Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სახელმწიფოს სიძლიერეს, ჩვეულებრივ, ყველაზე უკეთ გამოხატავს მისი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქეები ნებისმიერ უცხო სახელმწიფოში თავს დაცულად გრძნობენ.

დღეს გესაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის დევნილებს, უცხო ქვეყანაში გაჭირვებაში ჩავარდნილ საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ტერიტორიაზე დაკარგულ საქართველოს მოქალაქეებს.
24 დეკემბერს კინოს სახლში შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარლამენტარები ჩეჩენი დევნილების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება სამი ჩეჩენი მებრძოლის რუსეთში ექსტრადირების შესახებ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა.


ადამიანის უფლებების დამცველი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მოუწოდებენ სოლიდარობა გამოხატონ ჩეჩენი დევნილების მიმართ. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის,” ამბობს, რომ 25 დეკემბერს გაირკვევა, რამდენად გულწრფელია საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავს ჰუმანური ფასეულობების მაღიარებლად და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მხარდამჭერად აცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საერთო აზრია, რომ რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თბილისში მყოფ ჩეჩენ პატიმართა შესახებ არადამაჯერებელია და ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩეჩენი პატიმრების რუსეთში ექსტრადიციაზე დათანხმება მხოლოდ ისეთ მსხვერპლშეწირვად იქნება აღქმული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების უზნეობა და ანგარება უდევს საფუძვლად.
25 დეკემბერს უზენაესი სასამართლო იმ სამი ჩეჩენი პატიმრის საჩივარს განიხილავს, ვის მიმართაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება სამართლიანად ცნო. სასამართლო პროცესის დაწყების წინ არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურიას გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში დაკავებულ ჩეჩნებს წამება არ ასცდებათ. ასეთივე მიმართვა პარლამენტარმა ელენე თევდორაძემაც მოამზადა, თუმცა ამ დროისთვის მიმართვას ხელი მხოლოდ 7-მა პარლამენტარმა მოაწერა.
შეგახსენებთ: ეს ის სამი ჩეჩენი მებრძოლი გახლავთ, რომლებიც წელს, აგვისტოში, კიდევ 8 თანამებრძოლთან ერთად რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა. ცამეტიდან 5 მებრძოლის ექსტრადიცია უკვე მოხდა ოქტომბერში. ნანა კაკაბაძის თქმით, ექსტრადირებულთა კვალს მათმა ადვოკატებმა რუსეთის ვერც ერთ ციხეში ვერ მიაკვლიეს.
სხვათა შორის, ამ დღეებში ჩეჩნეთში აღმოჩენილ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის არქივს რუსეთის სპეცსამსახურები დიდ იმედებს უკავშირებენ, საველე მეთაურების მიმართ ახალი ბრალდებების წაყენების თვალსაზრისით. გაზეთ ”იზვესტიას” ცნობით, სხვადასხვა საბრძოლო რუკასა და ვაჰაბიტურ ლიტერატურასთან ერთად, არქივში დაცულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილებიც.
XS
SM
MD
LG