Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა 2002 წლის ბოლო დღეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე საათში 2002 წელი შარშანდელ წლად იქცევა. როგორი იყო 2002 წელი საქართველოსთვის, ამის თაობაზე, ჩვენს თბილისელ კორესპონდენტებთან ერთად, 2003 წლის 1 იანვარს გესაუბრებით.

ამჯერად კი მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2002 წლის 31 დეკემბერს.

31 დეკემბრის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა ბუნების საჩუქარი აღმოჩნდა: საქართველოში ხანგძლივი და უჩვეული ყინვების შემდეგ მოულოდნელად დათბა. შესაბამისად, იმ თბილისელებს, ვინც გეგმავს, 31 დეკემბრის ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაატაროს, - რომ აღარაფერი ვთქვათ გრანდიოზული კონცერტის მონაწილეებზე, - ნამდვილად გაუმართლა. შეგახსენებთ, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კონცერტში, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი-2-ისა კომპანია ”არტ-იმედის” მიერაა ორგანიზებული, ქართული შოუბიზნესის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი, 31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გახურებული წინასაახალწლო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ერთ-ერთი გაზეთის ინფორმაციით, საახალწლოდ მარტო თბილისელები 20 ათას გოჭს, 10 ათას ინდაურს, 100-100 ტონა ღორისა და ძროხის ხორცს გაანადგურებენ. როგორც ჩანს, დასალევი ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის ოდენობა ისეთი სოლიდურია, რომ ამის თაობაზე მონაცემი, უბრალოდ, არ არსებობს. კიდევ ერთი ინფორმაცია, გარკვეულწილად, ნიადაგს უმაგრებს ხელისუფლების განცხადებას მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის თაობაზე. კერძოდ, თვალშისაცემად გაიზარდა თბილისელთა იმ კატეგორიის რაოდენობა, ვინც ახალ წელს რესტორანში ხვდება. თუ გავითვალისწინებთ ასეთი შეხვედრის ფასს, - ერთი ბილეთის თუ მოსაწვევის ფასი 50- დან 400 ლარამდე მერყეობს, 30 დეკემბრისთვის კი ბილეთების 80 პროცენტი გაყიდული იყო, - გამოდის, რომ, ასე ვთქვათ, საშუალო ფენა საქართველოში გაჭირვებით, მაგრამ მაინც არსებობს.
2002 წლის ბოლო დღეს უსიამოვნო შედეგით ასრულებს საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, რომელიც წინასაახალწო დღეებში გასაოცრად გამყარდა, 31 დეკემბრის ბანკთაშორისო ვაჭრობაზე კი ლარის კურსი ისევ დაეცა. თუმცა 31 დეკემბრის კიდევ ერთი ინფორმაცია ლარის თაობაზე ნამდვილად ოპტიმისტურია - ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ 2003 წლის იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურე რუსეთის სამხედრო ბაზის თანამშრომლები ხელფასს რუბლში კი არა, ლარში მიიღებენ. საინფორმაციო სააგენტო ”კავკაზპრესის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ივანე ვახტანგიშვილმა. მისი განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ვალუტის განმტკიცებას საქართველოს ტერიტორიაზევე. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალქალაქის მოსახლეობაში ლარზე მეტად ფასობს რუბლი და სომხური დრაჰმი. ამიერიდან ახალქალაქის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობს, ხელფასს ლარში მიიღებს, რაც საქართველოს ამ რეგიონში ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველს შექმნის.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას - პარლამენტის გადაწყვეტილებას ბაზების მიერ მიწის არენდის გადასახადის გადახდის შესახებ,– ის, როგორც ჩანს, 2003 წლის მოსაგვარებელ პრობლემათა ჩამონათვალში დაიკავებს ადგილს, ისევე როგორც მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG