიზაციას: საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ბასტრიკინი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებას სჭირდება მეტი იდეოლოგიურად დამუხტული ფილმი, მეტი ისეთი გმირი, რომელსაც ახალგაზრდები მიბაძავენ“. ყაბარდო-ბალყარეთში საგამოძიებო კომიტეტი აპირებს გახსნას „პროფილური კლასები“, სადაც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ „სიმამაცის გაკვეთილები“, საშუალება ექნებათ გაიცნონ „გამოძიების ვეტერანები“ და მიიღონ „პრაქტიკული გამოცდილება“ მოქმედი ოფიცრებისგან. ვოლგოგრადის ოლქში კი ბავშვებს ასწავლიან ავტომატის გამოყენებას და ყუმბარის სროლას.

სოციოლოგ დმიტრი დუბროვსკის თქმით, ახალგაზრდების „პატრიოტულ“ პროექტებში ჩაბმით რუსეთის ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ თვითონ ასწავლის თავის მოქალაქეებს ძალადობას: „ისინი იმედოვნებენ, რომ აღზრდიან „სწორ მებრძოლებს“, ხოლო „არასწორებს“ დააპატიმრებენ. ეს არის მათი ლოგიკა. ვერ აცნობიერებენ, რომ ზოგიერთმა შეიძლება იარაღი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართოს“.

სოციოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთში არასრულწლოვანთა დანაშაული ასე მკვეთრად არ გაზრდილა. მისი ვარაუდით, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დახატულ სურათს დიდწილად განაპირობებს ხელისუფლების შიშებისა და ახალგაზრდების გარკვეული საპროტესტო აქტივობის კომბინაცია, რაც რუსეთში კლასიფიცირდება დანაშაულად, მაგრამ სინამდვილეში ან საერთოდ არ არის დანაშაული ან, სულ მცირე, არ არის ექსტრემიზმი და ტერორიზმი.

„უსაფრთხოების სამსახურები დიდი ხანია ეძებენ „ახალგაზრდულ მებრძოლ ჯგუფებს", - აგრძელებს დუბროვსკი, - "მახსოვს დაახლოებით 15 წლის წინანდელი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების ძალებს სჭირდებოდათ „ახალგაზრდული ექსტრემისტული ორგანიზაციის“ პოვნა. მაშინ დააკავეს ადამიანთა ჯგუფი, ასევე 16, 17 და 18 წლისები. და სასამართლოში წარადგინეს ანტიფაშისტური ორგანიზაციის „საწევრო ბარათები“! ასე წარმოედგინათ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც კომკავშირული ორგანიზაციის მსგავსად საწევრო ბარათები უნდა ჰქონოდათ. ამიტომ, უსაფრთხოების ძალებმა აიღეს რამდენიმე დოკუმენტი და თავად გამოუწერეს დაკავებულებს ანტიფაშისტურ ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი საბუთები“.

დმიტრი დუბროვსკი
დმიტრი დუბროვსკი

სოციოლოგი დასძენს, რომ რუსეთში ახალგაზრდებს პრაქტიკულად არ აქვთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აქტივიზმის შესაძლებლობები: ყველა პოლიტიკური გაერთიანება მთავრობის კონტროლის ქვეშაა.

„ხელისუფლება ცდილობს უყურადღებოდ არ დატოვოს ისეთი ახალგაზრდული მოძრაობები და აქტივობები, რომლებიც ჯერ კიდევ შედარებით უვნებლად ითვლება. სახელმწიფოს სურს ყველას და ყველაფრის კონტროლი. მაგალითად, ხელისუფლება აქტიურად განიხილავს უმაღლესი განათლების ახალ სასწავლო გეგმას - „უმაღლესი განათლების გარდაქმნას (პერესტროიკა)“ სავალდებულო ჰუმანიტარული კომპონენტით, რაც სინამდვილეში არსებითად იდეოლოგიური კომპონენტია“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.

რუსეთის მთავრობის ამგვარი პოლიტიკის გამო ახალგაზრდები მკაცრ ჩარჩოებში ექცევიან: მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. ნებადართული ორგანიზაციების საქმიანობაში, ხოლო სხვა ყველაფერი, რასაც მოზარდები სახელმწიფო სანქციის გარეშე აკეთებენ, შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც პროტესტი ან „კრიმინალური საქმიანობა“, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებისთვის „პროტესტის ფასი“ მკვეთრად იზრდება.

„ეს ქმნის პირობებს, რომლებმაც მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი (არაკონტროლირებადი) ახალგაზრდული ორგანიზაციების რადიკალიზაცია და იატაკქვეშეთში გადასვლა. ეს არის საზოგადოების „სეკიურიტიზაციის“ კლასიკური მაგალითი: სისტემა ქმნის მოწინააღმდეგეს, შემდეგ ეს მოწინააღმდეგე იწყებს ისე მოქმედებას, როგორც სისტემას წარმოედგინა. სწორედ ასეთი თანმიმდევრობით. და ამ გაგებით, რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად „გაიჩალიჩებს“ რაღაცას. ასეთი პოლიტიკის წყალობით მართლა გაჩნდებიან „ბომბისტები“. პირობები ხელსაყრელია: იარაღი უხვადაა, ტექნოლოგიებზე წვდომა გამარტივდა. და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო 25-წლიანი პატიმრობით იმუქრება, არავის შეაჩერებს“, - მიიჩნევს სოციოლოგი.

ერთი წლის წინ, ადამიანის უფლებათა პროექტმა „პერვი ოტდელმა“ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ ფსბ-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში უკრაინელებად ასაღებდნენ თავს, რათა ომის მოწინააღმდეგე რუსების პროვოცირება მოეხდინათ. როგორც პროექტის იურისტმა, ევგენი სმირნოვმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს უთხრა, მოზარდების წინააღმდეგ აღძრული ასეთი სისხლის სამართლის საქმეების უმეტესობა (80%-მდე) სწორედ სპეცსამსახურების პროვოცირებულია.

„როგორ ხდება პროვოცირება: სამართალდამცავი ორგანოები ინტერნეტში გამოავლენენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათი აზრით, არ იზიარებენ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას და მიდრეკილნი არიან უცხოელებთან კომუნიკაციისკენ. ხშირად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ, ყველაზე ხშირად ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ ონლაინკომუნიკაციამ, თუნდაც რამდენიმე ტექსტურმა შეტყობინებამ, შეიძლება გამოიწვიოს საშინლად გამოუსწორებელი რამ. ისინი არ აცნობიერებენ, რომ Telegram-ზე უწყინარმა საუბარმა - ვინმეს მოკვლის განზრახვის გარეშე, უბრალოდ მიმდინარე მოვლენების განხილვამ - შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი დევნა. სამართალდამცავი ორგანოები ამ ტიპის ადამიანებს ხაფანგს უგებენ და იჭერენ“, - განმარტავს ევგენი სმირნოვი.

მისი თქმით, ეს პრაქტიკა 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, თანაც არა რომელიმე რეგიონიდან, არამედ მთელ ქვეყანაში. სმირნოვის აზრით, ამგვარი მასშტაბურობა შეიძლება მიუთითებდეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გაცემულ ფედერალურ მანდატზე.

ამგვარ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ დამოუკიდებელ ადვოკატებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს და ჟურნალისტებს არ აქვთ წვდომა „ტერორიზმთან“ და „ექსტრემიზმთან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. სასამართლოები ასევე ხშირად ავალდებულებენ პროცესში ჩართულ მხარეებს გაუთქმელობის პირობის დადებას.

„ყველაფერი ერთნაირად კეთდება - როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის: იზღუდება საქმეებზე წვდომა და მათ შესახებ კომენტარის გაკეთების ნებისმიერი შესაძლებლობა“.

ადამიანებმა დაკარგეს ხმის უფლება, ამიტომ ისინი ეძებენ სხვა გზებს თავიანთი პოზიციის გამოსახატავად. სმირნოვის თქმით, დღევანდელი რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ენა სისხლის სამართლის საქმეებია.

„მთავრობა და ე.წ. ძალოვანი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსებს უკრაინელებთან და უცხოელებთან კომუნიკაციის საშუალება არ მისცენ. ვითომ ტერორისტული თავდასხმებისა და დივერსიების პრევენცია სურთ, თუმცა სინამდვილეში ამის ნაცვლად, პროვოკაციების მოწყობით არიან დაკავებული. ტელეარხი „როსსია“ იღებს ფილმს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს რუსი ახალგაზრდების რეკრუტირებას უკრაინის დაზვერვა. არადა, უმეტესი მათგანი, ვინც ფილმში მონაწილეობს, რუსული დაზვერვის პროვოკაციების მსხვერპლია“, - ამბობს „პერვი ოტდელის“ ადვოკატი.

მიხაილო სავა, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი და უკრაინაში მცხოვრები პოლიტოლოგი, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების საეჭვო ბრალდებებით დევნამ შეიძლება რეალური დანაშაულის ზრდა გამოიწვიოს:

„ეს აბსოლუტურად აშკარაა; ეს მარადიული პრობლემაა. ერთ-ერთი დეკაბრისტი, ბესტუჟევ-მარლინსკი, რომელიც კავკასიაში გადაასახლეს, წერდა: „გონება, ისევე როგორც დენთი, საშიშია მხოლოდ შეკუმშულ მდგომარეობაში“. ახლა რუსეთის რეჟიმი წნეხს გონებას, არ უტოვებს ადამიანებს საკუთარი აზრის კანონიერად გამოხატვის შესაძლებლობას. დევნა ტექსტური შეტყობინებების, სოციალურ მედიაში პოსტების, საჯარო განცხადებების გამო - ეს ყველაფერი სისტემურ, ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა. როცა ადამიანები კარგავენ ხმის ამოღების უფლებას, ისინი სხვა გზებს ეძებენ თავიანთი პოზიციის გამოსახატავად. ეს იწვევს რადიკალიზაციას“.

მიხაილო სავა
მიხაილო სავა

მიხაილო სავა ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის მიერ რუსი ბავშვების რეკრუტირების შესახებ, თუმცა, მისივე მტკიცებით, არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება.

„შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები უკრაინელი მოზარდების გადაბირებით არიან დაკავებული. ეს ომის ნაწილია. ზოგჯერ ბავშვები, Telegram-ზე ანონიმური ინსტრუქციების მიღების შემდეგ, მიდიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში და ყველაფერს ჰყვებიან, ზოგჯერ კი ბავშვები დანაშაულს სჩადიან. მაგალითად, ისინი ცეცხლს უკიდებენ მონიშნულ სამხედრო მანქანებს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთში რეკორდული რაოდენობის ადამიანი გაასამართლეს „სამხედრო ფეიკების“ გავრცელების მუხლით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლი): მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში სასამართლომ 45 ადამიანს გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 2025 წელს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ ამ მუხლით გაასამართლა სამხედრო მოსამსახურე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG