Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო ღრმა კრიზისის მოლოდინში


საქართველოს პარლამენტარიზმის 30-წლიან ისტორიაში შესაძლოა პირველად მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი. თუ ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან არცერთი არ შეიცვლის პოზიციას, X მოწვევის პარლამენტი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის წევრი დეპუტატებით, რაც აქამდე არ ყოფილა. 1990 წლის 28 ოქტომბერსაც კი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ორიოდე პარტიამ განაცხადა, ერთპარტიული არც 2008 წლის 21 მაისს არჩეული პარლამენტი გამოვიდა. მართალია, მაშინ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მაგრამ, ცალკეული წევრებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების განსხვავებული პოზიციის გამო, მუქარის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი, ე.წ. ნულოვანი ბარიერის გამო, წესით, ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, შესაძლოა, მივიღოთ პირველი ერთპარტიული პარლამენტი, რისი რისკიც, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახტან ხმალაძის თქმით, მაღალია.

„რატომ რისკი? რა შეიძლება მოხდეს ერთპარტიული პარლამენტის პირობებში?“ - რადიო თავისუფლების ამ კითხვის პასუხად, ვახტან ხმალაძე ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა იმ ერთადერთ, მმართველ პარტიას დაეკისრება.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

„ის იქნება პარლამენტში, მისი იქნება მთავრობაც და, შესაბამისად, რაც მოხდება ქვეყანაში, იქნება ამ პარტიის პასუხისმგებლობის ქვეშ. ვითარება ისედაც არ არის მარტივი: ეკონომიკურ კრიზისს ემატება პანდემიით გამოწვეული პრობლემები. პლუს ამას ხშირად ხელისუფლების არაგონივრული მოქმედება - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, რბილად რომ ვთქვათ, გაუარესდება. რასაკვირველია, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას საზოგადოებაში, ბუნებრივია პარლამენტის მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიებიც გულზე ხელდაკრეფილი არ იქნებიან და ამ უკმაყოფილებას მეტად გააღვივებენ. სავსებით შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ, თუ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ხალხმა კომბლები აიღოს ხელში. გონიერი ხელისუფლება ამას გრძნობს. ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, მაგრამ ინსტიქტურად ხვდება“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ხვდება თუ არა „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებულ რისკებს?

დავით სერგეენკო, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი წევრი და, მაღალი ალბათობით, X მოწვევის პარლამენტის მომავალი წევრი, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტი იყოს სწორად დაბალანსებული მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, თუმცა, როგორც სერგეენკომ განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში, თუ ასე არ მოხდება და ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „ქართული ოცნება“ ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ არ იმუშაოს ამ მოდელის პირობებში.

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

დავით სერგეენკოს მსგავსად, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეც ფიქრობს, რომ ოპოზიცია ვერ შექმნის კრიზისს თუნდაც იმის გამო, რომ, მისი ინფორმაციით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აპირებს პარლამენტში შესვლას.

როგორც ჩანს, კობახიძის ეს განცხადება ერთგვარი PR-ტექნოლოგიური ხრიკია. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში შესვლის სურვილი ჯერ არცერთი ოპოზიციონერ ლიდერს არ გამოუთქვამს. ოპოზიური პარტიების პარლამენტის გარეთ დარჩენა კი მაშინ, როცა ჯამში მათ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი უჭერს მხარს, მხოლოდ მმართველი პარტიის დისკომფორტის საკითხი არ უნდა იყოს. პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი და მისი ამომრჩეველი რჩება ქუჩაში, ძნელია იმის გათვლა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა პროცესები მოჰყვება ამას:

„კაცმა არ იცის, რა კრიზისები გაჩნდება და როგორ გაღრმავდება ისინი; რას იზამს გამწარებული ხალხი და ა.შ. ჩვენ შევდივართ სრულ გაუგებრობაში. ისედაც ეკონომიკური კრიზისი და კორონას პანდემია გვაქვს, რეგიონში რა ხდება, კაცმა არ იცის... ეს სრული გაუგებრობა იქნება ის, რაც ამ ქვეყანას ბოლოს მოუღებს და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, რომელმაც ჩააგდო ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში, მან და არავინ სხვამ. ჩვენ ძალიანად ვეცდებით, რომ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვიყოთ, მაგრამ, კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამგვარი ქვეყანა იქნება: არავის ეცოდინება, რა იქნება, ვერავინ ვერ დაგეგმავს ერთ თვესაც კი“.

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პროცესების ქუჩაში გადატანით დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავენ საქართველოს პარტნიორებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ურჩია, გააგრძელონ ხმების დაცვა არა პარლამენტზე უარის თქმით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით.

„ჩვენ ავუხსენით ამერიკელ დიპლომატს, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. ამ რეალობაში პარლამენტში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის მოიძებნა, თუმცა, მისივე თქმით, მშვიდობიანი გამოსავალი გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე ვერ იქნება.

„ჩვენ არ გვინდა კრიზისი, არეულობა და დესტაბილიზაცია და ეს რომ არ მოხდეს, მარტივი გამოსავალი არსებობს: არჩევნები! ყველა ნორმალურ დემოკრატიაში, როცა არსებობს ნდობის კრიზისი, ინიშნება არჩევნები და ხალხს ეძლევა საშუალება ხელახლა მისცეს მანდატი, მაგრამ არსებობს სხვა გზაც, „ლუკაშენკას გზა“, როცა არჩევნების გვერდის ავლით ცდილობ ხელისუფლების შენარჩუნებას. ორი არჩევანი აქვს საქართველოს ხელისუფლებას: ან მივდივართ ნორმალური, სიმშვიდისა და სტაბილურობის გზით და ვატარებთ თავისუფალ არჩევნებს ან ვირჩევთ ლუკაშენკას გზას, როცა ვებღაუჭებით ხელისუფლებას და ქვეყანა შეგვყავს კრიზისში. ლუკაშენკას გზით საქართველო ვერ ივლის. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დაინიშნება, ოღონდ რაც მეტად გაწელავს „ქართული ოცნება“, მით უარესი „ქართული ოცნებისთვის“ და, სამწუხაროდ, ქვეყნის საზიანოდაც“, - უთხრა დავით ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

რისთვის მოიგონეს რიგგარეშე არჩევნები? - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახტანგ ხმალაძე თავის ამ კითხვას თვითონვე უპასუხებს:

„მეც მითქვამს, სხვასაც უთქვამს, სახელმძღვანელოშიც წერია, რომ სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა მოდელების რისკების შეფასებაში ყოველთვის ხაზგასმულია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ნაკლებია პროცესების არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით განვითარების რისკები, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში არსებობს ე.წ. ორთქლის გამოშვების მექანიზმი: რიგგარეშე არჩევნები! უმჯობესია, არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ორთქლის ქვაბი გასკდეს. ორთქლი დროულად უნდა იქნას გამოშვებული“.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, არსებობს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, რომელიც თავიდან აარიდებდა ქვეყანას მოსალოდნელ და არასასურველ კრიზისებს, მაგრამ, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამგვარ გამოსავალზე, მისი ეს გადაწყვეტილება დააზარალებს როგორც ქვეყანას, ასევე თვითონ მმართველ პარტიასაც, რომელიც მით უფრო მძიმედ დაამთავრებს, რაც უფრო გვიან მიიღებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG