Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს კონფერნციაზე მიღებული გადაწყვეტილებები ქაბულში ნელი ტემპებით ვრცელდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რამდენიმე დღის წინ ტოკიოში დამთავრდა დონორთა კონფერენცია, რომელზეც ავღანეთის აღდგენის დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი შეგროვდა:

მაგრამ ქაბულში ბევრი არაფერი იციან ამ ფულის და თვით კონფერენციის შესახებ.

ავღანეთის დედაქალაქში ცოტა გაზეთი გამოდის; ხშირად წყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ნიშნავს, რომ რადიო – ახალი ამბების მთავარი წყარო ავღანეთში – ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი დან ალექსე იტყობინება ქაბულიდან, რომ რიგით ავღანელებამდე ძნელად აღწევს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი საკუთარი ქვეყნის შესახებ.

იუსუფი, საშუალო ხნის ზეინკალი, ქუჩაში მუშაობს. ოთხშაბათს, იმის მეორე დღეს, რაც ტოკიოში ავღანეთს 4,5 მილიარდი დოლარი შეუგროვეს, იუსუფმა თქვა, რომ არაფერი სმენია კონფერენციის შესახებ. მისი სიტყვით, ის რადიოდან იღებს ინფორმაციას, მაგრამ სინათლის დროდადრო შეწყვეტის გამო, ყოველდღიურად ვერ იგებს ახალ ამბებს.

[იუსუფის ხმა] “მე ვუსმენ ახალ ამბებს, დენი ჩვენ რეგულარულად არა გვაქვს. მხოლოდ დღეში ხუთი საათის განმავლობაში და მაშინაც კი წყდება ორჯერ თუ სამჯერ. მაშინ ახალ ამბებს ვერ ვისმენთ.”

თავიდან ფეხებამდე საბურველით შემოსილი და მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალი, მათხოვრობს შორიახლოს. სახელის გამხელა არ ინდომა, მაგრამ დათანხმდა კორესპონდენტთან საუბარზე, ნიღბის აუხდელად. დონორთა კონფერენციის შესახებ მან უკეთ იცოდა, ვიდრე ზეინკალმა. ისიც კი გაეგო, რომ ქვეყნის დროებითი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის ტოკიოში მინიავტოკატასტროფა შეემთხვა. მათხოვარი ქალის სიტყვით, ინფორმაციას ის ბატარეებზე მომუშავე რადიოდან იღებს.

განათლებული ქაბულელი ახალგაზრდობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არ არის. მოჰამადი, 20-22 წლის სტუდენტი, რომელიც ინგლიურად იძლევა პასუხებს, ამბობს:

[მოჰამადის ხმა] “მართალი გითხრათ, ეს კონფერენცია, რომლის ჩატარებასაც აპირებენ ტოკიოში, ან რომელიც იქნებ უკვე მიმდინარეობს კიდეც, რამდენადაც ვიცი, ჩვენი ღარიბი, ომით გაპარტახებული ქვეყნის რეაბილიტაციისა და აღდგენის მიზნით იმართება. მე მადლობელი ვარ ამ კონფერენციისა და ძალიან მოხარული ვარ, რომ თალიბანი დაეცა და ვიცი, რომ კონფერენციის შედეგები დადებითი იქნება და ჩვენს ხალხს სარგებლობას მოუტანს.”

როცა გაიგო, რომ კონფერნცია უკვე დამთავრდა, მან ასე გაიმართლა თავი:

[მოჰამადის ხმა] “მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, ანუ ნახევრად განათლებული ადამიანი. წესით, ყველაფერი უნდა ვიცოდე, მაგრამ იმ პრობლემების გამო, ახლა რომ გვაწუხებს – მაგალითად, არა გვაქვს დენი – გვიჭირს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის მიდევნება. აი, ეს არის ჩვენი პრობლემები და გული მწყდება, რომ ავღანეთში ასეთი სიტუაციაა.”

ყველა ასეთ მდგომარეობაში არ არის, მოგვითხრობს ჩვენი კორესპონდენტი. ქაბულის ზოგიერთმა მცხოვრებმა იცის დაპირებული 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია აბდულა, პატარა რესტორნის ინგლისურად მოლაპარაკე ოფიციანტი.

[აბდულას ხმა] “ჩვენ ძალიან კარგი აზრის ვართ დონორებზე და გვსურს, რომ ისინი დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, მის სწრაფ აღდგენას… ჩვენი ქვეყანა თვითონვე უნდა აღვადგინოთ და გვინდა, რომ ორგანიზაციები, უწინარესად კი გაერო, ჩვენს ხალხს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარონ.”

შეკითხვაზე, საიდან გაიგო კონფერენციის შედეგების შესახებ აბდულამ თქვა, რომ ხალხის ლაპარაკიდან შეიტყო. და ალბათ სანამ ტოკიოს კონფერნციის დაპირებები ქვეყნის რეალურ აღდგენად იქცევა, ავღანელების უმრავლეობა სწორედ ამ გზით მიიღებს ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG