Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციური რეფორმა, ზოგადად...


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მოწვევით, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვენეციის კომისიის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობდა. მათი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობის ადგილზე გაცნობა. შეხვედრების პირველი რაუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების წარმომადგენლებთან გაიმართა, მეორე რაუნდი კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებთან და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრას დაეთმო.

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებიცა და ვენეციის კომისიის წევრებიც საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობის პროცესზე საუბრისას მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ. ამის მიზეზად კი კომისიის პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სოსო ცინცაძე კონფიდენციალურობას ასახელებს. რაც შეეხება ზოგად შეფასებებს, მისი განცხადებით, სამუშაო შეხვედრებმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და, რაც მთავარია, ჯგუფებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის დემოკრატიულ სტანდარტებზე აისახება.

არსებულ კონსტიტუციაში ხარვეზების შესახებ საუბრით დაიწყო ბრიფინგი 4 თებერვალს, დილით, ვენეციის კომისიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ. მისი თქმით, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიღებულ კონსტიტუციაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი მოიძებნებოდა და მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა იყო. ბუკიკიოს განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეს ფაქტორი:

”ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელისუფლო გამიჯვნას - კერძოდ, საჭიროა მეტი ძალაუფლება ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გაიზარდოს პარლამენტის უფლებამოსილება, მეტი ავტონომია მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, სასამართლომ რეალურ დამოუკიდებლობას მიაღწიოს.”

გარდა აღნიშნულისა, ჯანი ბუკიკიომ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში საზოგადოების ფართოდ ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიას: ”თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი პოლიტიკური კულტურის მშენებლობას ქართულ საზოგადოებაში”, - ასე მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს. ჯანი ბუკიკიოს ზოგად კომენტარებს შორის საქართველოში პოლიტიკური კულტურის არარსებობა ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მისი განცხადებით, განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის იარსებებს, თუმცა ქვეყნის საკეთილდღეოდ აუცილებლად უნდა გამოინახოს კონსტრუქციული გზები.

ვენეციის კომისიის დელეგაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა უმასპინძლეს. ჯანი ბუკიკიომ სწორედ მათგან მოისმინა მოსაზრებები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, პრიორიტეტებისა და თავად კონსტიტუციის შესახებ. როგორც განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, შეხვედრის მსვლელობისას კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და მათ შორის უმთავრესი კონსტიტუციასთან დაკავშირებული დებატების ფართო განხილვის საგნად გადაქცევაა:

ვენეციის კომისიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეხვდნენ 4 თებერვალს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც. მათ ჯანი ბუკიკიოს საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის საკუთარი ხედვა გააცნეს. მათი ხედვა კი გამოკვეთილად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისაკენ იხრება. საზოგადოებრივი კომისიის წევრიზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ, დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, კომისიის ნამუშევარი ექსპერტიზას ვენეციაში გაივლის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ ზედმეტი კონკრეტიზაციისაგან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმაც თავი შეიკავა. მისი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ საჭიროა განხორციელდეს ეფექტური და შედეგიანი კონსტიტუციური რეფორმა.

როგორც ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა შემოდგომისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ კომისიას მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. მოგვიანებით თარიღმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადმოიწია, ამჯერად კი პროექტის საბოლოო ვარიანტის მიღება შემოდგომისთვის იგეგმება. ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც უკვე დასრულებულ ვარიანტს ვენეციის კომისია განიხილავს. ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაზე 1993 წლიდან მუშაობს.
XS
SM
MD
LG