Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უნდა ჩატარდეს თბილისობა


დავით პაიჭაძე, თბილისი ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას, საბჭოთა სოციალიზმის მიწურულს მოფიქრებული ტრადიციის თანახმად, თბილისში თბილისობა იმართება ხოლმე. წელს, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე წამოიჭრა საკითხი,

ჩატარდებოდა თუ არა ეს ღონისძიება დედაქალაქში. ყოველი წამოჭრისას ორგანიზატორები და პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ აუცილებლად ჩატარდება. პარასკევს, 25 ოქტომბერს, თბილისობამდე ერთი დღით ადრე, პარტია “აღორძინების” წევრმა და თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა, რომ თბილისობა არ ჩატარდეს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გადაიდოს.

90-ან წლებში, თბილისობის აღდგენის შემდეგ, არაერთხელ დაისვა შეკითხვა: რამდენად მიზანშეწონილია კომუნიზმის დაისისას ჩასახული “დღესასწაულის” აღორძინება დამოუკიდებელ ქვეყანაში; ამ კითხვას სერიოზულად არავინ აღიქვამდა და, პასუხად, მართავდნენ დიდ ბაზრობას შუა ქალაქში, სადაც ხალხი ჭამდა, სვამდა, ამბობდა სადღეგრძელოებს, ყიდდა და ყიდულობდა პროდუქციას ჩვეულებრივზე ოდნავ იაფად, ესწრებოდა ტროლეიბუსის ან მეტროს ახალი ხაზის გახსნას. სიცრუე იქნება იმის მტკიცება, რომ ამ ყველაფერს დღესასწაულის მძაფრი განცდა ახლდა. თბილისობა სოციალიზმის ტიპური წარმონაქმნია, ამ ფორმაციისათვის ჩვეული, ხორაგისა და ჭირნახულის კულტის მსახურება და არა იმდენად ზეიმია, რამდენადაც ზეიმის განსახიერება. შეუძლებელია, ჭეშმარიტად იზეიმო ერთი დღის მანძილზე სიჭარბე იმისა, რაც ყველა დანარჩენ დღეს ქვეყნის უამრავ მოქალაქეს აკლდა სოციალიზმის დროს და აკლია ახლაც.

თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრს, ჯონდი ბაღათურიას კი, სულ სხვა მოტივი აქვს, როცა მოითხოვს, რომ წელს თბილისობა არ ჩატარდეს [ბაღათურიას ხმა]: “როცა ასეთი ტრაგედია აქვს მეზობელ ერს – ვგულისხმობ მოსკოვში დატრიალებულ ტრაგედიას – აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია თბილისობის დღესასწაულის ჩატარება. მით უმეტეს, ეს არ არის მხოლოდ რუსების ტრაგედია; ეს არის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ტრაგედია, მათ შორის, ჩეჩენი ერისაც. და მაშინ, როცა შენს ორ მეზობელ ერს ასეთი ტრაგედია აქვს და შენ ტაშ-ფანდურს მართავ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე ვშიშობ, საქართველომ არ დაუშვას უდიდესი შეცდომა, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით”.

პოლიტიკურ კორექტულობაზე აპელირებისას ჯონდი ბაღათურია დასძენს, რომ მძევალთა შორის ერთი თბილისური ოჯახიცაა. ყოფილი საკრებულოს წევრის არგუმენტები თითქოს საკმარისი უნდა იყოს მისი მოთხოვნის გასატანად, მაგრამ არა: თბილისობა მაინც შედგება, ოღონდ ქალაქის მერის, ვანო ზოდელავას თქმით, არაპომპეზურად. ჩვენი აზრით, თბილისობის პომპეზურობა, კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა: რაც მერს პომპად მიაჩნია, ის, უბრალოდ, ანაქრონიზმია. ასე რომ, თბილისობა, ალბათ, ცეკვა-თამაშის, ტივებისა და ბუტაფორიული ყარაჩოხელების გარეშე გაიმართება. ასე უკეთ ჩანს ამ ღონისძიების არსი.
XS
SM
MD
LG