Accessibility links

ხორავას ქუჩის საქმე: ვინ (არ) ამბობს სიმართლეს?


ზაზა სარალიძე

დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის - მიხელ კალანდიას სასამართლო პროცესზე, 6 დეკემბერს, კიდევ სამი მოწმე დაიკითხა. სულ საქმეში 150-ზე მეტი მოწმეა და ამ ეტაპისთვის მათი მხოლოდ ნახევარია დაკითხული. ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ უკვე მზად არის, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დასამტკიცებლად დასკვნითი სიტყვაც კი წარმოთქვას. თავის მხრივ, ბრალის დადასტურების იმედი აქვს პროკურატურას.

რა იკვეთება ამ ეტაპისთვის და რატომ იმართება მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა სასამართლოს დახურულ დარბაზში მაშინ, როცა ეს არც ბრალდებულს აძლევს ხელს და არც დაზარალებულ მხარეს.

რას ამბობენ და რას არ ამბობენ მოწმეები?

„ცალსახად შემიძლია გითხრათ - არცერთ მოწმეს არ გააჩნია არა თუ პირდაპირი, არამედ არც ირიბი მტკიცებულება, რომ მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა ეს დანაშაული. დაკითხულ მოწმეებს არც დანის აღწერა შეუძლიათ და არც სხვა იარაღის, რომელიც შესაძლოა მიხეილ კალანდიას ჰქონოდა ხელში. იკვეთება გარემოება, რომ კალანდიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არის წმინდა პოლიტიკური დაკვეთა“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, 6 დეკემბერს, საქმეზე კიდევ სამი მოწმის დაკითხვის შემდეგ.

  • მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით.
  • დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
  • ორი მოზარდი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს.

საქმის ორ ინსტანციაში განხილვის შემდეგ, ჯერ ისევ უცნობია იმ პირის ვინაობა, ვინც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მკვლელობასთან შემხებლობის გამო, სხვადასხვა ბრალდებით, სხვადასხვა დროს დაკავებულია 10-მდე პირი.

ადვოკატ თოდუას თქმით, მოწმეები, მრავალჯერადი და კანონთან შეუსაბამო პროცედურებით წარმართული დაკითხვების გამო არიან შეწუხებული, დასტრესილი და ამით არის განპირობებული, მათ შორის, ჩვენებების ცვლილებაც - „ღამის საათებში (ღამის 2 საათზე) ხდებოდა არასრულწლოვნების დაკითხვა პოლიციაში... აგინებდნენ... ბევრი შეშინებული და დაშინებულია“.

ზურაბ თოდუა მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატს - გააგრძელოს მოწმეთა (მათ შორის - ჯერ ისევ არასრულწლოვანთა) მდგომარეობისა და მონათხრობის მონიტორინგი. ომბუდსმენის წარმომადგენელი არ ესწრებოდა 6 დეკემბრის სხდომას, ისევე, როგორც წარსულში კიდევ რამდენიმე სხდომას.

ადვოკატ თოდუას თქმით:

  • „მოწმეები ასევე ვერ ასახელებენ სავარაუდო პირს, რომელსაც შეეძლო მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძისთვის“;
  • „არ არის ნაპოვნი დანა, რომლითაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს;
  • „არ არის გამოძიებული ყველაზე კრიტიკული და ყველაზე საინტერესო ფაქტი, რომელიც საქმეში დევს - ერთ-ერთი მოწმის დაჭრის ფაქტი“;
  • „მე ვამბობ, რომ ამ მოწმის დაჭრასთან დაკავშირებულ ეპიზოდს პირდაპირი კავშირი აქვს სარალიძის მიმართ დამდგარ მძიმე შედეგებთან“.

მიხეილ კალანდიას საქმეში მოწმედ წარმოდგენილი პირის - დ.მ.-ს სხეულის დაზიანების (დაჭრის) ფაქტი ხორავას ქუჩის ძირითად საქმეს გამოეყო და, ოფიციალური ინფორმაციით, მასზე გამოძიება გრძელდება.

თუმცა დეკანოზ შიო მენაბდის შვილის მიმართ არსებობდა უფრო სერიოზული ეჭვებიც. დ.მ.-ს ხშირად სავარაუდო მკვლელებს შორის ასახელებდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და ეს მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრისას თქვა. დეკანოზი აცხადებდა, რომ მის შვილს ხელში დანა არ სჭერია.

ზაზა სარალიძე ამ ეტაპზე საქმის გარშემო კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ ეს არ ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. როგორც მისმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და ნათელი უნდა მოეფინოს სამოხელეო დანაშაულსაც.

არსებობს მტკიცებულებები?

პროკურატურა კონკრეტულს არაფერს ამბობს.

როგორც პროკურორი მირიან მეგრელიშვილი განმარტავს, კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება - რამდენად საკმარისი იქნება ეს ბრალის დასამტკიცებლად.

  • „ასეთი მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს, საქმე არსებით განხილვამდე საერთოდ არ მოვიდოდა და რამდენად საკმარისია ეს უკვე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ამას ჯერ მხარეები შევაფასებთ და შემდეგ უკვე შეაფასებს სასამართლო თავის განაჩენში“;
  • „ბრალდების მხარე იკვლევს ყველა მტკიცებულებას და იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებებითა და გამოკვლევებით სასამართლო მიიღებს ობიექტურ, სამართლიან და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“.

ადვოკატის თქმით კი, საქმეში არაფერი დევს ისეთი, რაც კალანდიას ბრალს დაამტკიცებდა. ზურაბ თოდუა პირობას დებს, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს და სისტემის „მთელ სიბინძურეს გარეთ გამოიტანს“.

დახურული დარბაზები

ამ ეტაპზე ადვოკატ თოდუას საჯაროდ მხოლოდ X-ებითა და Y-ებით უწევს ლაპარაკი იმის გამო, რომ საქმის განხილვა დახურულია - „არადა, მოწმეებსა და ბრალდებულებს შორის ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორი არასრულწლოვანია დარჩენილი“.

სასამართლო სხდომების გახსნას ზურაბ თოდუა უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს. დახურული სხდომები არც დაზარალებულ მხარეს აძლევს ხელს.

რატომ არ იხსნება სხდომები? ამ შეკითხვაზე საქმის პროკურორს, მირიან მეგრელიშვილს ასეთი პასუხი აქვს:

„პროცესის დახურვის საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა... საფუძველი ეს რომ ყოფილიყო, მაშინ სრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა არ იქნებოდა დახურული.

ამ შუამდგომლობის დაყენებისას ვხელმძღვანელობდით შემდეგი გარემოებებით, რომ სრულწლოვან მოწმეებს თავიანთ ჩვენებებში არ ეხსენებინათ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები. ამის თავიდან არიდება უნდა ბრალდებას“.

​მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG