Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო პოლიგონებად აქცევს?


რუსეთის დუმა
რუსეთის დუმა
რუსეთის დუმის მიერ რატიფიცირებულია პრეზიდენტ მედვედევის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტების მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმებები, რომელიც საზღვრების ერთობლივად დაცვას შეეხება. ამ შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას შორის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალები, შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურების ფორმირებამდე დარჩებიან. რუსული ძალები აკონტროლებენ აფხაზეთის აკვატორიასაც. თავის მხრივ, აფხაზური და ოსური მხარეები რუს მესაზღვრეებს უძრავი ქონებით, საჰაერო სივრცით, ასაფრენი ზოლებითა და კავშირგაბმულობის არხებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ.

რუსეთის დუმის მოქმედება საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო სამართლის, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებისა და ევროსაბჭოს რეზოლუციათა დარღვევად შეაფასეს. ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს და აგრესიის დაკანონებას ცდილობს. დავითაიამ მოითხოვა, რომ შექმნილი ვითარების გამო, პარლამენტმა ევროკავშირს საგანგებო მიმართვა გაუგზავნოს. სპეციალური განცხადების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საკუთარ სამხედრო პოლიგონად გადააქციოს. გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, დუმის გადაწყვეტილებას არანაირი იურიდიული და პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს და ისტორიის სანაგვეს ჩაბარდება.

რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს უახლოესი 2 წლის განმავლობაში 10 მილიარდი რუბლით დაეხმარება, ადგილობრივი ცენტრალური ბანკისთვის კი - 700 მილიონი რუბლის შეღავათიან კრედიტს გასცემს - ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მიიღო. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად მიიჩნევს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის კარგი სამართლებრივი ბაზის შექმნას და საზღვაო პორტებს შორის რეგულარულ მიმოსვლას. თავის მხრივ, ბაღაფშმა რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი ინფრასტრუქტურის და მომგებიანი ეკონომიკური მიმართულებების შექმნაა.
XS
SM
MD
LG