Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი პატიმრები საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარს სთხოვენ, მათ ამ თხოვნაზე სასამართლომაც უნდა იმსჯელოს


ჩეჩენი პატიმრების რუსეთში ექსტრადირების საწინააღმდეგოდ ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენება, თუმცა მაინც ძნელია იმის თქმა, მოხერხდება თუ არა ამ ადამიანების საქართველოში დატოვება.

აგვისტოს დასაწყისში დაკავებული ჩეჩნების ბედი საქართველოს სასამართლოებში წყდება. ისინი საქართველოს პრეზიდენტს ახლა უკვე პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ და საქართველოში დევნილის სტატუსს სასამართლოს მეშვეობით ითხოვენ.

მანამ, სანამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო აგვისტოს დასაწყისში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის მოთხოვნის სამართლიანობას თუ უსამართლობას არკვევს, ჩეჩენი პატიმრების და მათი ადვოკატების სარჩელებს საქართველოს სასამართლოებში ერთმანეთის მიყოლებით განიხილავენ. აგვისტოს დასაწყისში დაკავებული ჩეჩნების - ჰუსეინ ილდხანოვის, რუსლან ბელიგაევისა და რუსტამ ელიხაჯიევის - ადვოკატებმა ორშაბათს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ამ პირების რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, მას შემდეგ, რაც ხსენებული პირების მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად ცნო, ამ ადამიანების უკანასკნელი იმედი უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა. ამასთან, ისინიც და თბილისის ნომერ მეხუთე საგამოძიებო იზოლატორში მყოფი სხვა ჩეჩნებიც, იმათ გარდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ. აგვისტოს დასაწყისში დაკავებულმა ჩეჩნებმა თავშესაფრის მოთხოვნით პრეზიდენტს მეორედ მიმართეს. საქართველოში სტატუსის მიღებას ისინი სასამართლოს გზითაც ცდილობენ, როგორც ამასთან დაკავშირებით ჩეჩნების ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ გვითხრა:


[მალხაზ პატარაიას ხმა] “როდესაც ისინი ჩაბარდნენ ხელისუფლებას, მაშინ ითხოვეს თავშესაფარი, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ 3 – მა მიმართა პრეზიდენტს და პასუხი ვერ მიიღო, შემდეგ 6 –მა მიმართა პრეზიდენტს და, ბოლოს, იმათი სახელით, რომლებმაც პირველად მიმართეს პრეზიდენტს, შევიტანეთ სარჩელი საოლქო სასამართლოში. “

განიხილავს თუ არა საოლქო სასამართლო ამ სარჩელს, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მანადე კი, ცნობილია, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით ჩეჩნების მიერ პრეზიდენტის აპარატში შეგზავნილი მოთხოვნა არ იქნა მთლად დასაბუთებულად მიჩნეული და შესასწავლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეგზავნა, სამინისტრომ კი ჩეჩენი პატიმრების მოთხოვნის განხილვაზე უარი თქვა. ამის მიზეზად მოთხოვნის კოლექტიური ხასიათი დასახელდა, რადგან, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აპარატში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიღებული დებულება აწესრიგებს, ამ უკანასკნელის მიხედვით კი, აუცილებელია თავშესაფრის მიღების მოთხოვნა ინდივიდუალური იყოს. ერთი სიტყვით, რადგან საკითხს უშუალოდ პრეზიდენტი წყვეტს, სამინისტროში გადაგზავნილი დოკუმენტაცია ისევ კანცელარიაში დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, არ აკონკრეტებს, შესაძლებელია თუ არა ჩეჩნების მოთხოვნის დაკმაყოფილება. შეკითხვას “არის თუ არა მოსალოდნელი მათთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა?” მან ასე უპასუხა: “გამორიცხული არ არის სხვადასხვა ვარიანტები.”
იმის გამო, რომ საქართველოში დაკავებული ჩეჩნების შესაძლო ექსტრადიციის თემა აშკარად პოლიტიკურ ელფერს ატარებს, იურისტებსაც უჭირთ წინასწარი დასკვნების გაკეთება. ჩეჩნებისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა ავტომატურად გამორიცხავს მათ ექსტრადიციას. აქედან გამომდინარე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის “ წარმომადგენელი თამუნა ქალდანი ამბობს:

[თამუნა ქალდანის ხმა] “პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ, თუ არსებობს საფრთხე, რომ თავშესაფრის მიუცემლობა გამოიწვევს ადამიანის მდგომარეობის გაუარესებას, უნდა იყოს დაკმაყოფილებული. საქართველო მიუერთდა ექსტრადიციის შესახებ ევროპულ კონვენციას, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უარი შეიძლება ითქვას ექსტრადიციაზე საზოგადეობრივი მორალის, სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების საფუძველზე. საქართველო იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს პირის გადაცემაზე ჰუმანიტარულ საფუძველზე, თუ გადაცემა გამოიწვევს პირის მდგომარეობის გაუარესებას.”

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი შეიძლება მიეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის დაცვისთვის ან პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის იდევნება. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას კი ამ ადამიანის ეროვნული ნიშნით დევნა განაპირობებს. ჩეჩენი პატიმრები საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისთვის, ერთდროულად, პრეზიდენტსაც მიმართავენ და სასამართლოსაც. მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება რუსეთის მოთხოვნაზე უარი იქნება, ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ჩეჩნებისა და მათი ადვოკატების მოთხოვნა. ცნობისათვის: როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მითხრეს, უკანასკნელ წლებში პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში უცხო ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
XS
SM
MD
LG