Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩენობილის გაკვეთილი და ატომური ენერგეტიკის მომავალი


ზუსტად ოცი წლის წინ მსოფლიო შეძრა ჩერნობილის კატასტროფამ. ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის შემდეგ მრავალმა ქვეყანამ გადაწყვიტა

ატომური ენერგიის სამოქალაქო მიზნებით გამოყენების შეჩერება ან ეტაპობრივად გაუქმება. მაგრამ ნავთობისა და გაზის ფასების დრამატულად ზრდამ და "სათბურის ეფექტით" გამოწვეულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა ატომური ენერგიის მიმართ ინტერესი და კვლავ გაზარდა.

ფინეთი საუკეთესო მაგალითია იმის ნათელსაყოფად, თუ რა მოხდა ევროპაში ჩერნობილის შემდეგ.

კატასტროფამდე ფინეთში დაგეგმილი იყო მეხუთე ატომური ელექტროსადგურის აშენება. სხვათა შორის, ეს ახალი ელექტროსადგური საბჭოთა ტიპის უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩერნობილის ავარიის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ უმალ შეაჩერა პროექტი.

90-იანი წლების შუაში პარლამენტმა პროექტი კიდევ ერთხელ უკუაგდო. ხოლო 2002 წელს კანონმდებლებმა ახალი აესის მშენებლობა დაამტკიცეს.

მაგრამ საქმე ეხება არა უბრალოდ ელექტროსადგურს. ოლკილუოტო 3 მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგური იქნება. მას ფრანგულ-გერმანული კონსორციუმი ააგებს.

რატომ მოხდა ასეთი ცვლილება?

როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი აზრის ცვლას ატომური ელექტროსადგურების სასარგებლოდ. სხვათა შორის, რამდენადაც ირონიულად უნდა ჟღერდეს, ფინელი ამომრჩეველი სწორედ ეკოლოგიური თვალსაზრისით ამჯობინებს ატომურ ელექტროსადგურს.

ამაში დიდი როლი ითამაშა გლობალური დათბობის საფრთხის ზრდამ. ფინელებს მიაჩნიათ, რომ ატომური ენერგია უფრო სუფთაა და გარემოსთვის ნაკლებ საზიანო.

ფინეთი მარტო არ არის ამ არჩევანში. ბრიტანეთის მთავრობა ემზადება თავისი ენერგეტიკის პოლიტიკის გადახედვისთვის და, მრავალი ანალიტიკოსის აზრით, უპირატესობას ბირთვულ ენერგიას მიანიჭებენ. შეერთებულმა შტატებმა, სადაც ოცდაათი წლის წინ მომხდარი ატომური ავარიის შემდეგ ფაქტობრივი მორატორიუმი მოქმედებს ატომურ ელექტროსადგურებზე, შესაძლოა მალე ახალი რეაქტორების მშენებლობა გადაწყვიტოს.

შვეცია აღარ აპირებს თავისი ატომური ელექტროსადგურების დახურვას, რაც 2010 წლისთვის იყო დაგეგმილი. შვეიცარიამაც შეწყვიტა მორატორიუმი. გერმანიაში კვლა განახლდა დისკუსიები იმაზე, რომ გაუქმდეს ატომური ელექტროსადგურების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება. ინდოეთსა და ჩინეთში ელექტროსადგურების მთელი სერიაა დაგეგმილი.

[ჰერენის ხმა] "ჩემის აზრით, ე.წ. ოფიციალური კლასები - ადმინისტრატორები, პოლიტიკოსები - ფიქრობენ, რომ ბირთვული ენერგიით მარტივად შეიძლება გადაიჭრას ორი პოლიტიკური თვალსაზრისით მწვავე საკითხი: ნათურა უნდა ანათებდეს და უნდა ანათებდეს ისე, რომ ზედმეტად არ დაზიანდეს გარემო. ამიტომ, ვფიქრობ, ოფიციალური წრეები უკვე ბირთვული ენერგიის სასარგებლოდ არიან განწყობილი."

ასე მიაჩნია ბრიტანელ ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში პატრიკ ჰერენს.

მისი თქმით, ატომური ენერგიის მომხრეთა წისქვილზე ასხამს წყალს გაზის ფასების ზრდა და მზარდი ეჭვები ენერგიის მიმწოდებელთა, მაგალითად, რუსეთის სანდოობის თაობაზე.

მაგრამ მიუხედავად იმ არგუმენტისა, რომ ატომური ელექროსადგურები არასოდეს ყოფილა ისე უსაფრთხო, როგორც დღეს, საკითხი მაინც საორჭოფოდ რჩება. ერთი რამ დღემდე არ შეცვლილა ჩერნობილისა და შეერთებულ შტატებში, სამი მილის კუნძულზე მომხდარი კატასტროფების შემდეგ: უსაფრთხოება ძირითადად დამოკიდებულია ადამინებზე, რომლებიც მუშაობენ სადგურებში.

[ჰერენის ხმა] "ჩერნობილის, სამი მილის კუნძულისა და ატომურ მრეწველობაში უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში მომხდარი სხვა ნაკლებ ცნობილი კატასტროფების ერთ-ერთი გაკვეთილი არის ადამიანის ფაქტორის სისუსტე. ადამიანის ფაქტორი ყოველთვის არსებობს. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა ჩერნობილში."

სხვათა შორის, სკეპტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ატომური ენერგიის მომხრეების მტკიცებას იმის თაობაზეც, რომ იგი უფრო ეკონომიურია ექსპლოატაციის თვალსაზრისით. ისინი მიუთითებენ იმაეზ, რომ, სამაგიეროდ, საგრძნობლად დიდ ხარჯებს მოითხოვს ასეთი სადგურების აგება და შემდეგ ვადაგასული სადგურების დახურვა.
XS
SM
MD
LG