Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ“ და მისი სავარაუდო მომავალი


ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა აზრი, რომ დემოკრატიის იარაღის - სიტყვისა და აზრის თავისუფლების ბერკეტები, პრესის კი არა, სიტყვისა და პრესის თავისუფლების

შესახებ კანონით უნდა განისაზღვროს. ამ აზრის ჩამოყალიბებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სიტყვის თავისუფლების კანონის ჩარჩოებში მოქცევა, მარტო პრესისა და მისი წარმომადგენლების კი არა, მთელი საზოგადოების ცხოვრებაზე უნდა აისახოს. ანუ კანონი უნდა იცავდეს ნებისმიერ ადამიანს, თუკი მას საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დაუპირისპირდებიან. კანონპროექტი “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” მომზადებულია და ვინც მას იცნობს, აღიარებს კიდეც, რომ ის დემოკრატიის მოთხოვნებს უპასუხებს. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროქეტს მხარს არ დაუჭერს.


როგორც “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელმა ლევან რამიშვილმა გვითხრა, “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თებერვლის სამუშაო განრიგშია შეტანილი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ კანონპროექტის განხილვას დროულად დაიწყებს, ლევან რამიშვილმა არ იცის. წინასწარვე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ, თებერვალში იქნება თუ უფრო გვიან, მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება. დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტს იწონებს და ამბობს, რომ მისი მიღება დიდად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ღრმად არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ პარლამენტში ასეთი კანონის მიღება არ მოხდება. “ მე პესიმისტი არა ვარ, პირიქით, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტის თემატური უმრავლესობა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ წავა, “ – თქვა მან ჩევნთან საუბრისას და, აი, რატომ:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “საჯარო პირი აქ ნაკლებად არის დაცული. რატომ? ის იმიტომ არის საჯარო პირი ( არ დაგავიწყდეთ, რომ ის თვითონ ირჩევს ასეთ სამსახურს), რომ ადამიანებს აქვთ უფლება მის შესახებ იცოდნენ უფრო მეტი და, ამავე დროს, საჯაროდ შეაფასონ ის. საჯარო პირს ხომ აქვს დამცავი მექანიზმები. მაგალითად, მე რომ ვარ პარლამენტის წევრი, მაქვს დამცავი მექანიზმები: მიცავს იმუნიტეტი, მაქვს პარლამენტის ტრიბუნით სარგებლობის საშუალება და ასე შემდეგ. როცა თქვენ ჩემ შესახებ გამოთქვამთ აზრს, მე შემიძლია ჩემი საქმიანობით გავაბათილო ეს აზრი ან, პირიქით, არ გავაბათილო.”

ასეა თუ ისე, დღევანდელ ქართველ საჯარო მოსამსახურეთა უმრავლესობას გაუჭირდება შეეგუოს ნორმებს, რომლებიც რიგით მოქალაქეებს მასზე მეტ პრივილეგიებს მიანიჭებს. საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, არ მოეწონებათ “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტის მეათე მუხლი, რომელიც ამბობს: “პირს ემუქრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩლე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩლის შესახებ და რომ ცილისმწამებლური განცხადებით მოპასუხემ ბოროტი განზრახვით მიაყენა მას ზიანი.” უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ესა თუ ის კერძო პირი ამა თუ იმ თანამდებობის პირს კორუფციაში ამხელს, ეს უკანასკნელი კი მხილებას ცილისწამებად მიიღებს და სასამართლოს მიმართავს, სასამართლოს მანვე უნდა დაუმტკიცოს, რომ ის კორუმპირებული არაა.

ამ კანონპროექტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი საჯარო პირებზეა. ამას გარდა, თუ მოსარჩლე დაამტკიცებს, რომ მოპასუხემ, მართლაც, დასწამა ცილი მოსარჩლეს, მოპასუხეზე დასაკისრებელი საკომპენსაციო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მოსარჩლისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ორმაგ ოდენობას, მაგრამ არც მოპასუხის წლიური შემოსავლის ოდენობას უნდა აჭარბებდეს.

“სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” კანონპროექტი მკაფიოდ განსაზღვრავს იმას, თუ რა არის აზრი, მოწოდება, ცილისმწამებლური განცხადება ან უხამსობა.მაგალითისთვის: აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას რაიმე მოვლენის, პიროვნების ან საგნისადმი და არ შეიცავს დადასტურებას ან უარყოფით ფაქტებს. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება – განცხადებაა, რომელიც გარკვეული ქმედებების გამოწვევას ისახავს მიზნად. ის კვალიფიციური პრივილეგიითაა დაცული. ცილისმწამებლური განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, ისეთებს, რომელთა სიმცდარეც წინასწარ იყო ცნობილი მოპასუხისთვის და მოსარჩლეს ამ განცხადებით ზიანი მიადგა. უხამსობა კი არის განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურ, პოლიტიკურ ან სამეცნიერო ღირებულებას, რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს და მიზნად ისახავს პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვას. უკანასკნელი განმარტება იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც, მას რომ კანონის ძალა ჰქონოდა, სასამართლოს გაუჭირდებოდა კლარა შუკვანის დასჯა ტრანსპარანტისთვის, რომელიც შევარდნაძის და არძინბას პოლიტიკურ ურთიერთობას ეხებოდა.

დასკვნისათვის: კანონპროექტი “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ” საჯარო პირსა და კერძო პირს ერთმანეთისგან ისე განასხვავებს, როგორც ეს ცივილურ საზოგადოებებში ხდება. ვასილ მაღლაფერიძის თქმისა არ იყოს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ ამერიკელებს სრული უფლება ჰქონდათ ბოლომდე ჩაჰყოლოდნენ პრეზიდენტის ურთიერთობას იმ ქალბატონთან, რადგან მათ ამის უფლება ჰქონდათ. კერძო პირთან დაკავშირებით ასეთი რამ ისჯება. კერძო პირთან დაკავშირებით არავის საქმე არ არის ვინ ვისი საყვარელია. საჯარო პირი სხვაა. ის საზოგადოებისაგან აკრეფილი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობს.”

საქართველოში თანამდებობის პირები იშვიათად ცხოვრობენ საზოგადოებისგან აკრეფილი გადასახადების ხარჯზე. ამდენად, ვნახოთ რა არგუმენტებით დაუპირისპირდებიან ისინი ინიციატივას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლების მყარი გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG