Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის პრესკონფერენცია


ანდრო ეული, პრაღა 28 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

რომ ვაშინგტონი არ აპირებს ერაყიდან წასვლას მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაახშირეს კოალიციის ძალებზე თავდასხმა. ბაღდადსა და მის მიმდებარე დასახლებებში მოწყობილ თავდასხმებში ჯორჯ ბუშმა ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მომხრეები და უცხოელი ტერორისტები დაადანაშაულა. სულ ცოტა 34 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 200-ზე მეტი დაიჭრა ბაღდადში ორშაბათს 27 ოქტომბერს, მაჰმადიანთა წმიდა თვის რამადანის პირველ დღეს, როცა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ხუთ შენობას დააჯახეს დანაღმული საბარგო ავტომანქანები.

პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ტერორისტები, რომლებმაც ორშაბათს ბაღდადში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა და პოლიციის სამმართველოს ოთხი შენობა ააფეთქეს, ცდილობენ "აიძულონ მოსახლეობა დატოვოს" ერაყი და ავღანეთიც, სადაც ასევე გახშირდა ძალადობა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "უგუნური თავდასხმები უდანაშაულო მოქალაქეებზე ვერც ჩვენ შეგვაშინებს და ვერც მამაც ერაყელებსა და ავღანელებს, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით იცავენ თავს და თვითმმართველობას ესწრაფვიან".

ბუშმა თქვა, რომ შეერთებული შტატები სირიასა და ირანთანაა მჭიდრო კონტაქტში, რათა უცხოელმა მოიერიშეებმა ვეღარ შესძლონ ერაყში შესვლა. ორშაბათს, ერაყის უშიშროების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მამაკაცი, რომელსაც, როგორც გამოირკვა, დანაღმული ავტომანქანის აფეთქება ჰქონდა განზრახული. დაჭრილი - სირიის მოქალაქე აღმოჩნდა.

პრესკონფერენციაზე, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, ბუშმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს იმის გარკვევას" თუ ვის აკისრია ერაყში მომხდარი თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა ჩემის ვარაუდით, ეს ბაათის პარტიის წევრები, ან უცხოელი ტერორისტები, ან კიდევ, შესაძლოა ერთნიცა და მეორენიც არიან".

ჯორჯ ბუშს მიაჩნია, რომ მსოფლიო უფრო მეტად უსაფრთხოა დღეს, რამეთუ ერაყში სადამ ჰუსეინის, ხოლო ავღანეთში თალიბების რეჟიმია დამხობილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღიარებს, რომ აღდგენითი პროცესი ვეებერთელა პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან როგორც ერაყში, ასევე ავღანეთშიც თავისუფლებას კვლავაც ჰყავს დაუძინებელი მტრები.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სწორი სტრატეგიით ხელმძღვანელობენ ერაყში, და რომ ვითარება ქვეყანაში არც ისე საგანგაშოა, როგორც ამას მას მედია ხატავს.
XS
SM
MD
LG