Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასარგებლოა თუ საზიანო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა


დავით პაიჭაძე, თბილისი მართლმსაჯულების აღსრულება, სასამართლოს გადაწყვეტილებათა ძალაში შესვლა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის სერიოზული პრობლემაა. 2002 წლის დასაწყისში აღუსრულებელი იყო

ცხრა ათასი გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს აღსასრულებელი შეიქნა კიდევ 17 ათასი განაჩენი თუ განჩინება. აქედან აღსრულდა ნახევარზე ცოტა მეტი. ამ დროს, მიმდინარე წელსვე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი, რომელთა ამოქმედება საგრძნობლად ზღუდავს სააღსრულებო სამსახურის კომპეტენციას.

ბოლო დროს ქართველი ჩინოვნიკები ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება ერთიანი და კონსოლიდირებულია, უფრო ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე უწინ. მართლაც, მთავრობის წევრები საჯაროდ აღარ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ეჭვი არ შეაქვთ კოლეგათა პატიოსნებაში, მაგრამ ფარული ბრძოლა საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუნდაც სხვისი ინტერესების შელახვის ფასად, ხელისუფლებაში არ მოშლილა. საკითხავია, რამდენად აზარალებს ასეთი შეჯახებები იმას, რასაც სახელმწიფო ინტერესებს უწოდებენ.

2002 წლის დასაწყისიდან იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს მისი უფლებამოსილების სრულად განხორციელება რომ შესძლებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შეტანას მოახერხებდა. ამის ნაცვლად კი, ბიუჯეტში შესულია 2,7 მილიონი ლარი. სულ, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების შედეგად, სააღსრულებო სამსახურს 340 მილიონი ლარი უნდა ამოეღო.

340 მილიონს ეს სამსახური ვეღარ ამოიღებს. ამის მიზეზია ორი საკანონმდებლო აქტი, რომელიც წლევანდელ თებერვალსა და ივნისში მიიღო საქართველოს პარლამენტმა მთავრობის წარდგინებით. კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება, გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონული გაზის ქსელები, რომელშიც სახელმწიფოს წილი ნახევარზე მეტია, არ ექვემდებარება აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით, რა ვალიც უნდა დაედოთ ამ ობიექტებს, რა სახელფასო დავალიანებაც უნდა ჰქონდეთ თანამშრომელთა წინაშე, ვალების დაფარვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში სააღსრულებო დეპარტამენტი უძლური იქნება, რაიმე იღონოს. გამოდის, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი უამრავი ობიექტი უფლებას იღებს, იმუშაოს არაეფექტურად, ცუდი მენეჯმენტით, დაიგროვოს ვალები და, სამაგიეროდ, ისარგებლოს ლამის ხელშეუხებლობის გარანტიით. ნათელია, რომ ეს ნორმა სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმში აყენებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს და, მეორე მხრივ, მოქალაქეს, ან კერძო სამართლის სხვა იურიდიულ პირს ამ უკანასკნელთა საზარალოდ.

რაც შეეხება ამა წლის ივნისში მიღებულ მეორე კანონს: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ვადაგადაცილებული და გადაუხდელი გადასახადების ამოღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აქამდე სააღსრულებო სამსახურის კომპეტენცია გახლდათ, ამიერიდან კი ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურს დაეკისრა. გიგლა აგულაშვილის კომენტარი ასეთია [აგულაშვილის ხმა]: “ჩემი აზრით, ეს არის უმწიფარი და ნაჩქარევად მიღებული კანონი. ჩვენთან კონსულტაციები არ ჰქონიათ და მანამ არ გასწორდება კანონის უამრავი ლაფსუსი, ძალიან გაუჭირდება საგადასახადო სამსახურს... თუ პირველმა კანონმა აღსრულება, ფაქტობრივად, შეგვიჩერა 120 მილიონით, მეორე კანონმა ჩამომართვა აღსრულების უფლება 120 მილიონზე”. ამ თანხას ემატება თავად ბიუჯეტის ვალი სხვათა წინაშე 30 მილიონის ოდენობით, სასამართლოს მიერ დროებით შეჩერებული საქმეები 37 მილიონ ლარზე და ზემოთ ხსენებული 340 მილიონიდან მეათედზე ცოტა მეტი რჩება ამოსაღები, შესაბამისად – სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი.
XS
SM
MD
LG