6 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს, მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა არა BBC-ის მიერ ნახსენები ბრომობენზილ ციანიდი ანუ „კამიტი“, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი" - ცრემლსადენი გაზი CS. მის გასახსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი მოვიშველიეთო.
სუსის ცნობით, „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’ შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა.
„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილის“ (რომელსაც ასევე უწოდებენ Riot-control Agents, ანუ დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ საშუალებებს) გამოყენება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დასაშვებია.
მართალია CS-ს სამართალდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება ზოგადად დაშვებულია, მაგრამ მისი წყალში დამატება ხშირად სცდება „სტანდარტულ პოლიციურ პრაქტიკას“ და შეიძლება შეფასდეს, როგორც არაპროპორციული ძალა, არასათანადო მოპყრობა, ჯანმრთელობის გაუმართლებელი რისკი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მკაფიოდ არ იკითხება "პროპილენ გლიკოლით" გახსნილი „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილის" - ფხვნილი დამატებული იყო თუ არა წყლის ჭავლში.
ამ სტატიაში გიყვებით კიდევ რა კითხვები დარჩა უპასუხოდ სუსის ბრიფინგის შემდეგ, რომლის გამოძიებას უნდა დაედგინა, ვინ და რა ქიმიური აგენტი დაამატა წყლის ჭავლს გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მასობრივ საპროტესტო აქციებზე "მასების მართვისას".
რატომ მხოლოდ 4-5 დეკემბერი?
28 ნოემბრის საღამოს დაწყებულ პროევროპულ აქციებს შსს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ ღამეს შლიდნენ წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი გაზით.
რატომ გაამახვილა ყურადღება სუსმა ბრიფინგზე მხოლოდ 4 და 5 დეკემბერზე და არა წინა და მომდევნო დღეებზე, ამ კითხვაზე პასუხი არ არის.
8 დეკემბერს ჟურნალისტები რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, სწორედ ამ კითხვაზე ეპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს.
დამაზუსტებელ კითხვაზე მინისტრის მოადგილეს ეს პასუხი ჰქონდა:
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო დასმული, გაეცა პასუხები".
გამოიყენა ან გამოუყენებია თუ არა ხელისუფლებას "ტრიქლორეთილენი“ TCE დემონსტრანტების წინააღმდეგ?
ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენებ ქიმიურ გამხსნელს, "ტრიქლორეთილენი“ TCE-ს ეხება, ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის აღმოჩნდა (ჩამოწერილი ნაშთი 880 ლიტრის ოდენობით).
გამოუყენებია თუ არა ხელისუფლებას "ტრიქლორეთილენი“ აქციების დაშლისას როგორც გასულ წელს, ისე სხვა წინამორბედ აქციებზე, ხდებოდა თუ არა მომდევნო წლებში მარაგების შევსება, ჟურნალისტების ამ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ 8 დეკემბერს ისევ ზოგადი პასუხი გასცა:
„რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერებას, სუსმა გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და გაეცანით კარგად. არსებობს კონკრეტული მასალა და გაეცანით. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჭირო და რელევანტური იყო გამოძიებისათვის, გამოქვეყნებულია [გამოქვეყნებულია მხოლოდ სუსის განცხადება. სხვა არანაირი კონკრეტული დოკუმენტაცია გამოძიებას არ გამოუქვეყნებია რ.თ.] და დევს გამოძიების საქმის მასალებში და ამ მასალებზე დაყრდნობით, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ექსპერტიზაზე დაყრდნობით, იმ ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც გასაჯაროვდა და კიდევ სხვა მასალებზე დაყრდნობით, გაკეთდა დეტალური განმარტება თითოეულ იმ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელზეც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები“.
"ტრიქლორეთილენი“ TCE არ ეკუთვნის ე.წ. riot control agent-ების კლასს. როგორც წესი, ის გამოიყენება მეტალის დეტალების გასაწმენდად, ქიმიურ მრეწველობაში, როგორც გამხსნელი.
გასულ წლებში ის გამოიყენებოდა ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ წარმოებაში. თუმცა ამჟამად ბევრ ქვეყანაში მკაცრად შეზღუდული და აკრძალულია. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები TCE-ს მიაკუთვნებენ კანცეროგენებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ტრიქლორეთილენი ზრდის თირკმლის კიბოს, ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს.
მისი ხანმოკლე ზემოქმედება იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას, თვალისა და ყელის გაღიზიანებას, ქოშინს, აქვს ცნობიერების დამთრგუნველი მოქმედება.
მისი გამოყენება მასობრივი აქციების დასაშლელად კატეგორიულად დაუშვებელია და ის არ არის გათვალისწინებული არცერთ საერთაშორისო პროტოკოლში, როგორც დემონსტრაციების კონტროლისა და დაშლის საშუალება.
შს მინისტრის მოადგილემ გამოყენებული ნივთიერებების შესახებ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვებზე ასე უპასუხა:
"რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ადგილი აქვს მასობრივ თავდასხმას პოლიციაზე, სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ, რომ წინა წლის მოვლენების დროს, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის შესაბამისად, გამოიყენა ყველა ის სპეციალური საშუალება, რაც კანონითაა გათვალისწინებული".
რა არის გათვალისწინებული კანონით და როგორ გაქრა 1002-ე ბრძანებიდან ერთი ჩანაწერი სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ
პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს კანონი „პოლიციის შესახებ“.
თუმცა ამ კანონის მიღმა არსებობს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტი, შსს მინისტრის #1002 ბრძანება - „შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, სადაც გაწერილია შსს-ს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს მოსამსახურეთა ქცევის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ეს ბრძანება - ინსტრუქცია 2015 წელსაა გამოცემული, ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ ოფიციალურად გამოთხოვის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს დაინტერესებულმა ადამიანმა.
ამ ბრძანებაში უკანასკნელ წლებამდე არსებობდა ჩანაწერი, კონკრეტულად მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი, სადაც მითითებული იყო, რომ აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება იყო აკრძალული.
თუმცა, როგორც იურისტები უხსნიან რადიო თავისუფლებას, ბრძანებიდან ეს ჩანაწერი დღეს გამქრალია.
2024 წლის ოქტომბერში, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ ამ ბრძანებაში არსებული ჩანაწერი წყლის ჭავლისა და ცრემლმდები გაზის ერთდროულად გამოყენების შეზღუდვის შესახებ, პირადად შეცვალა 2021 წელს და ეს ასეთი არგუმენტით ახსნა:
"გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც".
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი - ბრძანება ნომრით 1002, სადაც ნამდვილად აღარ არსებობს მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი. ეს ნუსხა ასო-ბგერა „ო“-თი სრულდება.
დღეს ამ ბრძანებაში აღარაფერი წერია სპეციალური საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების შესახებ.
არაფერი წერია არც იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერების გარევა აკრძალულია. იურისტები დოკუმენტის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე ამბობენ, რომ ეს სამართლებრივი აქტი ამ მოცემულობას არ არეგულირებს.
ბრძანება, რომელიც ვიწრო შინაარსობრივ დოკუმენტს წარმოადგენს და სადაც, იურისტების აზრით, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი სპეციალური საშუალებების დასაშვები დოზები და დეტალური ინფორმაცია, ასეთ განმარტებას არ იძლევა.
მათი თქმით, სპეციალური საშუალებების ერთობლივი და პარალელური გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლში ნივთიერების შერევა, შესაძლებელია განხილული იყოს, როგორც ექსპერიმენტული ქმედება და ის აუცილებლად უნდა იქცეს შემდგომი კვლევის საგნად.
საერთაშორისო სამართლის იურისტ დათა ჯავახიშვილს კარგად ახსოვს ის განცხადება, როდესაც შარშან, დეკემბრის პირველ რიცხვებში, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა, დაეყრდნო ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას „ამნესტი ინტერნეიშენალს“ და თქვა, რომ წყალში ნივთიერების შერევა აქციების დაშლისას საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტი იყო:
„ეს ან ინგლისურის არცოდნის ბრალი იყო ან კვალიფიკაციის არქონის. არასწორად წაიკითხეს ეს სტანდარტი. პირიქით. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ამბობს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება“.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში შესაძლოა შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ აღნიშნული პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მიხედვით, “წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს გამაღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და, დამატებით, შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე”. მეტიც, “ამნესტი ინტერნეიშენალის” სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებთან ან საღებავთან ერთად.
1002-ე ბრძანების მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ჯერ ისევ მითითებულია, რომ „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს "ეკრძალება ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენება უშუალოდ სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ან ადამიანების ჯგუფში, ან მათი განმეორებითი გამოყენება გაზგაშვებულ ადგილას, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც განმეორებითი გამოყენება აუცილებელია პირის ან პირთა ჯგუფის ძალადობისგან დასაცავად ან სხვა მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად“.
მიუხედავად ამ ჩანაწერისა, არსებობს როგორც ვიდეომასალა, ისე თვითმხილველთა მონათხრობები, როდესაც სამართალდამცავები დამიზნებით ასხამდნენ სახეში აქციის მონაწილეებს წიწაკის სპრეის, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც ცრემლმდენი გაზის არაერთი კაფსული იყო გამოყენებული და ჯერ ისევ იდგა კვამლი, გდდ-ს თანამშრომლები აგრძელებდნენ ცრემლმდენი გაზის გაშვებას აქციის მონაწილეების მიმართულებით.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სუსის განცხადების შემდეგ გაჩნდა, ესაა:
მნიშვნელოვანია თუ არა ვადების, დოზების, შენახვის პირობების დაცვა?
სუსი ამბობს, რომ "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი" და "ტრიქლორეთილენი“ 2007 და 2009 წლებში იყო შეძენილი. ანუ მათი ყიდვიდან გასულია დაახლოებით 16-18 წელი.
ქიმიკოსი, რომელსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, გვიხსნის, რომ ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც დოზები, ისე შენახვის პირობები და ვადები.
მაგალითად, "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი" შესაძლოა 5 წლამდე ვადით შეინახო, მაგრამ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც დაცული უნდა იყოს შენახვის პირობები.
რაც შეეხება ვადის ამოწურვისა და შენახვის პირობების დარღვევით ამ ნივთიერების გამოყენებას, სპეციალისტები თვლიან, რომ ის შესაძლოა, გაცილებით სახიფათოდ იქცეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის - გახდეს უფრო ტოქსიკური როგორც თვალებისთვის, ისე სასუნთქი გზებისთვის. შენახვის პირობების დარღვევამ შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციები, გამოიწვიოს ფილტვის დაზიანება და ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლა.
განსაკუთრებით ყურადსაღებია დოზების დაცვა, რადგან მისი გადამეტების შემთხვევაში, იმატებს ჯანმრთელობის ძლიერი დაზიანების რისკი - ქიმიური დამწვრობა, მხედველობის დროებითი ან მუდმივი დაქვეითების რისკი, გულსისხლძარღვთა პრობლემები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაფერი უთქვამს, რა პირობებში და როგორ იყო დაცული აქციის დასაშლელად გამოყენებული ნივთიერებები.
არაფერი უთქვამს არც დოზების შესახებ.
არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია არც იმის შესახებ, თუ ვინ განსაზღვრა, როდის, რამდენი, რა რაოდენობის ცრემლმდენი გაზი ან წყლის ჭავლი უნდა ყოფილიყო გამოყენებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ს მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში რამდენიმე წყაროზე - შსს-ის მამხილებლების მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ჯანმრთელობის კვლევასა და საერთაშორისო ტოქსიკოლოგების მოსაზრებაზე - დაყრდნობით, გამოითქვა ვარაუდი, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცავებმა შესაძლოა გამოიყენეს პირველად I მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ.
„კამიტი“ ქიმიური იარაღია - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება. სწორედ ხანგრძლივი მოქმედებისა და მაღალი ტოქსიკურობის გამო ის არ გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს გამოძიების მიგნებებს "აბსურდული" უწოდა და საპასუხოდ საკუთარი გამოძიება პირველ დეკემბერსავე დაიწყო ორი მუხლით - „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“. გამოკითხვებზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმში მონაწილე ქართველი რესპონდენტები, მათ შორის, ექიმები, დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. "კამიტის" გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია“.
რაც შეეხება გამოძიების მეორე ნაწილს, რომელიც „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“ გულისხმობს, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ნაწილი, ნოემბერ-დეკემბერში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დადგენის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
ფორუმი