Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშის მრჩევლები თვლიან, რომ ერაყის წინააღმდეგ გალაშქრების დრო მოვიდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ერაყის მიმართ სტრატეგიის შესამუშავებლად. ორივეს მიაჩნია,

რომ ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმი მუშაობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე და რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობამ არ უნდა დაუშვას ეს. ბუშის მრჩევლები ეროვნული უშიშროების სფეროში აგრეთვე თვლიან, რომ საჭიროა ზომების მიღება სადამის გასანეიტრალებლად.

ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ “დრო სადამის მხარეზეა”. კვირას ამერიკის სატელევიზიო პროგრამებში გამოსვლისას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა თითქმის ერთხმად განაცხადეს, რომ სადამ ჰუსეინის მცდელობები, შექმნას მასობრივი განადგურების იარაღის არსენალი, აიძულებს შეერთებულ შტატებს გაილაშქროს ერაყის წინააღმდეგ.

“არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ჩვენს პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აიცილოს თავიდან ეს საფრთხე და მიმართავს ყველა ზომას, რომელსაც კი საჭიროდ ჩათლისო,” თქვა ჩეინიმ. მისი სიტყვით, ბაღდადი არ ზოგავს მცდელობებს ბირთვული პროგრამის განახლებისთვის და შარშანდელი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების გათვალიწინებით, ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს ერაყი, რომელიც უწინაც ცდილობდა ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნას.

ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში კონდოლიზა რაისმა, ტლეკომპანია “სი-ენ-ენ”-ის ეთერში თქვა, რომ თუმცა არ არის ნათელი, რამდენად სწრაფად ჩაიგდებს ხელში სადამი ბირთვულ იარაღს, “ჩვენ არ უნდა დავიცადლთ სანამ თავზე სოკოს ფორმის ღრუბელი დაგვადგებაო.”

მსგავსი აზრი გამოთქვა თავდაცვის მინისრმა დონალდ რამსფელდმა. “წარმოიდგინეთ 11 სექტემბერი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, თქვა მან “სი-ბი –ეს”ის ახალი ამბების პროგრამაში. “3 ათასი კაცი კი არ დაიღუპებოდა, არამედ ათობით ათასი უდანაშაულო კაცი, ქალი და ბავშვიო.”

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც, რომელიც ერაყის საკითხში ბუშის ადმინისტრაციაში ყველაზე თავშეკავებულ პოზიციაზე დგას, თქვა, რომ საჭიროა მოკავშირეებთან დაუყოვნებლივი კონსულტაციების გამართვა. ამასთან დაამატა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება იმოქმედოს ცალმხრივად, “თუ ეს ჩვენს დასაცავად იქნება საჭიროო.”

პაუელმა თქვა აგრეთვე, რომ იზიარებს ჩეინისა და სხვების აზრს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერაყი დაუშვებს გაეროს შეიარაღების ინსპექტორებს, ამას მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება.

ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ერაყი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობებს. მაგალითად, ბოლო 14 თვის განმავლობაში ბაღდადი ცდილობდა შეეძინა ათასობით ალუმინის საგანგებო მილაკი, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების ნაწილად გამოიყენება.

ამავე დროს ოფიციალური პირები, თუმცა ამობებენ, რომ მუქრა გადაუვალია, აღიარებენ, რომ არ შეუძლიათ დანამდვილებით იმის თქმა, თუ როდის ექნება სადამს მზად ბირთული იარაღი და როდის მიეცემა მას ამ იარაღის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მისი გადაცემის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG