Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახდენს თუ არა არჩევნები ეკონომიკურ გარემოზე გავლენას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 5,4-7,1 %-ის ფარგლებშია ნავარუდევი. საინტერესოა, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები

2004 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარ სტიმულად ქვეყანაში არჩევნების ჩაუტარებლობის ფაქტორს მიიჩნევენ. ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა მომავალი წლის ინდიკატური მაჩვენებლები, რომლის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ყველა დონის არჩევნებისაგან თავისუფალ და დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დამასრულებელ სტადიაში მყოფ საქართველოში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო 2004 წელს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ვარაუდობს. როგორც ჩანს, არჩევნების ჩატარება მეტისმეტად ძვირი უჯდება ქვეყანას. გარდა სერიოზული ფინანსური დანახარჯებისა, არჩევნები ძაბავს სამეწარმეო გარემოს, ფიქრობენ ეკონომიკის სამინისტროში.

ინდიკატური გეგმის თანახმად, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5,4, - 7,1 %-ს დონეზეა ნავარაუდევი. საინტერესოა, რომ ეს პარამეტრი ჩამოუვარდება ოფიციალურად წელს დაფიქსირებულ ზრდას, რომელიც, განვლილი 9 თვის მონაცემებით, 8,3 პროცენტს უტოლდება. შესაბამისად, არჩევნების ჩაუტარებლობა მაინცდამაინც მყარი არგუმენტი არ უნდა იყოს, თუმცა დაძაბული პოლიტიკური ფონი, ბუნებრივია, ახდენს გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე და ეს, პირველ რიგში, საინვესტიციო აქტივობას ეხება. შესაბამისად, იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2 ნოემბრის არჩევნების შემდგომ და რა იმიჯი ექნება ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებაში, ბევრად არის დამოკიდებული დასავლური კაპიტალის განწყობა საქართველოს მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დაფინანსების აღდგენა მომავალ წელს, რადგან მიმდინარე წელს ამ საფინანსო ინსტიტუტთან გართულებულმა ურთიერთობამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა სხვა დონორებთან ურთიერთობაშიც, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა დაგეგმილი გრანტები ვერ მიიღო.

ფონდთან პროგრამის განახლებაზე არჩევნები, რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას. სწორედ ამის გამო რეგულარული მისია, რომელმაც შემაჯამებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს ვაშინგტონში დირექტორთა საბჭოს, საქართველოში საარჩევნო ვნებათაღელვის დაწყნარების შემდგომ ჩამოვა.

რაც შეეხება ზრდის მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორს - დიდ ნავთობსადენს, მისი წყალობით, მართლაც, სერიოზული კორექტირება მოხდა ეკონომიკურ პარამეტრებში და მშპ-ს წლევანდელი ზრდის ოფიციალური მაჩვენებელიც სწორედ ამით არის გამოწვეული. თუმცა ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ერთ, თუნდაც „საუკუნის პროექტზე" იქნება დამოკიდებული, არა გვგონია, სერიოზული ეკონომიკური წარმატების პერსპექტივა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG