Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1968 წლის მოვლენები ჩეხოსლოვაკიაში


ორმოცი წლის წინათ მსოფლიოს თვალწინ საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ბოლო მოუღეს იმედებს, რომ საბჭოთა ბლოკში შესაძლებელი იყო

ეგრეთწოდებული "ადამიანური სახის სოციალიზმის" არსებობა. 1968 წლის აგვისტოში ჩაკლეს "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი რეფორმატორული მოძრაობა. მას მოჰყვა ხანგრძლივი ზამთარი, რომელმაც ორი ათეული წელი გასტანა.

ყველაზე კარგად ალბათ პრაღელებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოში რუსეთის ტანკების თარეში. მრავალი მიმომხილველი და პოლიტიკოსი ავლებს ამ დღეებში პარალელებს დღევანდელ საქართველოსა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიას შორის.

ჩეხეთის რადიოს ჟურნალისტის, იან ბედნარის თქმით, ძალზე ძნელია, თავი შეიკავო ამ პარალელებისგან. თუმცა განსხვავებებიც დიდია.

[ბედნარის ხმა] "დიდი სხვაობა, რომელიც არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვჩეს, ისაა, რომ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ერევიან საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობაში. 1968 წელს კი ჩეხოსლოვაკიაში ამას ვერ იტყოდით. ვაშინგტონი და მთელი დასავლეთი ევროპა შეეგუა ვითარებას. ისინი შეეგუენ იმას, რომ ჩეხოსლოვაკია საბჭოთა გავლენის სფეროს ეკუთვნოდა."

ჩეხები და სლოვაკები მარტო უნდა გამკლავებოდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარების ინტერვენციას, რომელსაც მოსკოვი მეთაურობდა.

მაშინ არც თანამედროვე მასმედიის საშუალებები არსებოდა. 1968 წლის 21 აგვისტოს, დილით ადრე, ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობამ ინტერვენციის დაწყება რადიოთი შეიტყო.

ამ მოვლენებს კი წინ უსწრებდა რეფორმების პროცესი, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ატარებდა ალექსანდერ დუბჩეკის მეთაურობით. რეფორმების მიზანი იყო რეჟიმის ყველაზე უფრო რეპრესიული ელემენტების გაუქმება და "ადამიანური სახის სოციალიზმის" დამყარება. მალე ამ პროცესს "პრაღის გაზაფხული" ეწოდა.

1968 წლის ზაფხულში გაუქმდა ცენზურა. ჟურნალ-გაზეთებში დაუშვეს ღია დისკუსიები. ზოგიეთმა თავად კომუნისტური რეჟიმის საფუვლებიც კი დააყენა ეჭვქვეშ.

ამ თავისუფალმა დისკუსიებმა, "გლასნოსტის" ჩეხოსლოვაკიურმა ვარიანტმა, ერთობ შეაშფოთა და აანერვიულა მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში კი საბჭოთა პოლიტბიურო. აგვისტოში მოსკოვშის მოთმინების ფიალა აივსო.

საბჭოთა ბლოკის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ, მათი მეთაურები ეუბნებოდნენ, რომ ისინი მიდიან სოციალიზმის დასაცავად კონტრრევოლუციისგან. ბევრს საერთოდ ეგონა, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა. მაგრამ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრილ ჯარებს დახვდა უიარაღო მოსახლეობა, რომელიც მათ ძალზე რთულ კითხვებს უსვმადა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პრაღელების პირისპირ მდგომი ბევრი საბჭოთა ჯარისკაცი უხერხულადაც კი გრძნობდათავს.

მაგრამ მალე ვითარება გაუარესდა. დუბჩეკი და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მთელი ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და მოსკოვში გადაფრინეს. იქ ისინი მალე დაჰყვნენ მოსკოვის მოთხოვნებს და ხელი მოაწერეს ეგრეთწოდებულ მოსკოვის ოქმებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას აკანონებდა და პრაღის გაზაფხულის ყველა რეფორმას აუქმებდა. ოქმებს ხელი არ მოაწერა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის წევრმა ფრანტიშეკ კრიგერმა.

1969 წელს დუბჩეკი შეცვალეს გუსტავ ჰუსაკით. საბოლოოდ დუბჩეკი გარიცხეს პარტიიდან და ამის შემდეგ ის მეტყევეობის სამსახურში მუშაობდა. დაიწყო ეგრეთწოდებული "ნორმალიზაციის" პერიოდი, რომელიც საბოლოოდ 1989 წელს, ცნობილი ხავერდოვანი რევოლუციით კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა.

XS
SM
MD
LG