Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის პრინციპების შეჯერებას ცდილობს


"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი

ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა კონსულტაციებს გააგრძელებს - ამ ზოგადი შედეგით დასრულდა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პარტიის თავმჯდომარე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, შეხვედრაზე მყოფმა დეპუტატებმა კი განაცხადეს, რომ იგი უმრავლესობის შიგნით პოზიციების დამაახლოებლის როლს ასრულებდა.

ერთ რამეში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაგრძელდება უსასრულოდ. იქნება, ალბათ, შიდა რეიტინგული კენჭისყრა...
აკაკი ზოიძე

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შესაბამისად, უცნობია, როგორ და რა არგუმენტებით იცავდნენ თავიანთ პოზიციებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დეპუტატთა ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება, თუმცა პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა:

“ერთ რამეში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაგრძელდება უსასრულოდ. იქნება, ალბათ, შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა, და რეალურად ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

აკაკი ზოიძის გარდა, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თავის მხრივ, თავისუფალი კენჭისყრის გამართვის აუცილებლობა არ გამორიცხა არც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან განაცხადა, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რჩება განსხვავებული მოსაზრებები, რომელზე მსჯელობაც უკვე დაგეგმილ უახლოეს კონსულტაციებზე გაგრძელდება:

ირაკლი კობახიზე
ირაკლი კობახიზე

“აქ არ არის საუბარი გრძელვადიან კონსულტაციებზე. ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდული ვართ, როგორც მოგეხსენებათ. უკვე ივნისის დასაწყისში, მაქსიმუმ, კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება“.

უფრო დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში, დოზებზე დაახლოებით შევჯერდით...
მამუკა მდინარაძე

დეპუტატები ეჭვობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონზე მუშაობა საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზევე დაასრულოს, თუმცა იმედოვნებენ, რომ სამუშაოს დიდ ნაწილს გასწევენ. უმრავლესობის წევრები ჯერჯერობით ორ ძირითად საკითხზე ვერ თანხმდებიან - ეს არის ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა და ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, შეფასებით, 22 მაისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები რამდენიმე მიმართულებით დაუახლოეს ერთმანეთს:

“უფრო დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში, დოზებზე დაახლოებით შევჯერდით და კვირის ბოლომდე, ალბათ, კიდევ უფრო დეტალურად იქნება ეს კოლეგებთან ერთად გავლილი. ის პრინციპი, რომ მომხმარებლების მიმართ იქნება გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად შეთანხმებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დეტალი“.

ეს არის 273-ე მუხლის გაუქმება, რაც მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას გულისხმობს, თუნდაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეფორმა ამუშავდეს ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით, რომ მომხმარებლებზე იზრუნოს ჯანდაცვის სისტემამ და არა საპოლიციო სისტემამ...
ბექა წიქარიშვილი

მამუკა მდინარაძის მიერ ნახსენები დეტალები ძირითადად პრინციპულ საკითხებს შეეხება და, შესაბამისად, უმრავლესობის დეპუტატთა ის ნაწილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის ხარჯზე მიუღებლად მიიჩნევს, კვლავაც ნარკომოხმარების გაზრდის რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა დეპუტატი გიგა ბუკიაც:

“ჩვენი მთავარი პოზიციაა, რომ მიღებულმა კანონმა ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას და უნდა შემცირდეს ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, ზოგადი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ დეტალებში შესვლას, ჩვენ ვთვლით, რომ მომხმარებელი, იმიტომ რომ მომხმარებელია, ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ არის სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს“.

თავის მხრივ, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ხელმძღვანელი ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ პრინციპები, რაზეც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მსჯელობა, ძირითადად უპასუხებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კონცეფციას, თუმცა მნიშვნელოვანია ის დეტალები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ჯერ არ აქვს ინფორმაცია. მანამდე კი ბექა წიქარიშვილი ასახელებს საკითხს, რომელშიც კომპრომისი, მისი აზრით, დაუშვებელია:

“ეს არის 273-ე მუხლის გაუქმება, რაც მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას გულისხმობს, თუნდაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეფორმა ამუშავდეს ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით, რომ მომხმარებლებზე იზრუნოს ჯანდაცვის სისტემამ და არა საპოლიციო სისტემამ. გასაღება, რეალიზაცია, კი ბატონო, ეს არის, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათ უნდა გააგრძელონ ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა მომხმარებლის ნაწილი აბსოლუტურად უნდა გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ოდენობები იყოს განსაზღვრული ადეკვატურად და სასჯელებიც იყოს განსაზღვრული ადეკვატურად“.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელსაც ნარკოპოლიტიკის თაობაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი აზრი საჯაროდ არ გამოუხატავს, თუმცა 18 მაისს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად გასამკაცრებელია გასაღებისა და დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ნაწილში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოხმარებას, სამინისტრო, მინისტრის თანახმად, მზადაა განიხილოს ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობის იმ დონის ფორმები, რომლითვისაც მზადაა ქვეყნის ეკონომიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG