Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის ბიუჯეტის პარამეტრები "გამოამზეურა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები გააცნო საზოგადოებას. ბიუჯეტი 2004 საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება და გასული წლის მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება.

ახალ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას ახლად ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი და პირადად ფინანსთა მინისტრი აიღებს.

ზურაბ ნოღაიდელმა საზოგადოებას გააცნო 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მეშვეობით, 2004 წელს, გასულ წელთან შედარებით, 400 მლნ. ლარით მეტის დახარჯვას გეგმავს.

საბიუჯეტო პარამეტრები დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო და ფინანსთა სამინისტრომ მისი გამომზეურება მხოლოდ თბილისში მყოფ სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. პაოლო ნოიჰაუზის მისიას პროექტთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გამოუთქვამს, თუმცა, თუ ნოღაიდელის ოპტიმიზმით ვიმსჯელებთ, ფონდთან, ამ მხრივ, პრობლემები ნაკლებად უნდა იყოს.

ამ შეთანხმებული ვარიანტის მიხედვით, 2004 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები და გრანტები 1,773 მლნ. ლარი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 18,9 პროცენტია.
მიმდინარე წელს 1,522 მლნ. ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება იგეგმება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 16,2 პროცენტს შეადგენს. გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გადასახადების მობილიზება, ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე, 1,5 პროცენტით არის გაზრდილი.
არასაგადასახადო შემოსავლების პარამეტრი 90 მლნ. ლარით განისაზღვრა. ამას ემატება 45 მლნ. ლარის ოდენობის თანხა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ აქამდე გაცემული კრედიტების სახით უნდა დაიბრუნოს. წლევანდელი ბიუჯეტის ხარჯვითი პარამეტრი 1,922 მლნ. ლარია.

"ამგვარი ამბიციური პარამეტრების შესრულების გარანტად მთავრობის ერთობლივი მუშაობა და პირადად მე გამოვდივარ", - განაცხადა ნოღაიდელმა, რომელიც ვარაუდობს, რომ საქართველოს პარლამენტი 2004 წლის ბიუჯეტის მიღებას მარტის დასაწყისში შეძლებს. თუმცა ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ ამ კანონის მიღება შესაძლებელი გახდეს ახალი პარლამენტის არჩევამდე. ამ შემთხვევაში ქვეყანას დაახლოებით მაისამდე ისევ მთავარი ეკონომიკური კანონის გარეშე მოუწევს ფინანსური ცხოვრება.

2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ჯერ კიდევ მირიან გოგიაშვილის მინისტრობის დროს შევიდა საკანონმდებლო ხელისუფლებაში, თუმცა "ნოემბრის მოვლენების" შემდეგ ახლად დანიშნულმა ზურაბ ნოღაიდელმა ეს ვარიანტი უკან გაიწვია გადასამუშავებლად და იგი ამჯერად მნიშვნელოვნად სახეცვლილი დაუბრუნდება პარლამენტს.
XS
SM
MD
LG