Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესთა გადაკვეთაზე


მიუხედავად საქართველოში ამერიკის სამხედროთა გამოჩენის თაობაზე წინააღმდეგობრივი ცნობებისა, ერთი რამ ცხადია:

შეერთებული შტატები ცდილობს კონტროლის დაწესებას სამხრეთი კავკასიის იმ რეგიონებზე, სადაც კანონი არ კანონობს და სადაც შესაძლოა თავს აფარებენ ამერიკელთა ნომერი პირველი მტრის, ოსამა ბინ ლადენის ორგანიზაცია ”ალ ყაიდის” მებრძოლები.

ახლა, როცა საქართველოში ამერიკელთა შესაძლო სამხედრო ოპერაციაზეა ლაპარაკი, რუსეთი აშკარად შეშფოთებულია. თუკი თბილისი აქამდე უარს ეუბნებოდა მოსკოვს პანკისის პრობლემის ერთობლივ მოგვარებაზე, ამერიკელთა გააქტიურება რუსეთს კიდევ უფრო მეტად დატოვებს თამაშგარე მდგომარეობაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, საქართველომ ამერიკას თხოვნით მიმართა სამხედრო დახმარების თაობაზე. ოთხშაბათს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ეს დახმარება უპირველეს ყოვლისა აღჭურვილობითა და ტექნიკით შემოიფარგლება.

ოთხშაბათსვე პენტაგონმა დაადასტურა, რომ საქართველოს გადაეცა 10 საბრძოლო ვერტმფრენი ისეთ რეგიონებში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის, როგორიცაა პანკისის ხეობა. მაგრამ პენტაგონისვე განმარტებით, ეს დახმარება არ გულისხმობს ამერიკელ სამხედროთა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში.

პენტაგონის ეს განცხადება მოჰყვა სამშაბათს გავრცელებულ ცნობას, რომ ამერიკელებმა გერმანიაში განთავსებული ნაწილებიდან საქართველოში გაგზავნეს 40 სამხედრო ექპერტი, მათ შორის ავღანეთში ნაომარი საგანგებო დანიშნულების ნაწილების წევრები, იმის შესაფასებლად, თუ რა ვითარებაა საქართველოში უშიშროების თვალსაზრისით.

ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა პიტერ პეისმა თქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები ამჟამად განიხილავენ, როგორ შეიძლება საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა მისი საშინაო უშიშროების პრობლემების მოგვარებაში.

მართალია, პეისს არ უხსენებია ”ანტიტერორისტული” კამპანია, მაგრამ პენტაგონის პრესმდივანი ვიქტორია კლარკი ოდნავ შორს წავიდა იმავე პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია პანკისის ხეობასა და ”ალ ყაიდას” შორის შესაძლო კავშირებზე.

გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტს”, რომელიც ტრადიციულად სანდო წყაროდ ითვლება, ოთხშაბათის ნომერში მოჰყავს ამერიკის თავდაცვის სფეროს ანონიმი წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკელთა მისია ეფუძნება რწმენას, რომ რეგიონს თავს აფარებენ ”ალ ყაიდის” მებრძოლები.

ასეთმავე ცნობამ გაიჟღერა ცოტა ადრე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რემლერის განცხადებაშიც.

საქართველოში ამერიკელთა სამხედრო მიზნები რომ ანტიტერორისტული ხასიათის შეიძლება იყოს, ამაზე თავად ბუშის ოთხშაბათის განცხადებაც მიუთითებს. საქართველოსთან დაკავშირებით მან თქვა: [ბუშის ხმა] ”სანამ სადმე კიდევ არსებობს ”ალ ყაიდის” გავლენა, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ტერორისტთა მიკვლევასა და მართლმსაჯულების წინაშე წაყენებაში”.

ცხადია, ამერიკელთა გააქტიურება გულზე ეკლად ესობა მოსკოვს. ამაში დასარწმუნებლად უკანასკნელი ორი დღის მანძილზე რუსეთის მასმედიისთვის თვალის შევლებაც კმარა. რაც შეეხება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ხაზგასმით თქვა, რომ რეგიონში ამერიკელთა ჩასვლა კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც რთულ ვითარებას.
თუმცა, როგორც ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობს, პუტინი იძულებული იქნება მაინც უკან დაიხიოს ამ საკითხში, რათა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს ვაშინგტონთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლელ ექსპრეტთა ნაწილის აზრით, საქართველოსთან მიმართებით ამერიკელთა საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადებები შეიძლება იმით აიხსნას, რომ ვაშინგტონი შიშობს, ანტიტერორისტული კამპანიის პირდაპირი აღიარებით მან ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციასაც არ შესძინოს ლეგიტიმურობა. ოპერაციას, რომელსაც დასავლეთი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG