Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს ხავერდოვან სახელმწიფო გადატრიალებაში სდებს ბრალს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის საკმაოდ დამთბარ დამოკიდებულებას 23 სექტემბერს დაესვა წერტილი, როცა პარლამენტარებმა შეიტყვეს ეროვნული

უშიშროების საბჭოში შექმნილი დოკუმენტის შესახებ, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების ერთ-ერთ ღონისძიებად პარლამენტართა საქმიანობის კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს. საპარლამენტო ოპოზიციამ ეს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არ უარყოფს, რომ ნამდვილად არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფით დოკუმენტი, სახელწოდებით “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების ღონისძიებების შესახებ.” პარლამენტის ბიუროზე ამ ცნობის გახმიანების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის რეაქცია უაღრესად მძაფრი აღმოჩნდა.
შეფასებები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავედებოდა. ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრის ედვარდ სურმანიძის განცხადებით, შევარდნაძის ხელისუფლებამ კუდიანებზე ნადირობა დაიწყო:
[ედვარდ სურმანიძის ხმა] “ ძალიან ბევრს აქვს ეჭვი, რომ ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს ქვეყანაში პრორუსული ძალებისთვის ხავერდოვანი გზით.”

იგივე მოსაზრება აქვს ამავე ფრაქციის წევრს ხათუნა ხოფერიას, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა დოკუმენტის პარლამენტარებისთვის დარიგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პარლამენტის მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა:

[ხათუნა ხოფერიას ხმა] “ დაიდოს დოკუმენტი. სხვანაირად ჩვენ დღეს სხდომას ვერ გავაგრძელებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას გვიპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება.”

რას უპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტარებს, მეტ-ნაკლებად პრეზიდენტის პრესმდივნის კახა იმნაძის სატელევიზიო გამოსვლისას გაირკვა. მან განაცხადა, რომ, მთლიანობაში, დოკუმენტი გასაიდუმლოებულია, მაგრამ, ვინაიდან პარლამენტარები შეშფოთდნენ, უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ კონკრეტული მუხლის განსაიდუმლოების შესახებ, რომელიც პარლამენტარებს ეხება. ეს მუხლი ასე ჟღერს: “ იმ დეპუტატების მიმართ, ვინც არღვევდა და არღვევს საქართველოს კანონებს, მიღებულ იქნეს ადეკვატური ზომები. აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა გაცხადდეს პრესკონფერენციებზე, ტელევიზიით, პარლამენტში.”
მისივე განმარტებით, პარლამენტარების ცალკე გამოყოფა გამოიწვია იმან, რომ პარლამენტარებს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იმუნიტეტი იცავს. არადა, კახა იმნაძის განცხადებით:
[კახა იმნაძის ხმა] “ ზოგიერთმა დეპუტატმა სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში არაერთი განცხადება გააკეთა და ნაბიჯებიც შესაბამისი გადადგა, რომლებიც გარკვეულ ეჭვებს ბადებს საზოგადეობაში.”

ფრაქცია “აღორძინების” წევრის სანდრო ბრეგაძის აზრით, ზოგიერთ დეპუტატში იგულისხმებიან ჯუმბერ პატიაშვილი და ბორის კაკუბავა. ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” აზრით, დარტყმის ობიექტებად ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი და ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატები იქცევიან. შესაბამისად, პარლამეტარები მთელი დოკუმენტის წარდგენას ითხოვენ, თუმცა კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ამ მოთხოვნის შესრულებას შეუძლებელს ხდის.
XS
SM
MD
LG