Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა ნაჭყებია - პოლიტიკოსი


8 მარტი, კვირა
საოცარი დამთხვევაა! ზუსტად “‘თავისუფლების’ დღიურებს” ვკითხულობდი, როცა დამირეკეს და მთხოვეს, ამ კვირას მე მეკეთებინა ჩანაწერები. ორი დღის წინ ფიქრიას გამოუგზავნეს წიგნები და ერთი ეგზემპლარი მე მათხოვა წასაკითხად. როცა წიგნი გადავშალე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დათო გამყრელიძის დღიურები წავიკითხე. დაუკმაყოფილებლობის განცდა დამრჩა. მერჩივნა, უფრო მეტად გახსნილიყო დათო მკითხველისთვის, მისი ხასიათის ის თვისებები გამოჩენილიყო, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ ფართო საზოგადოებამ – ნაკლებად. შემდეგ დედა მარიამის დღიურებზე გადავედი. ფიქრიას მეგობარია, საოცრად ღრმა და ფილოსოფიური აზროვნება აქვს და ეს ჩანს კიდეც მისი დღიურებიდან.
ეს ყველაფერი უფრო წუხანდელი განცდებია. დღეს კი კვირაა და ჩემთვის დიდი ბედნიერება, რომ მთელი დღე სახლში ვარ და შემიძლია, იგი თავიდან ბოლომდე ოჯახს დავუთმო.
როგორც წესი, შაბათ-კვირას ჩემი და ჩემთანაა და საოჯახო საქმეებში მეხმარება. თვითონ გათხოვილი არ არის და ჩემს შვილებზე ზრუნვა მისთვის ყველაფერია. დღეს ბევრი რამე უნდა მოვასწროთ: სახლის დალაგებაც, სადილიც, საყიდლებიც. “ახალ ნათებაში” გვინდა წავიდეთ: მესამე წელია, ახალ ბინაში გადავედით და დღემდე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ყველაფერი. დღეს მტკიცედ გადავწყვიტეთ, კედლებიდან საცოდავად გამოშვერილ ელექტროსადენებს ბოლოს და ბოლოს ვაღირსოთ მათთვის განკუთვნილი ბრები. მაღაზიაში შესანიშნავი და იაფი არჩევანი გვხვდება და ჩვენც, როგორც იქნა, თავი მოვაბით ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეს. ჩემი მეუღლე კი უსაქმურებს გვეძახის: იცის, რომ ბრები მისი დასაკიდებელი იქნება და, რა თქმა უნდა, დიდად გახარებული არ არის ჩვენი შენაძენით.
კვირას თუ სახლში ვარ, აუცილებლად ვუყურებ სერიალს “შუა ქალაქში” და ინგა გრიგოლიას ტოკ-შოუს. ერთი განტვირთვის საშუალებაა, მეორე – პროფესიული მოვალეობა. სამზარეულოს საქმეებს ამ დროისთვის შემოვინახავ ხოლმე და თან ვსაქმიანობ, თან ტელევიზორს ვუყურებ. უფრო ზუსტად, ვუსმენ.
შევარდნაძეს ვუსმენ ინგასთან. არა, ეს კაცი მართლა მაოცებს! ერთ ინტერვიუში რამდენი რამე მოახერხა: ვინც უნდოდა, მოთხარა, ინტრიგაც დათესა, ჩაშვებითაც, ვინც უნდოდა, ჩაუშვა. ყველაზე მეტად ბურჯანაძე გაიმეტა: მიამიტი სახით ჰკითხა ინგას - თქვენ თვლით, რომ ბურჯანაძეს პოლიტიკური მომავალი აქვს და რაიმეზე პრეტენზია უნდა ჰქონდესო?
ძალიან გვიან ვიძინებ. ყოველთვის ვცდილობ, კვირას ბევრნაირი სადილი გავაკეთო, რომ ოჯახს ორი დღე ეყოს. თან ახლა მარხვაა, გაზაფხულიც, და მინდა, გოგოებს ისეთი საკვები მივცე, ორგანიზმი რომ არ გამოეფიტოთ. ბოსტნეულის კერძების კეთება კი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.
გვიან კომპიუტერთან ვჯდები. თბილისის ფორუმის საიტზე შევდივარ და ახალ თემებს ვნახულობ. ფორუმელებს საოცარი ოპერატიულობა აქვთ. უკვე გაუხსნიათ თემა ინგა გრიგოლიას გადაცემაზე და შევარდნაძის ინტერვიუს ერთობ მღელვარედ განიხილავენ.
ძილის წინ ისევ “‘თავისუფლების’ დღიურებს” ვკითხულობ. რადგან ამ კვირას ჩანაწერები მე უნდა ვაკეთო, აღარ მინდა, კითხვა გავაგრძელო და ვინმეს გავლენის ქვეშ მოვექცე, მაგრამ დღიურები საოცრად კარგად იკითხება და ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ.

9 მარტი, ორშაბათი
მოღუშული დილაა, მაგრამ ოთახში ყვავილები მახალისებს.
სამი კვირის წინ სამეგრელოდან ნარცისები გამომატანეს. რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე დასასწრებად სამეგრელოში, რა თქმა უნდა, მე გამგზავნეს - ერთადერთი მეგრელი ამდენ რაჭველს შორის.
ახლა უკვე ჩემს ოთახში, ქოთანში ჩარგული ლამაზი ყვითელი ყვავილები იწონებენ თავს. ამ საოცრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ: რატომაა ნარცისები მხოლოდ ეზოსთვის? ქოთანში ჩარგული ნარცისები ოთახებს ბევრად უფრო ამშვენებენ, მით უმეტეს მარტის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ მოღუშული და ნაცრისფერი დღეებია.
რაც წამოიზარდნენ, გოგოები დილით აღარ საუზმობენ. ანა უნივერსიტეტში გარბის, რუსკა – სკოლაში. დილით ჩემი დედობრივი მოვალეობა მხოლოდ იმით ამოიწურება, რომ გავაღვიძო და ადრე ადგომის “სიმძიმე” ჩემი გვერდზე ყოფნით შევუმსუბუქო. მარტო მე და თემო ვსაუზმობთ, თან ტელევიზორს ვუყურებთ.
ოფისში მოვდივარ. მე ახლა, როგორც ყოფილი პარლამენტარი, სახელმწიფო კომპენსაციას ვიღებ, ე.ი. „პენსიონერი“ ვარ. მაგრამ, ალბათ, ყველაზე დატვირთული პენსიონერი, რადგან პარტიაში ყოველდღე 11 საათზე ვცხადდები და მთელი დღე იქ ვარ, ხშირად შაბათ-კვირასაც.
ვეცნობი პრესას. დღის და მთელი კვირის მთავარი თემაა - უნდა წარმოაჩინოს თუ არა ოპოზიციამ, ვინ იქნება მისი ლიდერი, თუ ჯერ სააკაშვილი უნდა გადავაყენოთ და მერე ვიფიქროთ საპრეზიდენტო კანდიდატზე. კარგია, რომ ეს თემა პრესის ფურცლებზე აქტიურად განიხილება. მე ვფიქრობ, არასწორია ის მიდგომა, როცა, თურმე, მთავარია მიშა არ იყოს და მერე ვიღაცას ავირჩევთ. საზოგადოებას თუ არ დაანახე, ვინ იქნება მიშას ალტერნატივა, არ გამოგყვება. ისიც უნდა იცოდეს ხალხმა, რას აპირებს ეს ლიდერი, როგორ ფიქრობს ქვეყნის მოწყობას და ა.შ.
მთელი დღის განმავლობაში ძირითადად შეხვედრებია: ადიგენიდან იყვნენ ჩვენები – ინა კომახიძე და მისი და. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა. მოვიდა ძალიან სიმპათიური ბატონი ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრიდან, რომლემაც ცენტრის სახელით თანადგომა გამოგვიცხადა და საუცხოოდ გამოცემული წიგნებიც გვაჩუქა. სასიამოვნოა, რომ ჩვენში ხედავენ ძალას, რომელსაც შეუძლია, რაღაც შეცვალოს ქვეყანაში. ჩვენდამი სიმპათიის მიზეზი, ალბათ, პარლამენტში ყოფნის დროს მეცნიერების და განათლების საკითხებისადმი ჩვენი ფრაქციის განსაკუთრებული დამოკიდებულებაც იყო. დღემდე მახსოვს განათლების და მეცნიერების კომიტეტში ჩვენი ინიციატივით მოწყობილი სხდომა. ყველაზე მეტად, რაც მაშინ თვალში მომხვდა, სახელოგაცრეცილპიჯაკებიან ჩვენს მხცოვან მეცნიერებსა და კოხტად გამოწკეპილ ახალგაზრდა ჩინოვნიკებს შორის თვალსაჩინო სხვაობა იყო.
კვლავ თათბირები და უამრავი შეხვედრა - როგორც ჩვენს აქტივისტებთან, ისე სრულიად უცხო ადამიანებთან.
ვსაუბრობთ და თან თვალს ტელევიზორისკენ ვაპარებ: თინა ხიდაშელია ვახო სანაიას გადაცემაში. ვუსმენ და ვნერვიულობ. ჩემების გამოსვლებზე ნერვიულობა არ მეყოფოდა, ახლა ალიანსის ყველა ლიდერის გამოსვლაზეც უნდა ვინერვიულო. პოლიტიკა ხომ გუნდური თამაშია: შენი რეიტინგი შენი გუნდის წევრების რეიტინგზეა დამოკიდებული.
დილითვე მოვკარი თვალი: რამდენიმე გაზეთში ირაკლი ალასანიას ინტერვიუებია. მთელი დღე ვერ მოვიცალე წასაკითხად. ახლა დრო ვიხელთე და, სანამ ოთახში ვინმე შემოსულა, ვკითხულობ. განსხვავებულია. მშვიდი და გაწონასწორებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია მიშასგან განსხვავება: დალაგებული აზრები, პასუხისმგებლობით სავსე სიტყვები, მოკრძალება.
დღეს ცოტა ადრე მინდა წავიდე სახლში. თემომ კბილი ამოიღო და წუწუნებს. კაცებს ოდნავ რამე რომ წამოსტკივდებათ, პატარა ბავშვებივით არიან; მეცოდება, მინდა, მის გვერდით ვიყო. აფთიაქში „ნიმესილს“ ვყიდულობ, ანას მეგობართან ვაკითხავ და სახლში მოვდივარ. გზაში “მაესტროს” და რადიო “უცნობის” ერთობლივ პროექტს ვუსმენ, ნათია გამცემლიძის ეთერში ნანა კაკაბაძე ერთვება და ახალ ამბავს ვიგებ. აქციის მონაწილე ახალგაზრდები ახლა მიშა სააკაშვილს ვაკეში სუშის რესტორანში დაადგნენ თავზე, დაცვასთან შეხლა-შემოხლა გამართულა და ახალგაზრდებს მაგრადაც მოხვდათო. ისე, ოფისიდან წამოსვლის წინ ტელევიზორში ვუყურე: აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს ესტუმრა და მწუხარე სახით თანაუგრძნობდა. მერე რესტორანში რაღამ წაიყვანა?
ნათიას კობა ხაბაზი ჰყავს პირდაპირ ეთერში. კობა, რა თქმა უნდა, მიშას იცავს. ვიღაც ქალბატონიც რეკავს და ისიც მიშას ექომაგება: ხაბაზი კვერს უკრავს, გათამამებული უკვე იმასაც ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ვერ გავიგე, რა უნდა ამ ოპოზიციას, ვის დაკვეთას ასრულებენო. ვერ ვითმენ და პირდაპირ ეთერში ვრეკავ. საბედნიეროდ, ჩამრთეს და კობას ყველაფერს ვეუბნები, რასაც ვფიქრობ ხელისუფლებაზე.
გოგოები და თემო იძინებენ. მე კი ჩემი ტრადიციული რიტუალი მაქვს: ინტერნეტში, ერთ-ორ საათს მაინც, ჩემი საყვარელი საიტები უნდა ვნახო და გავიგო, რა ხდება მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში, როგორ აანალიზებენ პოლიტოლოგები მომხდარ მოვლენებს. ოღონდ ამჯერად ჩემს ჩვეულ საქმიანობას დღიურის წერაც ემატება. დღისით განვლილს ვიხსენებ და კომპიუტერის კლავიატურას უხმაუროდ ვეხები: ანას და რუსკას სძინავთ და არ მინდა გავაღვიძო.

10 მარტი, სამშაბათი
გოგოები ადრე ადგნენ - რატომღაც საუზმე მოინდომეს. მე ვცდილობ, წავახალისო და გემრიელ საუზმეს ვუმზადებ. ტელევიზია არა მარტო საღამოს, არამედ ჩემი დილის აუცილებელი ატრიბუტიცაა. თან ვუყურებ, თან სამსახურში წასასვლელად ვემზადები.
10 მარტს ბიძინა კვერნაძის საღამო ყოფილა ოპერაში. სიამოვნებით წავიდოდი. ანზორ ერქომაიშვილი საუბრობს ბიძინაზე. მიხარია, რომ ბატონი ანზორი პარლამენტიდან წამოვიდა. მისი ადგილი იქ ნამდვილად არ იყო. სულ მქონდა იმის განცდა, რომ გაუგებრობაში მოხვდა ეს კაცი. კომპოზიტორთა სახლი ახსენა. მსუბუქი საყვედური ისმის მის სიტყვებში, რატომ ჩამოგვართვეს მუსიკოსებსო. ახლა ისეთ მდგომარეობაშია ხელისუფლება, შეიძლება დაუბრუნონ კიდეც, მაგრამ რა ფასი აქვს ასეთ დაბრუნებას ყოველივე იმის შემდეგ, რაც იყო?
ოფისში ჩვეული რიტმია: ინტერვიუები, კომენტარები, შეხვედრები, თათბირები. ალიანსი სახალხო პლებისციტისთვის ემზადება. რაიონული შტაბების ფორმირებაზე ვმუშაობთ.
რადიო “კომერსანტი” მირეკავს: კომენტარი უნდათ ჩვენს ინიციატივაზე, რომელიც ბანკის მევალეთა კომიტეტების შექმნას ითვალისწინებს. საინტერესოა, ხელისუფლება რატომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ადმიანებზე, რომლებიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ? ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ იმ სქემით მოაგვარეს ბანკების და მათი მევალეების პრობლემა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ. გაგონებაც არ უნდათ! არადა, ფოთში ყოფნისას, ისეთ გაჭირვებული ადამიანები ვნახე, მათი ცოდვით დავიწვი!
ამასობაში ხათუნა მელოდება, ჟურნალისტი გაზეთ “კრიმინალიდან”. სახელი კი ჰქვია გაზეთს კრიმინალური, მაგრამ ინტერვიუს თემა პოლიტიკურია, თანაც ძალიან აქტუალური: რას აპირებს ოპოზიცია, რატომ მოვითხოვეთ რეფერენდუმი და ა.შ. ისევ ჟურნალისტები: კომენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციაზე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, კითხვები 9 აპრილზე, ოპოზიციის კონსულტაციებზე. ერთი ჟურნალისტი მეკითხება, ლეიბორისტებმა რომ შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა წამოაყენეს, თქვენ მხარს დაუჭერთ თუ არაო? რა უნდა ვუპასუხო? ალბათ, ძალიან ახალბედაა და მხოლოდ ამიტომ ვინდობ არაპროფესიონალიზმის გამო.
ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მირეკავენ და მთხოვენ, გადაცემა “დიდ ათეულში” გრიგოლ რობაქიძე წარვადგინო. უარს ვეუბნები, რადგან თავს უფლებას ვერ მივცემ, გრიგოლ რობაქიძეზე ვისაუბრო ფართო აუდიტორიის წინაშე. არც ისე ახლოს არის ჩემთან მისი შემოქმედება. სხვა საკითხია, ვაჟა, ილია ან გალაკტიონი რომ ეთხოვათ. თავს გადავდებდი, ღამეებს გავათენებდი. მგონი, კარგადაც გამომივიდოდა. მაინც დიდ პატივად მიმაჩნია, ასეთი თხოვნით სწორედ მე რომ მომმართეს.
საღამოს მივდივარ “უცნობში”. მურთაზ ზოდელავასთან მექნება დებატები. ამ ადამიანს არ ვიცნობ. წინა მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა, მაგრამ ტელევიზიით დებატებში რამდენიმეჯერ მინახავს. ვნახოთ, როგორ შედგება ჩვენი გაცნობა...
...ბატონი მურთაზი, როგორც ჩანს, გავაბრაზე, რადგან აპილპილებული, დაუმშვიდობებლად წავიდა.
სახლში გვიან ვბრუნდები. ვვახშმობთ, ტელევიზორს ვუყურებთ და თან ვსაქმიანობ. მეჩქარება საქმის დამთავრება, რადგან კომპიუტერში ჩემი დღიური მელოდება. მახსენდება ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები, როცა საინტერესო წიგნს ვკითხულობდი და სახლისკენ მომიხაროდა, რადგან იქ ტახტზე, ჩემს ოთახში, ჩემს საყვარელ კუთხეში წიგნი მელოდებოდა. ის მაშინ ჩემი სამყარო იყო. დღეს ისე აღარ მცალია წიგნების საკითხავად, რადგან პოლიტიკას მიაქვს უფრო მეტი დრო. გაზეთებს, ჟურნალებს, ინტერნეტსაიტებს უფრო ვკითხულობ. წიგნები - ძირითადად მხოლოდ ზაფხულში, აგარაკზე. ინფორმაციის უდიდესი ნაკადია, რომელსაც უნდა გავეცნო. ის კი არა, „‘თავისუფლების’ დღიურების“ წყალობით, „ცხელი შოკოლადის“ ბოლო ნომერიც ვერ წავიკითხე. მხოლოდ გიორგი მაისურაძის “მონა-რქიანი საქართველოს” წაკითხვა მოვასწარი. გული დამწყდა, რომ ამ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ძალიან ნიჭიერად ვთვლი და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, ასეთი ცალმხრივი შეხედულება აქვს კონსტიტუციურ მონარქიაზე. სიამოვნებით შევედავებოდი. ჰო, გიგა ზედანიას სტატიაც წავიკითხე და ცოტა გამაღიზიანა. არ ვეთანხმები საზოგადოების მისეულ დაყოფას რეტროგრადებად და თანამედროვეებად, “წინ წასულებად” და ჩამორჩენილებად, ე.ი. “ტრადიციულ ქართველებად”. დასავლური ღირებულებები ტრადიციულობასაც გულისხმობს. ცოტა არ იყოს, გუბაზ სანიკიძემაც გამაოცა იმ დღეს “კავკასიაზე”: ალიანსი პროდასავლურებად გაგვამწესა, ჩვენ, “ფორუმი”, ეროვნულ ფრთას შევავსებთო. როგორც ჩანს, მე და ფიქრიამ მაინცდამაინც აგიოგრაფიული თხზულებებიდან უნდა ვიკითხოთ ციტატები, რომ არაეროვნულობა არ დაგვწამონ. და მერე ვინ თქვა, რომ დასავლური ორიენტაცია ეროვნულობას გამორიცხავს? დასავლეთი დემოკრატიულ ღირებულებებს გულისხმობს პირველ რიგში, თორემ ეროვნულობაში თუ საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დაცვაში შეიძლება ვერც გერმანელებს გავეჯიბროთ, ვერც ფრანგებს და ვერც სხვა ევროპულ ერებს.

11 მარტი, ოთხშაბათი
არა მგონია, საქართველოში სხვა პარტია არსებობდეს, ყოველწლიურად რაიონულ კონფერენციებს რომ ატარებდეს. ჩვენ ვატარებთ. მე თხუთმეტამდე რაიონში მომიწია ჩასვლა. შვიდი წელია ვარსებობთ, რამდენი ურთულესი პერიოდი გადვიტანეთ და ჩვენი ხალხი მაინც ჩვენს გვერდითაა! როგორ შეიძლება, ეს არ დააფასო? ამდენი ნაცნობი, ამდენი გულშემატკივარი, ამდენი თანამოაზრე და თანამებრძოლი მთელს საქართველოში – ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა! ახლა თიანეთში მივდივარ კონფერენციაზე. ვიცოდი, რომ ძალიან ცუდი გზაა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ბუნება საოცრად ლამაზია, განსაკუთრებით ცხვარიჭამიას მიდამოებში, მაგრამ ამ სილამაზეს თრგუნავს უკაცრიელობის, სიღატაკის განცდა, რომელიც გზადაგზა სოფლების დანახვისას გეუფლება. “პარტახი” - სხვა სიტყვას ვერ გამონახავ იმის დასახასიათებლად, რასაც ვხედავთ.
ოფისში ვბრუნდები. ჩვენები აბანოთუბანში, აქციაზე მიდიან. მე ვერ მივყვები, ისე გადამქანცა გზამ. ძველი თბილისი და, საერთოდ, ჩვენი ძველი ქალაქების ისტორიული უბნები სერიოზულ პრობლემად იქცა. საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა მოახდინო ძველი ურბანული ქსოვილის მოდერნიზაცია, არის დუბროვნიკი, საიდანაც ფიქრია და დათო აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. მე ვიყავი მაკედონიის საოცრად კოლორიტულ და საინტერესო ქალაქში – ოხრიდში, რომელიც ჩვენს სიღნაღს ჩამოჰგავს და იქაც ისე ჩატარდა ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციის სამუშაოები, შეგშურდება.
ტრადიციული საღამოა: ოჯახი, საქმეები, ტელევიზორი, ინტერნეტი და ამჯერად უკვე ერთი კვირის განმავლობაში - “‘თავისუფლების’ დღიური”...

12 მარტი, ხუთშაბათი
12 საათზე მე და დათო უსუფაშვილი NDI-ს და USAID-ის ხელმძღვანელებს ვხვდებით. საინტერესო საუბარი იყო. ვატყობ, რომ ალიანსის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ბევრი რამის საქმის კურსშიც არიან.
როგორც იქნა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან პასუხს ვეღირსეთ: გირგვლიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებულებს პრეზიდენტმა სასჯელი გაუნახევრა. თითქოს ამ ხელისუფლებისგან აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაინც ვერ ვმალავთ გაოცებასა და აღშფოთებას. ფიქრია სასწრაფოდ პრესკონფერენციას ატარებს და ამ ამბავს საზოგადოებას ვამცნობთ.
რუსკამ წინდების ყიდვა მთხოვა. სანამ სახლში წავალ, მაღაზიები დაიკეტება. ფიქრიას და მაია გეგიას მაცდუნებელ წინადადებას ვთავაზობ: წინდების საყიდლად „დანიურ სახლში“ გამყევით და მერე “მანგოშიც” შევირბინოთ-მეთქი. ქალი მაინც ქალია, თუნდაც პოლიტიკოსი, და ისინიც ამ ცდუნებას ვერ უძლებენ. რამდენი ხანია, არსად ვყოფილვართ. მოგვწონს “მანგო”, მაგრამ საჩვენოს ვერაფერს ვარჩევთ: რაც მოგვწონს, პატარა ზომებია, რაც ჩვენი ზომაა – არ მოგვწონს. მოკლედ, არ გაგვიმართლა.
სახლში გაზი არა გვაქვს, შესაბამისად - არც გათბობა. როცა ცივა, დისკომფორტს ვგრძნობ და არაფრის გაკეთება არ მინდა. იძულებული ვართ, ცოტა ადრე დავწვეთ. სიცივეში კომპიუტერთან ჯდომა არ მხიბლავს, ამიტომ ტრადიციას ვღალატობ: მარტო დღიურების საწერად ვჯდები კომპიუტერთან და საიტებზე არ დავძვრები. სამაგიეროდ, ჩავწვები ლოგინში და წავიკითხავ. ირაკლი ალასანიას უზარმაზარი ინტერვიუ მიუცია “24 საათისთვის” და პარტიაში წაკითხვა ვერ მოვასწარი. “‘თავისუფლების’ დღიურებსაც” გადავხედავ, უკვე ვეღარავინ მოახდენს გავლენას, რადგან ჩემი დღიურების წერას თითქმის მოვრჩი. ორი დღეღა დამრჩა.

13 მარტი, პარასკევი
ტრადიციული დილაა. ანა და რუსკა ისევ დილაუთენია მიდიან. ანა, ლექციების გარდა, რადიო “უცნობშიც” დადის სტაჟირებაზე და რაღაც უფრო გულმოდგინე და მონდომებული მეჩვენება. მოსწონს რადიოში ყოფნა. სამდურავი არ მეთქმის ანუკაზე, უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით მოეწყო, ჩემდა გასაოცრად ყველაფერში უმაღლესი ქულები მიიღო, მაგრამ მაინც მინდა, რომ უფრო მეტი იმუშაოს თავის თავზე. რუსკა მომავალ წელს აბარებს. ზარმაცობს, მაგრამ ასე მეგონა ანუკაზეც და აღმოჩნდა, რომ უმეცადინია ბავშვს. ღმერთმა ქნას, რუსკაც ასე იყოს, მაგრამ მე მაინც ვშიშობ.
საღამოს ალიანსის თათბირი გვაქვს. თბილისის რაიონების ოფისები უკვე ორშაბათიდან უნდა გავხსნათ, ჩვენი რაიონული აქტივების ჩამოყვანასაც ვგეგმავთ. მომავალი კვირიდან რაიონებში გასვლა უნდა დავიწყოთ. ქუთაისით ვიწყებთ. დათო ამბობს, ბარემ წყალტუბოშიც ჩავიდეთ და ჩვენი ნათლული ტყუპები ვინახულოთო. მე, ფიქრიას და დათოს სოფელ ქვილოშორში სამი ნათლული გვყავს, სამი ტყუპი ძმა: ანდრია, ლუკა და ნიკოლოზი. ორი წლის გახდებიან ზაფხულში. საოცარი დამთხვევა იყო: ორი წლის წინ ჩვენი დემოგრაფიული პროგრამის პრეზენტაცია გვქონდა და პარლამენტში გასატანი კანონპროექტი ქუთაისში გასაცნობად ჩავუტანეთ ჩვენს აქტივს. ზუსტად იმ დღეს ქუთაისის სამშობიაროში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი. სანახავად მივედით, მერე ბავშვებიც მოვნათლეთ. საოცარი ოჯახია!
თათბირიდან პანაშვიდზე მივდივარ: ჩემი მეგობრის, ნინო ხუციშვილის დედა გარდაიცვალა, დეიდა ანა, საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანი. უკვე გვიანია, რაღა დროს პანაშვიდია, მაგრამ ამ დროს ჩემი მისვლა არ უკვირთ, უკვე ყველა მიჩვეულია, რომ არანორმალური დღის რეჟიმი მაქვს.
გაზი მოსულა. სახლში თბილა. რაც გუშინ საღამოს ვიზარმაცე, დღეს უნდა ავანაზღაურო.
მაგარი იაღლიში მოუვიდა “რუსთავი 2”-ს: ეგონათ, 9 აპრილს კიტოვანის თბილისში ჩამოსვლის თემას ააგორებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ვინც იმ კაცს შეხედავდა, ნაკლებად დაიჯერებდა, რომ მას სამოქალაქო ომის გამოწვევა შეუძლია. ნეტავ, ვის თავში იბადება ასეთი იდეები?

14 მარტი, შაბათი
დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. სასაფლაოზე უნდა გავიდე აუცილებლად, ბავშვებიც უნდა წავიყვანო.
დღეს დღიური უნდა წავიკითხო რადიოში. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ჩანაწერები საჯარო იქნებოდა, მაგრამ ეს დღე რომ დადგა, ცოტა ავნერვიულდი. პოლიტიკოსი რომ არ ვიყო, კიდევ რა უჭირს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, ვიღაც ხელისუფლებას უჭერს მხარს, ვიღაც - ოპოზიციას. ხელისუფლების მომხრეებს ჩემი დღიური, ალბათ, გააღიზიანებს, მაგრამ მერაბივით, მათაც მომიტევონ – ეს ჩემი პოზიციაა და სხვანაირად არ შემიძლია. ეთერამდე ერთი საათი დარჩა. ოფისში ვზივარ და ვმუშაობ. წავიკითხავ დღიურს და დამთავრდა. გული მწყდება, რომ რაღაც უჩვეულო, დიდი ხნის წინ დავიწყებული და ხელახლა დაწყებული, ისევ დააკლდება ჩემს ცხოვრებას. რას იზამ...
XS
SM
MD
LG