Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიები - პარტიათა ახალი თავსატეხი


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი მწვავე საკითხი ჩნდება: საარჩევნო სიები. რა თქმა უნდა, ყურადღება, ძირითადად, მიპყრობილია ხელისუფლების საარჩევნო სიისაკენ. ამთავითვე ნათელია,

ვინ დაინარჩუნებს ადგილების უმეტესობას სიაში - ეს იქნება საკუთრივ "ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლობა, რომლის სახელსაც აუცილებლად გამოიყენებენ საარჩევნო სუბიექტის სახელდებისას. ამ პარტიის თვალსაჩინო წევრებმა კარგა ხნის წინ განაცხადეს, რომ საარჩევნო ბლოკი არ შედგება. თითქოსდა ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა "გაერთიანებული დემოკრატების" შერწყმა "ნაციონალურ მოძრაობასთან". რა გზით მიდიან ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სიების საბოლოო რედაქციისაკენ?

ეს გზა ვარდებით მოფენილი არ არის. ხელისუფლების საარჩევნო სიის გამო ვნებათაღელვა ადრევე წარმოიქმნა: უშიშროების საბჭოს მდივნად ახალდანიშნულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარტიაში არ მოითმენდნენ სხვა პარტიებს და არავითარ საარჩევნო ბლოკზე ლაპარაკი არ იქნებოდა. სადღეისოდ, საარჩევნო სიების წარდგენამდე 3 დღით ადრე, ვითარება ასეთია: ნაციონალური მოძრაობა ერთიანი სიით გადის არჩევნებზე და იქ ჩაეწერებიან როგორც სხვა პარტიათა წევრები, ისე უპარტიოთა ბლოკის წარმომადგენლები. კამათი შეიძლება გაიმართოს იმაზე, მიუთითებენ თუ არა სიაში სხვა პარტიათა წევრები თავიანთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" შერწყმა ბუნებრივად დაემუქრა "ნაციონალების" ძველ პარტნიორებს - ეროვნულ ძალთა გაერთიანებასა და რესპუბლიკურ პარტიას. ამ მუქარას რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა უპასუხა მწვავე განცხადებით, რომლის ადრესატი, უწინარესად, ზურაბ ჟვანია გახლდათ. არანაკლებ მწვავე იყო ჟვანიას პასუხიც - პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პარტიულ სიაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც მის მიმართ გესლს ანთხევს:

[ჟვანიას ხმა] "არ მესმის, რა აზრი აქვს ერთ სიაში იმ ხალხის ყოფნას, ერთმანეთს ასე საჯაროდ რომ უპირისპირდება. ან გააკეთოს განმარტებები საჯაროდ, ან მე ვერ ვხედავ მასთან ერთობლივი სიის გაკეთების ვერანაირ აზრს."

პრემიერ-მინისტრის ნების მიუხედავად, რესპუბლიკელთა სიიდან ამოგდება, ალბათ, მაინც არ გამოვა. რესპუბლიკელების და პირადად ბერძენიშვილის მიმართება აჭარის ხელისუფლებასთან დღეს ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს ცენტრალური ხელისუფლების შეურიგებელ დამოკიდებულებას ასლან აბაშიძის ქცევისადმი. მეორეც, რესპუბლიკელების პოზიციები ძლიერია საზოგადოებრივ მოძრაობა "ჩვენს აჭარაში", რომლის მოქმედებაც თანდათან ასუსტებს აბაშიძის მმართველობას. სავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთლიანად არ მოიკვეთს ძველ პარტნიორებს ძველთაძველ პარტნიორთა სასარგებლოდ. თუმცა რესპუბლიკელებს 150-კაციან სიაში მინიმალური კვოტა - უკეთეს შემთხვევაში, 4-5 ადგილი ერგებათ. რევოლუციის დევტერაგონისტების პირობაზე, არც ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის კვოტა იქნება ძალიან მაღალი - ჯამში ის 4-5 ათეულ ადგილს შეადგენს.

სამაგიეროდ, მარტივად მიდის საქმე ოპოზიციურ პარტიებში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ტრადიციონალისტთა კავშირის გაერთიანებაში უპარტიოები პრაქტიკულად არ იქნებიან. ბლოკის წევრი ირაკლი მელაშვილი მომავალ სიას ასე აღწერს:

[მელაშვილის ხმა] "აკაკი ასათიანი იქნება პირველი ნომერი და დანარჩენი მიდის პარიტეტის საფუძველზე. 75 75-ზე იქნება დაახლოებით."

საარჩევნო ბლოკების უმეტესობა ორსუბიექტიანია: შესაბამისად, დიდი კამათი სიებში ადგილების განაწილებაზე მოსალოდნელი არ არის.
XS
SM
MD
LG