Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სასამართლო სისტემა შელახული რეპუტაციის აღდგენას მომავალ წელს აპირებს


სასამართლო სისტემიდან, ერთი შეფასებით, ურჩი, მეორეთი კი - კანონდამრღვევი მოსამართლეების ჩამოშორების შემდეგ,

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა გასული წელი შეაფასა და 2006 რეფორმის დასრულების წლად გამოაცხადა. კოტე კუბლაშვილმა ახალი ტიპის მოსამართლეთათვის აუცილებელი კრიტერიუმები ჩამოთვალა და მათ მთავარ მიზნად სისტემის რეპუტაციის აღდგენა დაუსახა. გაგაცნობთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მსჯელობას იმის თაობაზე, თუ ვინ და როგორ უნდა გააქროს ქართული სასამართლოს საქმეებში ჩარევის სურვილი.

მერამდენეა სასამართლო სისტემის ის რეფორმა, რომელიც საქართველოში წელს დაიწყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია. ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ თავის დროზე დაწყებული სასამართლო რეფორმისგან განსხვავებით, წლევანდელ ცვლილებებს წარმატებულის სახელი ჯერჯერობით არ დარქმევია. რეფორმა 2005 მასშტაბურია და მიზნად სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ისახავს - ასე განმარტავს დაწყებული პროცესის შინაარსს კოტე კუბლაშვილი:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,ძირითადი მიზანი რეფორმისა არის მოსამართლე - მისი პროფესიონალიზმი, მისი კეთილსინდისიერება და მისი პრინციპულობა.” (სტილი დაცულია)

პოტენციური მოსამართლეების ამ თვისებებს საკონკურსო კომისიები ადგენენ, პირადად კოტე კუბლაშვილი კი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შემქმნელი მოსამართლეებისგან პიროვნულ ღირსებასა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარსაც მოითხოვს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,სწორედ მათ შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებებით აღადგინონ მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და აღადგინონ სასამართლოს შელახული პრესტიჟი.” (სტილი დაცულია)

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება, რომ სწორედ ამ ტიპის მოსამართლეები შეძლებენ პასუხი გასცენ მათ საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევას და ამ სურვილს საკუთარი განაჩენებით ყველას სამუდამოდ დაუკარგავენ. რეფორმირებული ქართული სასამართლოს მოსამართლეს კიდევ ერთი კონკრეტული ამოცანა ეძლევა:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,ეს მოსამართლეები იქნებიან ისინი, ვინც დაამკვიდრებენ მოსამართლეებისადმი მიმართვის ისეთ ფორმას, როგორიცაა არა ახლანდელი “ბატონო მოსამართლე!” ან “ქალბატონო მოსამართლე!”, არამედ მოსამართლის მანტიისადმი პატივისცემის გამომხატველი “თქვენო ღირსებავ!” (სტილი დაცულია)

,,თქვენო ღირსებავ!” - ამ სამომავლო ტერმინით მიმართვის ობიექტთა ასაკი კონსტიტუციით წლის ბოლოს შეიცვალა და აუცილებელ მინიმუმს 30 წელს აღარ ითვალისწინებს. კოტე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმირებულ სისტემაში ასაკობრივი ზღვარი აზრს საერთოდ დაკარგავს. ახალი ტიპის მოსამართლედ ჩამოყალიბების პროცესი კი დაახლოებით ამგვარი იქნება: აუცილებელი თვისებებით შემკული კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციისა და კონკურსის მოთხოვნებს უპასუხებს, 14 თვის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ისწავლის და შემდეგ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად პრეზიდენტს წარედგინება. ასეთ კანდიდატს არც 30 წლამდე მოცდა სჭირდება და არც გამოცდილება. ყველაფერი, რასაც რეფორმა ითვალისწინებს, მხოლოდ მოსამართლეებისთვის კეთდება, - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სადისციპლინო განაჩენს იმ მოსამართლეებისადმი, რომლებსაც “თქვენო ღირსებით” მიმართვის პერსპექტივა წლის ბოლოდან აღარა აქვთ, კოტე კუბლაშვილი სრულიად ობიექტურად მიიჩნევს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ,,კანონის უხეში დარღვევის ფაქტების გამო - და ეს უხეში დარღვევა ეხება სწორედ ბრალდებულის უფლებების დარღვევას, მხარის უფლებების დარღვევას - გათავისუფლებულია თანამდებობიდან 19 მოსამართლე.” (სტილი დაცულია)

ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თავს ხელისუფლების ზეწოლისადმი წინააღმდეგობის გამო დასჯილად მიიჩნევენ, საკუთარი ღირსების აღდგენას შეეცდებიან იმ სასამართლოში, რომლის სისტემაშიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს რეფორმა და საბოლოოდ აღმოიფხვრას კორუფცია. ასევე მომავალი წლიდან საქართველოს ეყოლება საკუთარი ნებით პენსიაზე გასული 20 - უკვე ყოფილი - მოსამართლე. ეს ფენომენიც რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG