Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია შეტევაზე გადადის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად პრეზიდენტის ოპტიმისტური პროგნოზისა, დესტაბილიზაცია და არეულობა შემოდგომაზე არ იქნებაო,

22 ოქტომბერს, შუადღისას, თბილისის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველის პროსპექტზე, მოძრაობა გადაიკეტა. ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების გამაფრთხილებელი აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. თბილისის საკრებულოს გამარჯვებული პარტია კვირის ბოლომდე არჩევნების შედეგების აღიარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავს.

“საქართველო შევარდნაძის გარეშე” – ასეთი დევიზი ამშვენებდა პლაკატს, რომლითაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მხარდამჭერებმა 22 ოქტომბერს შუადღისას რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს. ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგის აღიარებასა და ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დანიშვნას მოითხოვს.

სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგის გადამოწმების საფუძველზე, ნაციონალურ მოძრაობას ერთი მანდატი შეემატა. თბილისის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული პარტია საკრებულოს მუშაობის დაწყების შეფერხებაში პრეზიდენტ შევარდნაძის მზაკვრულ ჩანაფიქრს ხედავს და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგი გააუქმა, ამით იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს, რაც შესაბამისი დასკვნების გაკეთების საფუძვლად იქცევა.

ამ ორიოდე კვირის წინათ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგის გაუქმების თხოვნით საოლქო სასამართლოს სოციალისტურმა პარტიამ მიმართა. 22 ოქტომბერს საოლქო სასამართლოს მიმართა ისევ სოციალისტური პარტიის წევრმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დენის დავითაშვილმა, რომელიც აპროტესტებს თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგის გადათვლის პრინციპს.

22 ოქტომბერს ფრაქცია “აღორძინებამ,” თავის ორ პარტნიორ ფრაქციასთან - “ოცდამეერთე საუკუნესა” და “ერთიან საქართველოსთან” - ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საარჩევნო ბლოკ “აღორძინების” სუბიექტები პრეზიდენტს ბრალს სდებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის გამომწვევი პოლიტიკის გატარებაში, რაც აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის სეპარატიზაციაში გამოიხატა. იმპიჩმენტის დასაწყებად 79 ხელმოწერის მოგროვებაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია ბლოკ “აღორძინებაში” შემავალი ფრაქციების ტაქტიკას. როგორც გახსოვთ, 11 ოქტომბერს “აღორძინება” არ შეუერთდა 5 ფრაქციის დემარშს იმ არგუმენტით, რომ არ სურდა შევარდნაძის მიერ დადგმულ შოუში მონაწილეობა.

საინტერესოა, რომ ამჯერად ფრაქცია “აღორძინება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერას ჭეშმარიტი ოპოზიციონერობის დადასტურებად აღიქვამს. ფრაქცია “აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებით, სწორედ ახლა გაირკვევა, ვინ ვინ არის... მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ დემარშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი მემარჯვენეების, გაერთიანებული დემოკრატების, ტრადიციონალისტებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დევიზს – თანამშრომლობა ყველასთან მინუს შევარდნაძე, - სრულიად ადვილად დასაშვებად მივიჩნევთ, რომ დემარშისტებმა პრეზიდენტის გადაყენება “აღორძინების” ხელით სცადონ, თუკი ეს, მართლაც, მათ ინტერესში შედის.

ყველაზე საინტერესო სწორედ ეს საკითხია: ვის ებრძვის გაერთიანებული ოპოზიცია – პრეზიდენტს თუ სახელმწიფო მინისტრს, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უკვე თავად გეგმავს. ყველაფერი კი იმით შეიძლება დასრულდეს, რომ ოპოზიციის გაერთიანებამ უკვე საპარლამენტო უმრავლესობის გაფორმებას შეუწყოს ხელი, რადგან, სამწუხაროდ, დღემდე დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციით, საქართველოს პოლიტიკური ძალები არა რაიმე იდეის ირგვლივ, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ ერთიანდებიან ხოლმე.
XS
SM
MD
LG