Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხელისუფლებას სახელფასო დავალიანების დაფარვას სთხოვს


საქართველოს 2003 წლის ბიუჯეტის კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის ხარჯები 24 მილიონი ლარით განისაზღვრა.

გარდა იმისა, რომ თანხა ძალზე მცირეა, იგი გასულ წელს ანალოგიური ხარჯებისათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებებზე 8 მილიონი ლარით ნაკლებია. წელს, ისევე როგორც შარშან, ბიუჯეტის კანონი არ მიუთითებს საერთო თანხიდან კონკრეტულად რამდენი უნდა მოემსახუროს სახელფასო დავალიანებას, რამდენი საპენსიოსა და სხვა დაცულ მუხლებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, შესაბამისად, კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რათა ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა შრომის ანაზღაურებაში არსებულ დავალიანებათა ზუსტი ნუსხა, მოცულობებისა და დარგობრივი კუთვნილებების მიხედვით.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნა, თავის მხრივ, ერთ შემაშფოთებელ ტენდენციას ააშკარავებს - სახელმწიფოს არ დაუჯამებია წლების განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა მიმართ დაგროვილი დავალიანება, არ შეუმუშავებია ამ დავალიანების დაფარვის მოკლევადიანი პროგრამა და, შესაბამისად, არ არსებობს დავალიანებათა დაფარვის კონკრეტული სტრატეგია. დავალიანებათა დაფარვის ზოგადი გრძელვადიანი კურსი კი, ხშირ შემთხვევაში, დავალიანებათა ყოველწლიური მატებით ხასიათდება და არა კლებით. დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფოს დავალიანება განათლების მუშაკთა მიმართ 2002 წელს კიდევ 2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა. მთლიანი დავალიანება კი 19 მილიონ ლარს შეადგენს. პედაგოგთა შემდეგ, ამ მხრივ, მეორე ადგილზე დგანან ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულნი. მარტო 1999-2001 წლების სახელმწიფო დავალიანება 20 მილიონ ლარს აღემატება, ახალი დავალიანება კი 2002 წლის 6 თვის გადაუხდელ ხელფასებში აისახება.
ასეთ ვითარებაში დაწყებულ პროფკავშირულ მოძრაობას საერთოდ დასაქმებულთა საპროტესტო აქციები მოჰყვება ხოლმე. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიტანოთ ჭიათურაში მიმდინარე თვის დასაწყისში განვითარებული მოვლენები. ჭიათურმანგანუმის ითხვისის მაღაროში დაწყებულ შიმშილობის აქციას სოლიდარობა მთელმა ქალაქმა გამოუცხადა და ჭიათურა სოციალური მღელვარების საშიშ კერად იქცა. ჭიათურმანგანუმის მუშების 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვა პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან გამოყოფილი 800 000 ლარით ინება. სახელმწიფო, ალბათ, იმასაც ინებებს, რომ დარჩენილი 500 000 ლარის დაფარვით სოციალური აფეთქება აღარ დაუშვას. მაგრამ, ამის მიუხედავად, პერსპექტივა ბუნდოვანია, პრობლემისადმი დამოკიდებულება კი - ზერელე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერი ირაკლი ტუღუში, მაგალითად, ადამიანის სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ზოგად საუბარს პრესასთან საანგარიშო შეხვედრის სტატუსს ანიჭებს. სხვა საკითხია, რომ ამგვარი ანგარიშები ვერაფერს მატებს მათ, ვინც პრაქტიკულად ფუნქციადაკარგული პროფკავშირული ორგანიზაციებიდან ელის დახმარებას.
[ირაკლი ტუღუშის ხმა] "მე გეთანხმებით, რომ ჩვენ, ალბათ, უფრო ხშირად უნდა გავაკეთოთ, ვამხილოთ თუნდაც ის კორუმპირებული კლანები ან ის ძალები და რაღაცნაირად მოვახდინოთ ამაზე გავლენა."[სტილი დაცულია]
ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანების ამჯერად უკვე არაოფიციალური მიმართვა ფინანსთა სამინისტროსადმი. მიმართვის აღსრულებაზე საუბარი კი, თავის მხრივ, სამწუხაროდ, მხოლოდ ღიმილს იწვევს.
XS
SM
MD
LG