Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა რუსეთი ბელორუსიის გადაყლაპვას?


ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკოსა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში 2018 წ. 29 დეკემბერს.
ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკოსა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში 2018 წ. 29 დეკემბერს.

უკანასკნელ ხანებში გააქტიურებულმა დიპლომატიურმა ნაბიჯებმა გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთი ბელორუსიის გადასაყლაპავად ემზადება. მაგრამ მრავალი ანალიტიკოსის აზრით, მკვეთრი სვლების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ გაგრძელებაა იმ თამაშისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის.

ვარაუდებმა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება კარსაა მომდგარი, უკანასკნელი კვირების განმავლობაში იმდენად მკვეთრი ხასიათი მიიღო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებმა დაიწყეს მათი უარყოფა.

„ეს ვარაუდები ძალიან სულელური და თითიდან გამოწოვილია საიმისოდ, რომ მათზე ვიმსჯელოთ ჩვენს საზოგადოებაში,“ განაცხადა 10 იანვარს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

„რაც შეეხება [რუსეთსა და ბელორუსიას შორის] საკავშირო სახელმწიფოს, უბრალოდ განცვიფრებული ვარ ამ თემაზე გაზვიადებული ხმაურით,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 იანვარს მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, ვითარება „აბსოლუტურად ნორმალურია“, ყოველგვარი „დაფარული გეოპოლიტიკური დღის წესრიგის“ გარეშე.

მაგრამ ამ თემაზე სპეკულაცია შედეგია ორმხრივი დიპლომატიური საქმიანობის უჩვეულო გააქტიურებისა, რომელიც მოიცავდა ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სულ მცირე სამ შეხვედრას - 6 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში და 25 და 29 დეკემბერს - მოსკოვში; ასევე 13 დეკემბერს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას ბრესტში.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი გამოვიდა ე.წ. „მედვედევის ულტიმატუმით“ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ბელორუსიის ქრონიკულად დამოკიდებული ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენა დამოკიდებული იქნება ხელშესახებ წინსვლაზე საკავშირო სახელმწიფოს შესახებ 1999 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების მომაკვდავი დებულებების განხორციელებაში - საერთო ვალუტაზე, ერთობლივ საბაჟოზე, ერთობლივ სააუდიტო პალატასა და სხვა მრავალზე.

რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი (მარცხნივ) და ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 1996 წლის 2 აპრილს აღნიშნავენ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს ხელშეკრულება საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის შემდგომ დაახლოებას.
რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტები, ბორის ელცინი (მარცხნივ) და ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 1996 წლის 2 აპრილს აღნიშნავენ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს ხელშეკრულება საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის შემდგომ დაახლოებას.

რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტები ბორის ელცინ (მარცხნივ) და ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 1996 წლის 2 აპრილს აღნიშნავენ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს ხელშეკრულება საფუძვლად დაედო ორ ქვეყანას შორის შემდგომ დაახლოებას.

სცენარები, რომლების მიხედვითაც რუსეთი შთანთქავს ბელორუსიას, ამ მომენტისთვის გარდაუვალი ჩანს.
ალექსანდრ ხარა

უკრაინელი პოლიტოლოგი ალექსანდრ ხარა 28 დეკემბერს UNIAN-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ფაქტობრივად, იმავე ვერსიას ავითარებს და დასძენს, რომ ბელორუსიის ჩაყლაპვა არის საკვანძო ელემენტი პუტინის „სტრატეგიული ამოცანისა“, რაც იმ ტერიტორიების შემოერთებაში მდგომარეობს, რომლებსაც ის „რუსულ მიწებად“ მიიჩნევს.

„სცენარები, რომლების მიხედვითაც რუსეთი შთანთქავს ბელორუსიას, ამ მომენტისთვის გარდაუვალი ჩანს,“ წერს ხარა.

ლუკაშენკომ ცეცხლზე ნავთი დაასხა 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე, როცა რუსეთს ბრალი დასდო ბელორუსიის „ანექსიის“ მცდელობაში და გააფრთხილა თავისი თანამემამულეები და მთელი მსოფლიო, რომ უნდა უფრთხოდნენ მოსკოვის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ბელორუსიის სუვერენიტეტს.

თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვებაში რუსეთის მედიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბოსმა, დმიტრი კისელიოვმა მკაცრად გააფრთხილა მინსკი.
„თუკი მინსკი რუსეთის გარეშე დარჩენას არჩევს, ბელორუსიის მომავალი საშინელი იქნება,“ - თქვა მან. „რა თქმა უნდა, რუსეთი უფრო დასუსტდება, მაგრამ ბელორუსია საერთოდ აღარ იარსებებს.“

მაგრამ მრავალი ანალიტიკოსი განიხილავს მიმდინარე მოვლენებს, როგორც ორი ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიის უფრო ფართო მოდელს, რომელშიც ლუკაშენკო მოხერხებულად თანხმდება ან უარს ამბობს მოსკოვის მხარდაჭერაზე რთულ მოლაპარაკებებში რუსეთის ეკონომიკური სუბსიდიების შესახებ, რასაც ემყარება ქვეყნის ეკონომიკა.

​ვაშინგტონის უილსონის ცენტრის ანალიტიკოსმა კენეთ იალოვიცმა, რომელიც 1990-იან წლებში ელჩი იყო ბელორუსიაში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შერწყმის მიმართ ლუკაშენკოს მადამ ძალიან იკლო რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მოსკოვის ჩარევის შემდეგ. მისი თქმით, ამავე დროს რუსეთის ეკონომიკა კვნესის დასავლეთის სანქციებისა და პუტინის სხვა პრიორიტეტული პროექტების ქვეშ, რის შედეგადაც მოსკოვს არ შესწევს უნარი, გაუმკლავდეს ბელორუსიის ეკონომიკის შესანახ ხარჯებს.

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის ურთიერთობები - ესაა მუდმივი ბრძოლა ღვედის სიგრძისთვის, რომელსაც პუტინი აძლევს ლუკაშენკოს.
ანატოლ ლებიაძკა

„იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლების წინაშეც დგანან [რუსები] - ომის გამო, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, და მრავალი შიდა პრობლემის გამო, დარწმუნებული არ ვარ, რომ ბელორუსიის ეკონომიკის მონელებისკენ მიისწრაფოდნენ,“ განაცხადა იალოვიცმა. „რაც ყველაფერზე უფრო მეტად სურთ, ესაა სანდო მოკავშირე დასავლეთისკენ და ლუკაშენკო ძირითადად ასეთი იყო.“

ბელორუსიის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანატოლ ლებიაძკა იზიარებს იმ აზრს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ციკლი ძირითადად უცვლელი რჩება.

„პუტინსა და ლუკაშენკოს შორის ურთიერთობები - ესაა მუდმივი ბრძოლა ღვედის სიგრძისთვის, რომელსაც პუტინი აძლევს ლუკაშენკოს“, თქვა ლებიაძკამ. „ჩემი აზრით, კრემლმა შენიშნა, რომ ლუკაშენკო იყენებს პუტინის სისუსტეს საერთაშორისო არენაზე და ცდილობს ეს ღვედი ბევრად უფრო დააგრძელოს.“

დღეს ორ ავტოკრატს შორის განხეთქილების ვაშლია რუსეთის საგადასახადო რეფორმა, რომელიც ამ წლის დასაწყისში შევიდა ძალაში. რუსეთი ცდილობს შეწყვიტოს დე ფაქტო საშინაო ენერგეტიკული სუბსიდიები, ის თანდათან აუქმებს საექსპორტო გადასახადებს ნავთობზე და ამის ნაცვლად აწესებს გადასახადს მოპოვებაზე. ვინაიდან ბელორუსია ბაჟის გარეშე აწარმოებს რუსული ნავთობის იმპორტს ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფარგლებში, ამის შემდეგ კი საკუთარი გადასახადებით ახდენს მის ექსპორტს, მან ახლა შეიძლება დაკარგოს მსხვილი სუბსიდია. ამ გეგმის მიხედვით, ბელორუსიას შეიძლება 300 მილიონი დოლარი დააკლდეს წელს და 12 მილიარდ დოლარამდე დაკარგოს 2014 წლისთვის.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ 2019 წელს ბელორუსიამ 5 მილიარდი დოლარის მოცულობის საერთაშორისო ვალები უნდა გადაიხადოს.

„ქვეყანა ცხოვრობს უზარმაზარი დაგროვილი ვალების პირობებში და ყოველ წელს ახალ ვალებს ვიღებთ,“ თქვა ლიაბეძკამ. „ახლა ვეძებთ მილიარდობით დოლარს, რათა გავისტუმროთ ძველი ვალები. ამიტომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დაკარგვა ერთობ მტკივნეულია ლუკაშენკოსთვის.“

იზოლაციის პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება რუსეთი, ის კარგავს გავლენის ნაწილს, მათ შორის ბელორუსიაზეც.
კირილ როგოვი

მაგრამ ლუკაშენკოსაც აქვს ბერკეტები ურთიერთობებში, რომლებიც ცნობილია, როგორც „ნავთობი კოცნებისთვის“. რუსეთი იმედებს ამყარებს ბელორუსიაზე, როგორც სანდო პოლიტიკურ მოკავშირეზე, განსაკუთრებით ნატოსთან დაპირისპირებაში. ორი ქვეყანა ატარებს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს, რაც რეგულარულად იპყრობს დასვლეთის ყურადღებას.

„რუსეთი იმყოფება საკმაოდ სერიოზული [საერთაშორისო] იზოლაციის პირობებში და ეს ლუკაშენკოს გარკვეულ სივრცეს აძლევს მანევრირებისთვის,“ განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა კირილ როგოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. „[ბელორუსია] უკანასკნელი ბასტიონია. დასავლეთთან მწვავე კონფლიქტის გათვალისწინებით, მოსკოვს ესმის, რომ დასავლეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაიწყოს ბელორუსიის გადაქაჩვა თავისი გავლენის სფეროში და ეს ერთგვარ გაურკვევლობას წარმოშობს. იზოლაციის პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება რუსეთი, ის კარგავს გავლენის ნაწილს, მათ შორის ბელორუსიაზეც.“

როგორც იტყობინებიან, ბელორუსიამ მოულოდნელად გააუქმა დიდხანს მოქმედი ლიმიტი იმ ამერიკელ დიპლომატთა რაოდენობაზე, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება აქვთ. ეს იყო სიმბოლური ჟესტი, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნის რუსეთსა და აშშ-ს შორის შემცირებულ დიპლომატიურ ურთიერთობებთან, რაც მოჰყვა ერთიმეორის დიპლომატების გაძევებას.

ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ჯგუფს ხვდება მინსკში 2018 წ. 6 ნოემბერს. ლუკაშენკოს თქმით, მისი ქვეყანა რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა არ არის საჭირო.
ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ჯგუფს ხვდება მინსკში 2018 წ. 6 ნოემბერს. ლუკაშენკოს თქმით, მისი ქვეყანა რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა არ არის საჭირო.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანატოლ ჰლასმა 11 იანვარს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ბელორუსიისა და შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სხვა გზებსაც.

ბედის ირონიაა, მაგრამ ბელორუსიის ქაოსური ეკონომიკა შეიძლება რუსეთისგან მისი სუვერენიტეტის დაცვის მთავარი საშუალება იყოს.

რუსეთში ბელორუსიის შეყვანაზე ფიქრის ნაცვლად მოსკოვს ან კრემლთან დაკავშირებულ ზოგიერთ ოლიგარქს შეუძლიათ ეცადონ წილი მოიპოვონ ბელორუსიის ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში, რომელიც რჩება ლუკაშენკოს განკარგულებაში დარჩენილ ერთ-ერთ უკანასკნელ „ოჯახურ სიმდიდრედ“. ამაზე უარის თქმა სუვერენიტეტის სერიოზული დაკარგვა იქნებოდა 10-მილიონიანი ქვეყნისთვის. მეტიც, გადამუშავებაზე მოდის ბელორუსიის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 20%, ამიტომ ამ სექტორზე უარის თქმამ შეიძლება მინსკს იმდენივე პრობლემა შეუქმნას, რამდენსაც მოუგვარებს.

ბედის ირონიაა, მაგრამ ბელორუსიის ქაოსური ეკონომიკა შეიძლება რუსეთისგან მისი სუვერენიტეტის დაცვის მთავარი საშუალება იყოს. როცა ლუკაშენკო პუტინს შეხვდა 29 დეკემბერს, მისი საახალწლო საჩუქარი შედგებოდა ოთხი ტომარა კარტოფილისა და კასრი ქონისგან - შესაძლოა, ეს იყო იმის სიმბოლური გამოხატულება, თუ რამდენად ცოტა შეიძლება მოიგოს რუსეთმა ბელორუსიასთან შეერთებით.

გარდა ამისა, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ბელორუსიას გაუჩნდა საკუთარი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი შეგრძნება. თავად მისი ერთობ შესამჩნევი საბჭოთა ნოსტალგიაც კი თავისებურია, რაც ხაზს უსვამს სტაბილურობას, მთავრობის პატერნალიზმს და ეწინააღმდეგება მხუთავ ცენტრალურ კონტროლს მოსკოვიდან. მოსკოვის მხრიდან ბელორუსიის მიერთების მცდელობებს ალბათ არ შეხვდებიან არც ღია წინააღმდეგობით, რაც უკრაინაში მაიდნის რევოლუციას ახასიათებდა, არც იოლად მანიპულირებადი აშკარა თანხმობით, რომლის ფაბრიკაციაც შეძლო მოსკოვმა უკრაინის ყირიმის რეგიონში.

„ყირიმში ყალბი რეფერენდუმი ჩაატარეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ბელორუსიაში სხვაგვარად იქნებოდა საქმე,“ თქვა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იალოვიცმა. „ქვეყანა დამოუკიდებელი იყო 25 წელზე მეტ ხანს და ხალხი მიეჩვია ცალკე ქვეყნად ყოფნას.“

თავად რუსეთში კი მოსახლეობა, რომელიც გადასახადების სერიოზული მატებისა და საპენსიო ასაკის მტკივნეული გაზრდის მოწმეა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დიდი ალბათობით არ მიიღებს ბელორუსიის ეკონომიკურ პროექტში ჩართვას ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც ყირიმის ანექსიას.

„უკეთეს შემთხვევაში ბელორუსია არის არა ყირიმი,“ უთხრა მიმდინარე თვეში რუსმა ანალიტიკოსმა ეკატერინა შულმანმა „ფორინ პოლისის,“ „არამედ საშუალო რუსის პერსპექტივიდან ისაა უფრო ღარიბი ქვეყანა, რომელიც უნდა დააპუროს და შეინარჩუნოს რუსეთმა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG