Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშს ცალმხრივი პოლიტიკის გარატებაში სდებენ ბრალს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ცალმხრივი საგარეო პოლიტიკის გატარებაში.

მაგალითად მოჰყავთ გლობალური დათბობის თაობაზე კიოტოს ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმა; მოსკოვთან დადებული ანტიბალისტიკურის რაკეტების ხელშეკრულებიდან გამოსვლა; ბოლო დროს კი ასახელებენ ვაშინგტონის როლს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსების დათხოვაში.

ორშაბათს შეერთებული შტატების სურვილის თანახმად, ბრაზილიელი ხოზე ბუსტანი გადააყენეს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტიდან. ორგანიზაციაში შედის 145 სახელმწიფო და ის ადევნებს თვალყურს მსოფლიოში ქიმიური იარაღის მარაგისა და წარმოების დანადგარების განადგურებას. კენჭისყრაში, რომელიც ჩატარდა ჰააგაში, სადაც ორგანიზაციის შტაბ-ბინა იმყოფება, ბუსტანის გადაყენებას ხმა მისცა 100-დან 48 დელეგატმა. 43 ქვეყანა არ ესწრებოდა კენჭისყრას. ბუსტანის დარჩენას მხოლოდ 7-მა დაუჭირა მხარი. ვაშინგტონის აზრით, ბუსტანი ვერ ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ერთი კვირით ადრე კი პოსტი დაკარგა, ამერიკელმა რობერტ უოტსონმა, რომელიც იყო კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე. ორგანიზაცია დაარსდა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მეტეოროლოგიული ორგანიზაციის მიერ და ის სწავლობს კლიმატზე ადამიანის საქმიანობის გავლენას.

გარემოს დაცვის სპეციალისტების აზრით, უოტსონის გადაყენების უკან დგას ნავთობის მრეწველობა. ვაშინგტონი იმართლებს თავს, რომ მან მხარი დაუჭირა ინდოელ რაჯენდრა პაჩაურის, როგორც უფრო კვალიფიცირებულ სპეციალისტს და განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელს. ბუშის ადმინისტრაცია აღნიშნავს, აგრეთვე, რომ მასთან ერთად პაჩაურს კიდევ 75-მა ქვეყანამ მისცა ხმა. შეერთებული შტატების კრიტიკოსები, როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, ამბობენ, რომ ბუსტანისა და უოტსონის გადაყენება, მხოლოდ ბოლო მაგალითია იმისა, რომ ამერიკა საკუთარ მიზნებს სხვების, მათ შორის მისი მოკავშირეებისთვის ანაგრიშგაუწევლად ახორციელებს.

ამ აზრს არ იზიარებს ვაშინგტონელი ექსპერტი ჯეკ სპენსერი. მისი თქმით, ბუში და მისი მთავარი დიპლომატი – სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი – არასოდეს არ უგულებელყოფენ სხვა სახელმწიფოთა, და, მით უმეტეს, მოკრავშირეების ინტრესებს და ყოველთვის ცდილობენ მათთან თანხმობის მიღწევას. [სპენსერის ხმა] “თუ ვერ ხერხდება კოსენზუსის მიღწევა, შეიძლება ქვეყნის ინტერესებში მოქმედება. მაგრამ ასეთ შემთხვევას არასდროს არ ჰქონია ადგილი. ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ თუ საფრანგეთი არ არის თანახმა, ამერიკის გადაწყვეტილება ცალმხრივია. ყოველ ასეთ შემთხვევაში ჩვენს გადაწყვეტილებას საგარეო პოლიტიკის სფეროში ბევრი სხვა ქვეყანა უჭერს ხოლმე მხარს.”

სპენსერი უარყოფს აზრს, რომ ამერიკა თავისი სურვილის გასატარებლად იყენებს თავის, როგორც ზესახელმწიფოს გავლენას. სხვა ქვეყნები მისდევენ მის მაგალითს იმიტომ, რომ ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკა, ამბობს სპენსერი. ამ აზრს არ ეთანხმება კიდევ ერთი ვაშინგტონელი ექსპერტი ჯეიმს ლინდსი. მაგალითად მას მოჰყავს კიოტოს ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირება არ ისურვა ვაშინგტონმა. ხელშეკრულება მოითხოვს, რომ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ემისია შეამცირონ. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ შეზღუდვები ავნებს ქვეყნის ეკონომიკას. მაგრამ გარემოს დაცვის ექსპერტების თქმით, ხელშეკრულებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ფასი არა აქვს.

საგარეო პოლიტიკის ნიუ იორკელი ექსპერტიართურ ჰელტონი თვლის, რომ ვაშიგტონის საგარეო პოლიტიკის შეფასება შავ-თეთრ ფერებში არ შეიძლება და რომ ბუშს ყოველთვის საუკეთესო განზრახვები აქვს, მაგრამ სხვა ქვეყნები, მათ შორის მოკავშირეები, შეიძლება ხშირად სწორად ვერ უგებენ მას.
XS
SM
MD
LG