Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშს ქართველი ექსპერტები ობიექტურს უწოდებენ


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ წერია, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა საქართველო მაინც რჩება ტრანზიტულ ქვეყნად. ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წლევანდელ ანგარიშს ობიექტურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასში სინამდვილე აისახა.

საინტერესოა, რა ვითარებაა დღეს საქართელოში ტრეფიკინგის, როგორც პრობლემის, თვალსაზრისით.

ტრეფიკინგის შესახებ 2009 წლის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ქვეთავიც საქართველოს ეთმობა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დანაშაულის არაერთი ფაქტია გამოვლენილი, დამნაშავეები კი - დასჯილი. მასში წერია, რომ, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მცდელობისა ებრძოლოს პრობლემას, საქართველო მაინც რჩება არა მხოლოდ ტრანზიტულ, არამედ დონორ ქვეყნად.

”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” თავმჯდომარე ნანა ნაზაროვას ვთხოვეთ შეეფასებინა წლევანდელი ანგარიში და საქართველოში ტრეფიკინგის კუთხით გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზეც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ობიექტური ანგარიში დადო. აქამდე, ნაზაროვას შეფასებით, მსგავს ანგარიშებში ხშირად იპარებოდა შეცდომები, თუმცა ის სტატისტიკა, რომელიც ამჟამინდელ ანგარიშშია მოყვანილი, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა:

”ვერ ვიტყვი, რომ სტატისტიკა კარგია, რადგან ადრე იყო უფრო მეტი და წელს გაცილებით ნაკლებია, ანუ ნაკლებია გამოვლენილი შემთხვევები. ამიტომაც წერია რეკომენდაციებში, რომ უნდა გამოვავლინოთ ტრეფიკინგის მეტი მსხვერპლი და დავეხმაროთ მათ.”

ნანა ნაზაროვა განმარტავს, რომ,მეტ-ნაკლებად კარგი კანონის არსებობის მიუხედავად, საქართველოში, თუნდაც ცნობიერების ასამაღლებლად, ბევრი რამაა გასაკეთებელი:

”ჩვენი კანონმდებლობა, შესაძლოა, სხვა ქვეყნების კანონებთან შედარებით, ძალიანაც დახვეწილია, მაგრამ სხვა საქმეა, რომ შესამუშავებელია მექანიზმები, რომ ეს კანონი აღსრულდეს და ამას კი დრო სჭირდება. პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს კვალიფიცირებული კადრები. სახელმწიფო სტრუქტურებში გამუდმებით იცვლებიან ამ სფეროში მომუშავე თანამდებობის პირები და, საბოლოოდ, გამოცდილი კადრი აღარ რჩება. ტრენინგი და ისევ ტრენინგი - ეს არის, რაც გვჭირდება. უნდა ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ.”

რადიო თავსუფლებას ესაუბრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარკ ჰულსტი, რომელიც წლებია ამ პრობლემატიკაზე მუშაობს. მან თქვა, რომ ტრეფიკინგის სტატისტიკა, როგორც წესი, ძალიან პირობითია ხოლმე:

”რაოდენობაზე საუბარი გვიჭირს, რადგან სრულყოფილი სტატისტიკა არ არსებობს. ბევრი ამის შესახებ ღიად არ ლაპარაკობს.”

იმის თობაზე, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რადიო თავისუფლების მსმენელებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ ეთერში ასეთი ვერსიაც წამოაყენა:

”რატომ გარბიან, იცით, აქედან არალეგალურად? იმიტომ რომ საკონსულოები არ იძლევიან ვიზებს და ხალხსაც სხვა რაღა რჩება, გადიან არალეგალურად და შემდეგ უკან დაბრუნებაც ძნელდება. ამდენი ხალხი რომ გადის სამუშაოს საძებნელად, ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ ვარგა ყოფნა.”

ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის - მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი აცხადებს, რომ საქართველო ტრეფიკინგის დონორ ქვეყნად რჩება. შედარებით დაბალია მაჩვენებელი ტრანზიტული და მიმღები ქვეყნის თვალსაზრისით. პრობლემა არის, მაგრამ საგანგაშოს არ დავარქმევდი, რადგან ისეთი კატასტროფული მასშტაბები, როგორიც, მაგალითად, უკრაინაშია, ჩვენთან ტრეფიკინგს არა აქვს.”

მარი მესხის განმარტებით, 2006 წელს მიღებულმა კანონმა და გამკაცრებულმა სანქციებმა ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენაზე თავისი გავლენა იქონია:

”ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია 2003 წელს მოხდა, როდესაც ცვლილებები შევიდა კოდექსში, ანუ დანაშაულად გამოცხადდა. თუმცა გამოძიებების რაოდენობამ რეალურად მოიმატა 2006 წლის შემდეგ, როდესაც კანონი მივიღეთ ტრეფიკინგის შესახებ. ფაქტების გამოვლენამ მოიმატა, თორემ თავად ფაქტებმა არა.”

თუმცა, თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2008 წელს 14 საქმეა აღძრული და გამოძიებული, მაშინ როდესაც 2007 წელს ეს რიცხვი 37 იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ჩართულობამ ამ ბოლო დროს მეტად იკლო. ისიც ფაქტია, რომ არც მიგრაციული პროცესები შენელებულა, არც სამუშაო ადგილების სტატისტიკაა დამაიმედებელი. მაშინ რითაა გამოწვეული ტრეფიკინგის შემთხვევევბის რიცხვის შემცირება? ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს; შესაბამისად, არაზუსტია დღეს არსებული სტატისტიკაც.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდი, იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გარდა, ტრეფიკინგის მსხვერპლთ თავშესაფრითაც უზრუნველყოფს მას შემდეგ, რაც მათ დაზარალებულის ან მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებათ. დღეის მონაცემებით, იქ ტრეფიკინგის 8 მსხვერპლია. სტატუსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ადგენს და, როგორც მარი მესხი გვეუბნება, შემდეგ არჩევანი იმ ადამიანზეა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაა. ასოციაცია ”თანადგომის” თავმჯდომარე ქეთევან ჭელიძე გვიხსნის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ჯერ კიდე ბევრმა ადამიანმა არ იცის რა საფრთხე ემუქრებათ მათ უცხო ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში:

” სოფლებიდან შრომითი ტრეფიკინგი განსაკუთრებით დიდია. მაგალითად, აჭარაში. იქ ვატარებთ საგანმანათლებლო მუშაობას, რადგან ხშირად გადადიან თურქეთში და ჩვენი მიზანიც ისაა, რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ის მაინც იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ არა. ვაცნობთ, რომელ ქვეყანაში როგორი კანონმდებლობაა, სად უნდა დარეკონ საფრთხის შემთხვევაში და ა.შ.”

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რეკომენდაციების ნაწილში, წერია, რომ უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს მსხვერპლთა დახმარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა, გამოვლინდეს რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი, რათა დაიხატოს რეალური სურათი და, რაც მთავარია, მეტად ეფექტური გახდეს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობა როგორც შრომითი ტრეფიკინგის, ისე სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG