Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი შეერთებულ შტატებს აკრტიკებს


გასული კვირის ბოლოს მიუნხენში გაიმართა საერთაშორისო უსაფრთხოების 43-ე კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



კონფერენციაზე მთავარი ყურადღება მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოსვლამ. პუტინმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები და ნატო.
გარდა ამისა კონფერენციაზე ისაუბრეს უშიშროების პრობლემებზე ერაყსა და ავღანეთში, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

პუტინმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ კონფერენციის მონაწილენი გააფრთხილა, პირდაპირ ლაპარაკს ვაპირებო.

მან გააკრიტიკა ნატოს ექსპანსია ბალტიისპირეთში და შეერთებული შტატების გეგმა ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო თვდაცვითი სისტემის აგების თობაზე და თქვა, რომ ეს გამალებული შეიარაღების ტალღას გამოიწვევს:

[პუტინის ხმა]: ”ამასთან, არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ელემენტების დანერგვის გეგმამ. ვის სჭირდება გამალებული შეიარაღების ახალი ტალღის დაწყება - რაც, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება? ძალიან არ მგონია, რომ ეს თავად ევროპელებს სჭირდებოდეს. ის რაკეტები, რომლებიც ევროპას რეალურად ემუქრება, და რომელიც ხუთიდან რვა ათას კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს, არც ერთ ეგრეთ წოდებულ პრობლემურ ქვეყანას არ აქვს - და, არც სამომავლო პერსპექტივაში ექნება. ჰიპოთეზურადაც რომ ვიმსჯელოთ, ჩრდილოეთ კორეული რაკეტის შეერთებული შტატებისკენ დასავლეთი ევროპის გავლით გაშვება, აშკარად ეწინააღმდეგება ბალისტიკის კანონებს”.

პუტინის აზრით, არსებობს მცდელობა, ჩამოყალიბდეს შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი უნიპოლარული მსოფლიო - რაც მიუღებელი და სახიფათოა:

[პუტინის ხმა]: ”ყველაფერი, რაც კი დღეს მსოფლიოში ხდება, სწორედ უნიპოლარული სამყაროს ცნების დანერგვის მცდელობის რეზულტატია. რა მოაქვს ამას შედეგად? ცალმხრივი, ხშირად არალეგიტიმური ნაბიჯებით არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა. მეტიც - ამ ნაბიჯებით ახალი ადამიანური ტრაგედიები, და დაძაბულობის ახალი კერები წარმოიშვა. თავად განსაჯეთ - ომების, ლოკალური თუ რეგიონული კონფლიქტების რიცხვი არ შემცირებულა. და ამ კონფლიქტებს ნაკლები მსხვერპლი არ მოაქვთ - პირიქით, ადამიანური მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა”.

პუტინის თქმით, სამხედრო ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია მიზანშეწონილი, და ისიც მხოლოდ გაეროს სანქციით.

შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა არანაკლებ მწვავედ უპასუხეს პუტინის ბრალდებებს. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განცვიფრება და იმედგაცრუებაა გამოხატული პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით.

გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, განაცხადა რომ რუსეთი, შესაძლოა, გარდასულ დროს უბრუნდებოდეს. მაკკეინის თქმით, მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთთან რეალურ პარტნიორულ ურთიერთობას ვერ დაამყარებს მანამ, სანამ საშინაო და საგარეო სივრცეში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური დემოკრატიების მთავარ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი უფრო ზომიერად გამოვიდა. მან არ გაიზიარა ზოგიერთი ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პუტინის გამოსვლა ცივი ომის ატმოსფეროსკენ დაბრუნებას მოასწავებს.

გეიტსის ხმა 1203 "ვფიქრობ, რუსეთთან ახალი ცივი ომი არ არსებობს. ჩემის აზრით, არავის სურს რუსეთთან ახალი ცივი ომი. მიმაჩნია, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მთელ რიგ საკითხებში და ამგვარი პარტნიორობა შეერთებული შტატების, ევროპელებისა და რუსების ინტერესებშია შორეულ პერსპექტივაში. ამავე დროს ეს იმას ნიშნავს, რომ ღიად ველაპარაკებით ერთმანეთს, როცა გადაწყვეტილებები და ქცევა არ მოგწონს."

მიუნხენის კონფერენციაზე შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის შესახებაც. ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, ავღანეთში მეტი ჯარები გაგზავნოს.

გეიტსმა ისაუბრა ასევე ერაყზე. მისი თქმით, თუკი ერაყში ამერიკის მისია წარმატებით ვერ დასრულდება, ამის შედეგებს ნატოს ყველა წევრი ქვეყანა იგრძნობს. არასტაბილური ერაყი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქნება სახიფათო, როგორც ტერორიზმის წყაროო, თქვა გეიტსმა.

მიუნხენის კონფერენციაზე საუბარი იყო ირანის ბირთვულ პროგრამაზეც. ამ სფეროში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ბირთვული ენეგრიის მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით გამოყენებას ესწრაფვის.

მოგვიანებით როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თქვა ჟურნალისტებთან შეხვრაზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა იფიქროს, რომ მოსკოვს ძალზე დიდი გავლენა აქვს ირანზე. ივანოვმა დასძინა, რომ მოსკოვი თეირანთან შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ზურგს უკან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მაგრამ მიუნხენში ორ ზესახელმწიფოს შორის თანამშრომლობა არ შემდგარა. ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეერთებული შტატების დელეგაციას დაუკავშირდებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. მას კერძო სადილი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG