Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში დამსჯელი ოპერაციების მასშტაბებს ზრდის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თქვა, რომ ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციები უფრო ინტენსიური და, ამავე დროს, მიზანმიმართული გახდება.

მისი სიტყვით, ბოლო დღეებში მან მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნები ახალი ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებენ როგორც ჩეჩნეთში, ისე მის გარეთ და ამ მიზნით მათ ზოგიერთ სოფელში "თვითმკვლელი ტერორისტები" დაიქირავეს.

ივანოვმა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში ილაპარაკა. ჟურნალიტებთან საუბრის დამთავრებიდან მოკლე ხნის შემდეგ, ჩეჩენმა მეამბოხეებმა გროზნოს მახლობლად რუსეთის შვეულმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს. 9 ჯარისკაცი დაიღუპა.

ბოლო ათი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე სამხედრო შვეულმფრენია, რომელიც ჩამოაგდეს ჩეჩნეთში და მის ახლომახლო მიდამოებში, რაც ბადებს ეჭვს, მართლაც რუსეთის ხელშია სამხედრო კონტროლი ამ რეგიონზე თუ არა.

ივანოვის გამოსვლას წინ უძღვოდა ჩეჩნეთის საინტერნეტო საიტის ცნობა, რომ მოსკოვის თეატრში მძევალთა აყვანის ოპერაციის უკან იდგა შამილ ბასაევი. ნათქვამია აგრეთვე, რომ ამას სხვა მსგავსი ოპერაციები მოჰყვება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომრავლდა ფედერალური სამიზნეების წინააღმდეგ თვითმკვლელი ჩეჩენი-ქალების მიერ მოწყობილი ტერაქტების რიცხვი.

გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის სამწლიანი ომი ფედერალურმა ჯარმა ფაქტობრივად მოიგო და ახლა მთავრობა ადგილობრივ პოლიციას გადასცემს მშვიდობის დაცვის ფუნქციებს. მოსკოვის თეატრის ინციდენტმა და მორიგი შვეულმფრენის ჩამოგდებამ შეცვალა რუსეთის გეგმები. ივანოვის თქმით, რუსეთმა შეაჩერა ჩეჩნეთიდან ჯარების კარგახნის წინათ დაპირებული გაყვანა.

ვარაუდობენ, რომ ჩეჩნეთში იმყოფება 75-დან 80 ათასამდე რუსი ჯარისკაცი. ჩეჩენი მებრძოლების რიცხვი დაახლოებით 2 ათასი უნდა იყოს.

რუსეთის სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა კვირას აღნიშნა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან 6 შვეულმფრენის ჩამოგდება მიუთითებს, რომ პარტიზანებმა ან შეიძინეს მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები ან მოახერხეს ძველი მარაგის ისე გადაკეთება, რომ ისინი რუსეთის საჰაერო ტექნიკის წინააღმდეგ გამოიყენება. ამან კი ფედერალურ არმიას ჰაერში უპირატესობა დაუკარგა.

პილოტები იძულებული იქნებიან ძალიან დაბლა იფრინონ, რაც გაზრდის რამეზე დატაკების რისკს. ეს კი შეამცირებს შვეულმფრენებით მომარაგების სისტემის ეფექტიანობას და ჩეჩნებს დანაღმვის მეტ საშუალებას მისცემს, ამბობს ფელგენგაუერი.
XS
SM
MD
LG